ახალი ამბები

გოგა ხაინდრავას დაკითხვა 27 სექტემბერს განახლდება

26 სექტემბერი, 2012 •
გოგა ხაინდრავას დაკითხვა 27 სექტემბერს განახლდება

“დაკითხვა წყნარ ვითარებაში, კორექტულად წარიმართა. აინტერესებდათ ჩემი ურთიერთობა რეზო ლორთქიფანიძესთან. მე ვფიქრობ, რომ ეს დაფარული არაა. ოპოზიციურ პარტიებთან დაკავშირებით კითხვები, მე ვფიქრობ, რომ უადგილოა. იმიტომ, რომ არანაირი კავშირი არ მაქვს. ჩემი ცხოვრება არის ღია და დაუფარავი. მე არც ერთ პოლიტიკურ პარტიაში არასდროს არ ვყოფილვარ დაახლოებით 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების მერე, როდესაც  პროტესტის ნიშნად უარი ვთქვი სადეპუტატო მანდატზე.”- განაცხადა გოგა ხაინდრავამ “მაესტროსთან” ინტერვიუში   

 

გოგა ხაინდრავას დაკითხვა ზეგ გაგრძელდება. დაკითხვის პროცესი  ვაკის პოლიციის მთავარ სამართველოში 1 საათზე დაიწყება.  

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პროკურატურამ გაავრცელა მასალა, რომელიც საფრანგეთის ჟანდარმერიმ საქართველოს მხარეს გადასცა, როგორც ამას საქართველოს მთავარ პროკურატურაში აცხადებენ, მასზე ასახულია საქართველოს ყოფილი სახელმწიფო მინისტრის – გოგა ხაინდრავას შეხვედრა საფრანგეთში მცხოვრებ კრიმინალურ ავტორიტეტებთან.

პროკურატურის მიერ გავრცელებული მასალების მიხედვით, ქართველმა პოლიტიკოსმა კრიმინალურ ავტორიტეტებს დახმარება სთხოვა საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში, სანაცვლოდ კი ისინი “ვარდების რევოლუციამდე” არსებულ მდგომარეობას აღიდგენდნენ და ძველ გავლენას დაიბრუნებენ.

გავრცელებული მასალის მიხედვით, ქართული ოპოზიციური ძალა ქვეყანაში დესტაბილიზაციას, არეულობას და “მხედრიონის” მსგავსის აღდგენას გეგმავდა.

საქართველოს პროკურატურამ გოგა ხაინდრავა დაიბარა. გოგა ხაინდრავა სახელმწიფო მინისტრად კონფლიქტების მოგვარების საკითხში “ვარდების რევოლუციის” შემდეგ დაინიშნა და ეს თანამდებობა 2006 წლის ივლისამდე ეკავა. ამის შემდეგ ხაინდრავამ ოპოზიციის რიგებში გადაინაცვლა. ამჟამად ის “ამომრჩეველთა ლიგის” წევრია.  

მასალების გადაბეჭდვის წესი