ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სოხუმში აქცია დასრულდა – ოპოზიციის ლიდერებს თანამდებობები შესთავაზეს

16 დეკემბერი, 2016 • 1613
სოხუმში აქცია დასრულდა – ოპოზიციის ლიდერებს თანამდებობები შესთავაზეს

სოხუმში ოპოზიციური ძალების მიტინგის მიმდინარეობის დროს მისი ლიდერები დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტს, რაულ ხაჯიმბას ხვდებოდნენ. რამდენიმესაათიანი დახურული მოლაპარაკებების შემდეგ გაირკვა, რომ ოპოზიციის ორ ლიდერს ვიცეპრემიერისა და გენერალური პროკურორის თანამდებობები, დანარჩენებს კი პოსტები საკონსტიტუციო სასამართლოში და ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შესთავაზეს.

ამავე დროს, უახლოეს მომავალში აფხაზეთში უნდა შეიმუშაონ კანონპროექტი იმის შესახებ, რომ პრეზიდენტმა ვერ შეძლოს პარლამენტის თანხმობის გარეშე პრემიერის დანიშვნა ან დათხოვნა.

ოპოზიციური ძალების მასშტაბური მიტინგი სოხუმში გუშინ, 15 დეკემბერს დაიწყო და 16 დეკემბერს გვიან ღამით, 03:00 საათზე დასრულდა. აქციის მონაწილეები ოპოზიციის ლიდერისა და პრეზიდენტ ხაჯიმბას დახურულ კარს მიღმა მოლაპარაკებების შედეგებს რამდენიმე საათის განმავლობაში უცდიდნენ. მას შემდეგ, რაც მოლაპარაკებები აღნიშნული შედეგით დასრულდა, ოპოზიციის ლიდერებმა მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადეს და აქცია დაიშალა.

ოპოზიციის აქციის მიზანი პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას გადადგომა და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნა იყო, რაზეც ხაჯიმბამ კატეგორიული უარი განაცხადა და თქვა, რომ “ამ მოთხოვნის გარდა, მოლაპარაკება ყველაფერზე შეიძლება”.

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებისა და მისი პრეზიდენტისთვის მთავარი ამოცანა იყო პოლიტიკური სიტუაციის გამწვავების თავიდან არიდება. ოპოზიციის დაანონსებულ აქციამდე რამდენიმე დღით ადრე პრეზიდენტ ხაჯიმბასა და რუსეთის პრეზიდენტის შეხვედრის მთავარი თემაც აფხაზეთში შექმნილი პოლიტიკური სიტუაცია იყო. მაშინ პუტინმა ხაჯიმბას ულტიმატუმი წაუყენა – “თუ აფხაზეთში შიდაპოლიტიკური პროცესები გამწვავდება, ამან, შესაძლოა, ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობა გაართულოს”. პუტინის განცხადებიდან მეორე დღეს რუსმა სამართალდამცავებმა აფხაზური ოპოზიცის ერთ-ერთი ლიდერიც დააკავეს, თუმცა ოპოზიციისა და მათი მხარდამჭერების პროტესტის შემდეგ გაათავისუფლეს.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტში ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლები აქციამდე ერთი დღით ადრე, 14 დეკემბერსაც შეხვდნენ. აღნიშნული შეხვედრის შემდეგ პარლამენტის სპიკერმა ვალერი ბგანბამ განაცხადა, რომ ოპოზიციურ ძალებთან მოლაპარაკებაზე გასვლა შეძლეს, თუმცა წარმატებას ვერ მიაღწიეს – ოპოზიცია დაგეგმილ მასშტაბურ აქციას მაინც გამართავს.

სოხუმში აქცია დასრულდა; photo: sputnik

სოხუმში აქცია დასრულდა; photo: sputnik

მასალების გადაბეჭდვის წესი