ახალი ამბები

ვინ დააკომპლექტებს პატიმართა წამების საგამოძიებო კომისიას

25 სექტემბერი, 2012 • • 937
ვინ დააკომპლექტებს პატიმართა წამების საგამოძიებო კომისიას

 

გიორგი ტუღუში
გიორგი ტუღუში

კომისიის შექმნის გადაწყვეტილება გიორგი ტუღუშმა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შეათანხმა. 

“საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, სამოქალაქო სექტორის მაქსიმალური ჩართულობისა და გამჭვირვალობის პრინციპების გათვალისწინებით, მიზანშეწონილია შეიქმნას დროებითი საგამოძიებო ჯგუფი. საგამოძიებო ჯგუფი უფლებამოსილი იქნება, როგორც განცხადების საფუძველზე, ისე პრაქტიულად შეისწავლოს სასჯელაღსრულების სისტემაში არასათანადო მოპყრობის სავარაუდო ფაქტები და მოამზადოს შესაბამისი დასკვნები; საქმიანობის პროცესში ჯგუფი აღჭურვილი იქნება უფლებამოსილებით, გამოითხოვოს ინფორმაცია,  მიიღოს ახსნა-განმარტებები, როგორც სავარაუდო მსხვერპლისა და შესაბამისი მოწმეების, ისე სავარაუდო სამართალდამრღვევებისაგან; ჯგუფს უფლება ექნება, დროებითი ღონისძიების სახით, გამოძების დასრულებამდე მოითხოვოს საჯარო მოხელის საქმიანობის უფლების შეჩერება, თუკი დაადგენს, რომ მის ქმედებებში არის დანაშაულის ნიშნები,” – ეს განცხადება გიორგი ტუღუშმა საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.

ტუღუშის თქმით, ჯგუფის დასკვნები დანაშაულის ნიშნების თაობაზე გადაეცემა საქართველოს მთავარ პროკურატურას, რომელიც კანონით დადგენილი წესით, სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში, განახორციელებს სისხლისსამართლებრივ დევნას;

ჯგუფის დასკვნა საჯარო იქნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ეს ეწინააღმდეგება მსხვერპლის, დაზარალებულის ინტერესებს;

ტუღუშის ინფორმაციით, საგამოძიებო ჯგუფის წევრები იქნებიან: “პარლამენტის კომიტეტის წევრი, სასჯელაღსრულები მინისტრი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი, სახალხო დამცველის წარმომადგენელი, ადვოკატი, პროკურორი, რომლის მანდატშიც არ ყოფილა ამგვარი საქმეების წარმოება. შესაბამისი პროფილის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, საგამოძიებო კონსულტანტის რანგში მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო ექსპერტები. ჯგუფი გადაწყვეტილებებს მიიღებს სხდომაზე, შინაგანაწესით განსაზღვრული წესით.“

მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ საგამოძიებო ჯგუფი შეიქმენება 10 დღის ვადაში და უზრუნველყოფილი იქნება მისი მანდატის ადეკვატური მატერიალური და ტექნიკური რესურსით, ყველა ხარჯი ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

მასალების გადაბეჭდვის წესი