“21 სექტემბრიდან 24 სექტემბრამდე პერიოდში პოლიციისთვის დაუმორჩილებლობის მოტივით, ადმინისტრაციული წესით დაკავების 23 შემთხვევა დაფიქსირდა. დაკავებულთა ნაწილი ოპოზიციური პოლიტიკური ძალის – „ქართული ოცნების“ წარმომადგენლი ან/და მასთან დაკავშირებული პირია”, – აღნიშნავს საია.
“ბოლო დღეების განმავლობაში დაკავებული პირების “ქართულ ოცნებასთან“ კავშირი საია-ს დაუდასტურა კოალიციის ერთ–ერთმა წარმომადგენელმა, რომელმაც აღნიშნა, რომ დაკავებულები კოალიციის კოორდინატორები და მობილური ჯგუფების წევრები არიან. მათ შორის: 21 სექტემბერს დაკავებული დავით ფაცაცია და 23 სექტემბერს დაკავებული კახაბერ ჟორჟოლიანი. დაკავებულებს შორის, ასევე, არიან ბოლო პერიოდში საპროტესტო აქციებში აქტიურად ჩართული პირები, კერძოდ, 22 სექტემბერს დაკავებული დაჩი ცაგურია და ბექარ ალადოშვილი, რომელთა ინტერესებს სასამართლოში საიას წარმომადგენელი იცავდა”, – ნათქვამია განცხადებაში.
საია–ს დაკვირვებით, შსს–ს მიერ უკანასკნელი დღეების განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაცია იდენტურ გარემოებებში, პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევისა და შეურაცხყოფის მიყენების მოტივით პირთა დაკავების შესახებ, რამაც გარკვეული ეჭვები გააჩინა.
“გავრცელებული ინფორმაცია მიუთითებდა, რომ გარკვეული პირების მხრიდან, ერთ კონკრეტულ დღეს, ადგილი ჰქონდა, ანალოგიურ გარემოებებში ერთი და იგივე სამართალდარღვევის ჩადენას, კერძოდ, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევაზე პოლიციის რეაგირების შემდეგ, მათთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას. დროის მცირე მონაკვეთში, გარემოებებისა და დარღვევის ხასიათის არსებითი დამთხვევები ქმნის ეჭვებს გავრცელებული ფაქტებისა და პოლიციის მიერ გამოყენებული ზომების პოლიტიკურ მოტივაციებთან დაკავშირებით. კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა საიას-თან დაადასტურა, რომ აღნიშნული საფუძვლით, 23 სექტემბერს, დაკავებულ იქნენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, მათ შორის, ზვიად იმერლიშვილი და ილია ქელეხსაშვილი”, – აღნიშნულია “საია”–ს განცხადებაში.
ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ განსაკუთრებულად სახიფათოა ის გარემოება, რომ ასეთ ვითარებაში სასამართლო ვერ ასრულებს მაკონტროლებლისა და ადამიანის უფლებათა დაცვის გარანტის ფუნქციას.
“სასამართლო ძალოვანი უწყებების მიმართ გამოვლენილი სრულიად დაუსაბუთებელი ნდობითა და ლოიალურობით, აფერხებს მართლმსაჯულების სათანადო განხორციელებას, რაც პრაქტიკულად უკონტროლოსა და თვითნებურს ხდის ადმინისტრაციული წესით პირთა დასჯის შემთხვევებს. აღნიშნული თავისთავად ცხადია,
ვერ ქმნის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის მექანიზმის პოლიტიკური ნიშნით გამოყენების პრევენციასაც”, – აცხადებს “საია” და აღნიშნულის საილუსტრაციოდ ბოლო დროს დაკავებულთა სასამართლო პროცესები მოჰყავს.
“საია დაცვის უფლებას ახორციელებდა დავით ფაცაციას, დაჩი ცაგურიასა და კახაბერ ჟორჟოლიანის საქმეებზე. არც ერთ ამ საქმეში სასამართლომ დაცვის მხარეს არ მისცა მოწინააღმდეგე მხარისთვის შეკითხვების დასმის უფლება, რამაც მნიშვნელოვნად შეზღუდვა დაცვის უფლების განხორციელება. ამ საქმეებში, მოწმის სახით პოლიციელის დაკითხვის გარდა, სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებული არ იქნა დაცვის მხარის მიერ დაყენებული არცერთი შუამდგომლობა მოწმეთა დაკითხვის შესახებ. სასამართლომ ასევე უარი განაცხადა შემთხვევის ადგილას არსებული და სავარაუდოდ მნიშვნელოვანი მტკიცებულების შემცველი, ვიდეო ფირებისა და სხვა ტიპის ჩანაწერების ამოღებასა და განხილვაზე. ამგვარ ქმედებებთან ერთად, სასამართლოს მიერ გამოვლენილმა პასიურობამ პოლიციელების მხრიდან დაფიქსირებულ წინააღმდეგობებსა და შეუსაბამობებზე, კიდევ უფრო გაამძაფრა ეჭვები, ამ საქმეებში, ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენების მოტივაციასა და ინტერესზე”, – ნათქვამია განცხადებაში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, “საია” კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველა რელევანტურ უწყებას უარი თქვან, ადამიანის უფლებებთან წინააღმდეგობაში მყოფი მექანიზმის გამოყენებაზე. საია განსაკუთრებულად მიმართავს სასამართლო ხელისუფლებას და მოუწოდებს მას, არ დაუშვას პირის თავისუფლების თვითნებური, დაუსაბუთებელი და უკანონო აღკვეთა და უზრუნველყოს საქმის სამართლიანი განხილვა სრული ნეიტრალიტეტის საფუძველზე.