საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და მთავრობის სხვა ხელმძღვანელმა პირებმა სასჯელაღსრულების სისტემაში თანამშრომლების მხრიდან პატიმრების წამების ამსახველი ვიდეომასალის გავრცელების შემდეგ არაერთხელ აღნიშნეს, რომ წესიერი თანამშრომლების შერჩევის პრობლემა ამ სისტემაში არსებული დაბალი სახელფასო განაკვეთებით იყო განპირობებული.
ერთ-ერთი პირველი საკითხი, როდესაც პენიტენციური სისტემის რეფორმა დაიწყო საქართველოში, სწორედ თანამშრომლების შერჩევასა და მათთვის მაღალი საშუალო სახელფასო განაკვეთის დადგენა გახლდათ. ამისთვის ჯერ კიდევ 2006-08 წლებში 94 მილიონზე მეტი დაიხარჯა. პენიტენციური სისტემისთვის კვალიფიციური კადრების მოსამზადებლად 2012 წლის ბიუჯეტით 930 ათასი ლარია გამოყოფილი.
თანხები იყო გამოყოფილი საპატიმრო დაწესებულებების ხელმძღვანელი პირების მივლინებისთვის, ევროპულ ქვეყნებში დასავლური მენეჯმენტის თანამედროვე პრინციპების და მეთოდოლოგიის შესწავლის მიზნით, რაზეც 2006-07 წლებში 72 ათასი ლარი დაიხარჯა. ამავე პერიოდში თითქმის 300 ათასი ლარი გამოიყო აღნიშნული სისტემაში საერთაშორისო ექსპერტების მოწვევისთვის.
გადამზადებისა და მივლინებების მიუხედავად, სწორედ სასჯელაღსრულების სისტემის მაღალჩინოსნები და თანამშრომლები მონაწილებდნენ პატიმრების წამებასა და არადამიანურ მოპყრობაში, რომელთაგან ამ დროისთვის მხოლოდ 11 პირია დაკავებული.
საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პენიტებციური სისტემის ჩამოყალიბებისთვის 100 მილიონზე მეტი გამოიყო 2012 წლის ბიუჯეტში.
პატირების წამების ამსახველი ვიდეომასალის გავრცელების შემდეგ სასჯელაღსრულების მინისტრად ყოფილი ომბუდსმენი გიორგი ტუღუში დაინიშნა, რის შემდეგაც მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ციხეში შესვლის და პატიმრებთან გასაუბრების საშაულება მიეცათ. პატიმრები წამებისა და არადამიანური მოპყრობის გარდა, საუბრობენ ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის პრობლემებზე.
როგორც გაირკვა, ის პატიმრებიც კი, რომლებიც გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას საჭიროებენ, სამედიცინო დაწესებულებებში მხოლოდ ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შემდეგ გადაჰყავთ.
თუმცა 2012 წლის პენიტენციური სისტემის სამედიცინო დეპარტამენტის ბიუჯეტით ჩანს, რომ 2004 წლის ბიუჯეტს 70-ჯერ აღემატება და 7 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს.
გარდა ამისა, ხელისუფლებამ პატიმართა ჯანდაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით 2011–2013 წლების სტრატეგიაც დაგეგმა, რომლის მთავარი მიზანი იყო, პატიმრების ჯანდაცვა არ ყოფილიყო განსხვავებული სამოქალაქო ჯანდაცვისგან, არ ყოფილიყო დისკრიმინაციული და მაქსიმალურად ადამიანის უფლებების დაცვისკენ ყოფილიყო მიმართული. ამ მიზნით, დიდი იყო საერთაშოროსო ორგანიზაციების (განსაკუთრებით, ევროპის საბჭოს) ჩართულობაც, მათ შორის ფინანსური კუთხით.
როგორც ირკვევა, არც სახელმწიფო სტრატეგიამ და არც იმ ფულადმა რესურსმა, რომელიც წლების მანძილზე პატიმართა ჯანდაცვის კუთხით მიემართებოდა, შედეგი ვერ აჩვენა. ახალი მინისტრი აცხადებს, რომ პენიტენციური ჯანდაცვა “სრულ რეფორმირებას დაექვემდებარება და აღებული იქნება საუკეთესო მოდელები იმისთვის, რომ ადამიანის პატივისცემასა და ღირსებაზე ორიენტირებული სისტემა ჩამოყალიბდეს, გაუმჯობესდეს პატიმართა ყოფითი პირობები.
გარდა ამისა, მინისტრის განაცხადით, პენიტენციური ჯანდაცვა სრულ რეფორმირებას უნდა დაექვემდებაროს, მოწესრიგდეს პაემნების სისტემა, გაცილებით კარგი სამუშაო პირობები ჰქონდეთ ადვოკატებს მუშაობისთვის და მინიმუმამდე დავიდეს თანამშრომელთა კვალიფიკაციის პრობლემები.