14 დეკემბერს Spacehall-ის ექსპერიმენტული სივრცე შვედურ მუსიკალურ ჯგუფს, The Radio Dept.-ს დაეთმო.
“ამგვარი ენთუზიაზმით სავსე აუდიტორია ძალიან დიდი ხანია არ გვყოლია,” – ასე შეაფასა ბენდის სოლისტმა იოჰან დანკანსონმა თბილისში შეკრებილი მსმენელი.
1995 წელს სკოლის მეგობრების მიერ დაფუძნებული ბენდი წლებია წარმატებით ახერხებს მუსიკის კრიტიკოსთა და მელომანების გულების მონადირებას. მათი სადებიუტო ალბომი Lesser Matters, რომელიც 2003 წელს გამოვიდა, საერთაშორისო მუსიკალური მედიის ყურადღების ცენტრში მალევე მოექცა. ცნობილმა ბრიტანულმა მუსიკალურმა გამოცემამ, NME-მ ალბომს 10-დან 10 ქულა დაუწერა.
2006 წელს ბენდის მუსიკა კინორეჟისორმა სოფია კოპოლამ თავის ფილმში “მარია ანტუანეტაში” გამოიყენა. იმავე წელს გამოვიდა ფილმი და ჯგუფის ახალი ალბომი Pet Grief, რითაც მათი პოპულარობა კიდევ უფრო გაიზარდა.
ბენდი საქართველოში პროექტ “მუზამეს” მოწვევით ჩამოვიდა. ორგანიზატორებმა მათი მუსიკა რამდენიმე მიზეზით გამოარჩიეს: “The Radio Dept. ცნობილია მრავალფეროვანი ინსტრუმენტალური მუსიკით, მუსიკასთან შერწყმული ვოკალ-პარტიებითა და მწვავე, ანტიფაშისტური პოლიტიკური ტექსტებით, რომლითაც ისინი არაერთხელ დაუპირისპირდნენ პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლებს, მათ შორის შვედეთის პრემიერმინისტრს.”
2015 წელს ბრიტანულმა გამოცემამ The Guardian-მა ბენდის წევრებს “საკულტო გმირები” უწოდა. ჯგუფის ბოლო ალბომი Running Out of Love 2016 წლის ოქტომბერში გამოვიდა.
შოუს დროს ბევრს არ ლაპარაკობენ, მხოლოდ სიმღერების სახელებს თუ გამოაცხადებენ. დანკინსონი ამბობს, რომ ეს მათი სიმორცხვის ბრალია და სათქმელს მუსიკით უკეთ გადმოსცემენ.
თბილისში The Radio Dept-მა გულშემატკივრებისათვის დაუკრა როგორც ახალი, ისე ძველი ცნობილი კომპოზიციები. შოუს დასრულების შემდეგ, Spacehall-ში შეკრებილი მსმენელის თხოვნით, ბენდმა დამატებით რამდენიმე სიმღერა შეასრულა.
სცენაზე შვედი მუსიკოსების გამოჩენამდე, მსმენელს ქართულმა ბენდმა Lady Heroine-მა შესთავაზა რამდენიმე კომპოზიცია.