ახალი ამბები

მეჯვრისხევის საჯარო სკოლას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

17 დეკემბერი, 2016 • 3151
მეჯვრისხევის საჯარო სკოლას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

სოფელ მეჯვრისხევში მდებარე მეცხრამეტე საუკუნეში აგებულ საჯარო სკოლას, ჭავჭავაძეების სასახლის კომპლექსსა  და კიდევ სამ ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

სოფელ მეჯვრისხევის მოსახლეობა ისტორიული შენობისთვის სტატუსის მინიჭებას ითხოვდა. ამის მიზეზად სოფლის მცხოვრებლები იმას ასახელებენ, რომ შენობა, სადაც 1930-იანი წლებიდან სკოლაა განთავსებული, ჩიკოიძეების გვარმა ააშენა და მათი საცხოვრებელი სახლი იყო, თუმცა საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ ჩიკოიძეებს სახლი ჩამოართვეს. მას შემდეგ იქ სკოლა იყო განთავსებული 2016 წლამდე.

2016 წელს გორის მერიამ გადაწყვიტა სკოლის დემონტაჟი, რაც მოსახლეობის პროტესტმა შეაჩერა. მოსახლეობა აცხადებს, რომ სახლს აქვს სამდარბაზიანი მარანი, სადაც 15 ცალი 800-ლიტრიანი ქვევრია. შენობას ასევე აქვს 1,5 ჰა მიწის ნაკვეთი, რომელზეც 100-წლიანი ნარგავებია დარგული.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორის 9 დეკემბრის ბრძანების მიხედვით, სკოლას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ამავე ბრძანების მიხედვით, კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა სოხუმის საკათედრო ტაძარს, რომელიც 1915 წელსაა აშენებული.

ამავე ბრძანებაში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა ჭავჭავაძეების სასახლის კომპლექსს სოფელ ნაფარეულში, რომელიც XIX-XX საუკუნეების მიჯნაზეა აგებული. კომპლექსში შედის სასახლე, თავლა, სამაცივრე და მოსამსახურეთა საცხოვრებელი.

რაც შეეხება კიდევ ორ ეკლესიას, რომლებსაც ამავე ბრძანების მიხედვით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა, არის XII საუკუნის ბნელეთის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია, რომელსაც აქვს XIII ს-ის კედლის მხატვრობა და V – V I საუკუნეების დოლოჭოპის სამნავიანი ბაზილიკა.

მასალების გადაბეჭდვის წესი