ახალი ამბები

საფინანსო კომპანიის მმართველები 2 648 მეანაბრის თანხის გაფლანგვის ბრალდებით დააკავეს

16 დეკემბერი, 2016 • 32910
საფინანსო კომპანიის მმართველები 2 648 მეანაბრის თანხის გაფლანგვის ბრალდებით დააკავეს

დღეს, 16 დეკემბერს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის გავრცელებული ინფორმაციით, მოქალაქეთა კუთვნილი, განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის ჯგუფურად გაფლანგვის ბრალდებით, „საფინანსო კომპანია საქართველოს“ დირექტორი თამაზ ლობჟანიძე და ამავე კომპანიის ფაქტობრივი მმართველი, მერაბ ფერაძე დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით,  2013 წლის 14 აგვისტოს,  მერაბ ფერაძის ორგანიზებით, დარეგისტრირდა  ,,საფინანსო კომპანია საქართველო“.  საზოგადოების  საქმიანობას წარმოადგენდა  მოსახლეობისგან მაღალი საპროცენტო განაკვეთით თანხის  მიღება. კლიენტთა მოზიდვის მიზნით, ორგანიზაცია აქტიურად ეწეოდა სარეკლამო კამპანიას, რის საფუძველზეც არაერთმა მოქალაქემ ანაბრის სახით განახორციელა ფულადი   შენატანი.

გამოძიების ინფორმაციით, ,,საფინანსო კომპანია საქართველოს“ დირექტორმა  თამაზ ლობჟანიძემ, მერაბ ფერაძის ორგანიზებით, ნაცვლად იმისა, რომ ეწარმოებინა მომგებიანი საქმიანობა, არამიზნობრივად გახარჯა აღნიშნული თანხები – ყოველგვარი უზრუნველყოფისა და ეკონომიკური გათვლების გარეშე, გასცა სესხები როგორც თავად მერაბ ფერაძის სახელზე, ასევე  მის  საკუთრებაში არსებულ არამომგებიან საწარმოებზე.

საგამოძიებო სამსახურის ცნობით, სესხის სახით მერაბ ფერაძეზე გასცეს მეანაბრეთა მიერ შეტანილი 10 326 096 ლარი, 13 292 949 აშშ დოლარი და 796 136 ევრო, ხოლო შპს ,,განთიადზე“ – 382 324 ლარი და 108 300 აშშ დოლარი.

„საფინანსო კომპანია საქართველოსგან“ მიღებული თანხა მერაბ ფერაძემ არ დააბრუნა და გამოიყენა პირადი მიზნებისთვის, რის გამოც მშნიშვნელოვანი ფინანსური ზიანი მიადგა კომპანიის 2 648 მეანაბრეს და მათ მიერ კომპანიაში ანაბრის სახით შეტანილი თანხა ამ დრომდე დაუბრუნებელია. ამჟამად საფინანსო კომპანიის დავალიანება მეანაბრეთა მიმართ შეადგენს 76 000 000 ლარს, აცხადებს საგამოძიებო სამსახური.

გამოძიების ცნობით, დაყადაღებულია თამაზ ლობჟანიძის და მერაბ ფერაძის, მისი ოჯახის წევრების და ნათესავების უძრავი და მოძრავი ქონება, საწარმოთა წილები და ანგარიშები. ასევე ჩატარებულია სხვადასხვა საცხოვრებელ სახლსა და ოფისებში ჩხრეკები და აქტიურად მიმდინარეობს შესაბამისი მოქმედებები დამნაშავე პირთა მიერ შესაძლო გადამალული ქონებების აღმოჩენის მიზნით.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელით სახით ითვალისწინებს  7-დან 11 წლამდე პატიმრობას.

საფინანსო კომპანია საქართველო

მასალების გადაბეჭდვის წესი