1. კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებთან ინტერვიუს ჩაწერა დასაშვებია მხოლოდ კენჭისყრის შენობის გარეთ. კომისიის წევრების მიერ ინტერვიუების მიცემა უნდა განხორციელდეს კენჭისყრის პროცესში მისთვის განკუთვნილი მოვალეობების შესრულების შეფერხების გარეშე.
2.დაუშვებელია კენჭისყრის შენობაში კენჭისყრის კაბინის ფოტოვიდეოგადაღება.
3. კენჭისყრის შენობაში დაუშვებელია ნებისმიერი ფორმით ისეთი ინფორმაციისა თუ მასალის გადაღება, რომელიც საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით საჯარო ინფორმაციას არ განეკუთვნება, მათ შორის ამომრჩეველთა სიების საარჩევნო კომისიისთვის განკუთვნილი (სამაგიდო) ვერსია.
4. ფოტოვიდეოგადაღება კენჭისყრის შენობაში უნდა წარმოებდეს კომისიის თავმჯდომარის მიერ გამოყოფილი სპეციალური ადგილებიდან, საიდანაც ჩანს საარჩევნო პროცესი.
5. მინიმალური მანძილი ნებისმიერი პირისთვის ვფოტოვიდეოგადასაღებად უნდა იყოს არანაკლებ 3 მეტრით დაშორებული გადაღების სუბიექტიდან/ობიექტიდან.
6. ერთიდაიგივე პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებას უფლება აქვს, ერთ საარჩევნო უბანზე კენჭისყრის პროცესის განმავლობაში ფოტოვიდეოგადაღება ერთხელ აწარმოოს არაუმეტეს 10 წუთისა. თუ აღნიშნულ წარმომადგენელს აქვს სურვილი, ფოტოვიდეოგადაღება აწარმოოს 10 წუთზე მეტი ხნის განმავლობაში, მაშინ ის ვალდებულია დაიკავოს კენჭისყრის შენობაში გამოყოფილი სპეციალური ადგილი.
7. კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებს შეუძლიათ კენჭისყრის მთელი დღის განმავლობაში აწარმოონ ფოტოვიდეოგადაღება იმგვარად, რომ სტაციონალური ვიდეოგადამღები აპარატი იმყოფებოდეს კომისიის თავმჯდომარის მიერ განსაზღვრულ ადგილზე. ადგილი იმგვარად უნდა იყოს შერჩეული, რომ ჩანდეს საარჩევნო ყუთი.
8. იმ შემთხვევაში, თუკი კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირი კამერით გადაადგილდება ან ტოვებს კენჭისყრის შენობას, კარგავს ფოტოვიდეოგადაღების წარმოების უფლებას.
აღნიშნული წესებიდან მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებში ყველაზე დიდი პროტესტი ბოლო შეზღუდვამ გამოიწვია.
დადგენილებას არ ეთანხმება სხდომის წევრი, კონსერვატიული პარტიის წარმომადგენელი ნინო გოგუაძე:
“თუკი ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ კანონი უნდა იყოს დაცული და დაშვებული უნდა იყოს ფოტოვიდეოგადაღება, როგორც კენჭისყრის პროცესში, ასევე ხმების დათვლისას, მაშინ ზემოთ აღნიშნული რეგულაციების მიღების საჭიროება საერთოდ არ უნდა დამდგარიყო. ამ რეგულაციების მიხედვით, თუკი ადამიანს გაიყვან უბნის გარეთ ინტერვიუს ჩასაწერად, შენ ვეღარ შემობრუნდები უბანზე და ვეღარ გააგრძელებ გადაღებას. გაუგებარია, რა საჭიროა ამ რეგულაციის მიღება, თუ არა იმისთვის, რომ საარჩევნო პროცესი იყოს ნაკლებად გამჭვირვალე”, – განაცხადა ნინო გოგუაძემ. ის, პარტია “მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს” წევრის ლევან მაისურაძის გარდა, ერთადერთი იყო, ვინც დადგენილების მიღებას ხმა არ მისცა.
დადგენილების მიღებას ხმა მისცეს სხდომის დანარჩენმა წევრებმა: დავით კირთაძემ, გიზო მჭედლიძემ, თამაზ შარმანაშვილმა, კონსტანტინე კირვალიძემ, იოსებ თათარაშვილმა, ვალერი ჭელიძემ (პარტია “ევროპელი დემოკრატები”) გოჩა ჯოჯუამ (“ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობა”) დავით გურგენიძემ (“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”) გრიგოლ ფარესიშვილი (“ქრისტიან დემოკრატიული სახალხო პარტია”). სხდომას არ ესწრებოდა ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენელი გიორგი მთვარელიძე.
ცესკოს დადგენილებით მიღებული წესები არ ვრცელდება მაღალი საზოგადოებრივი ინტერესების მქონე ამომრჩევლების გადაღების პროცესში, თუმცა მათთვის კითხვების დასმა საარჩევნო უბანზე ყოფნისას არ შეიძლება.
რეგულაციები ასევე არ ვრცელდება მობილურით ან ფარულად ჩაწერის შემთხვევაში.
კომისიის წევრების განცხადებით, აღნიშნული წესების დაცვას სხდომის თავმჯდომარე გააკონტროლებს, დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში ის ზომებს სხდომის წევრებთან შეთანხმებით მიიღებს. კომისიის წევრების განცხადებით, სხდომის თავმჯდომარეებს და წევრებს აღნიშნული რეგულაციების შესახებ ინფორმაცია და ცესკოს დადგენილება წინასწარ მიეწოდებათ.








