ახალი ამბები

სახალხო დამცველი: ბათუმის #3 დაწესებულებაში ამჟამად სიმშვიდეა

25 სექტემბერი, 2012 • 901
სახალხო დამცველი: ბათუმის #3 დაწესებულებაში ამჟამად სიმშვიდეა

სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, პატიმრები ამბობენ, რომ  მათ მიმართ ბოლო დღეების განმავლობაში არასათანადო მოპყრობის ფაქტებს, ან რაიმე სახის ზეწოლას და შეურაცხყოფას, თუნდაც სიტყვიერს, ადგილი არ ჰქონია.

 

მსჯავრდებულები ითხოვენ ტელეფონის აპარატების დამონტაჟებას. მონიტორინგის  ანგარიშში  აღნიშნულია, რომ ტელეფონების პრობლემა რამდენიმე წელია აქტუალურია ბათუმის #3 დაწესებულებაში და ამ საკითხს სახალხო დამცველი მუდმივად აყენებდა ანგარიშებში. 

 

სახალხო დამცველის აპარატისა და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლებმა მონიტორინგი ბათუმის N3 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 2012 წლის 23 სექტემბერს განახორციელეს, სადაც მოინახულეს ყველა საკანში განთავსებული
პატიმარი.

 

მონიტორინგის ფარგლებში პატიმრებმა საიას და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებს პატიმრებმა აცნობეს, რომ მიმდინარეობს რიგგარეშე პაემნები. მონიტორინგის დროს არც ერთი პატიმარი არ იმყოფებოდა სამარტოო საკანში, ხოლო საკარანტინე საკანში შეტანილია ახალი ლეიბები. 

 

სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, 2012 წლის 20 სექტემბერს თერთმეტმა პატიმარმა გამოაცხადა შიმშილობა, რომელიც გაგრძელდა 23 სექტემბრამდე. პატიმრების განცხადებით, მათ მითითებული პროტესტის ფორმით სოლიდარობა გამოუცხადეს წამების მსხვერპლ მსჯავრდებულებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი