ეროვნული ბანკი: ბოლო პერიოდში გაძლიერდა საგარეო შოკების გადმოცემა საქართველოზე

საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებით, ბოლო პერიოდში გაძლიერდა საგარეო შოკების გადმოცემა საქართველოს ეკონომიკაზე, ხოლო დოლარის გლობალური გამყარება, ევროსა და თურქული ლირის გაუფასურება, მოლოდინებითა და სავაჭრო არხებით აისახა აშშ დოლარის მიმართ ლარის გაცვლით კურსზე.

ეროვნული ბანკის განცხადებით, მეორე მხრივ, პოზიტიური ტენდენციები გამოიკვეთა ექსპორტის მიმართულებით: “ბოლო თვეების განმავლობაში საქონლის ექსპორტი წლიურად იზრდება. ასევე ზრდის ტენდენცია ნარჩუნდება ტურისტული შემოსავლებისა და ფულადი გზავნილებიდან.”

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2016 წლის 14 დეკემბერს მიიღო გადაწყვეტილება პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად დატოვების შესახებ. ეროვნული ბანკის განცხადებით, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 6.5 პროცენტს შეადგენს.

“გადაწყვეტილება მიღებულია მაკროეკონომიკური პროგნოზის გათვალისწინებით, რომლის მიხედვითაც, საშუალოვადიან პერიოდში ინფლაციაზე მოთხოვნის მხრიდან მოქმედი ფაქტორები სუსტია. თუმცა, ბოლო პერიოდის საგარეო შოკების გადმოცემისა და აქციზის გადასახადის დაგეგმილი ზრდის შედეგად, მოსალოდნელია ფასების ერთჯერადი ზრდა, მაგრამ ამ ფაქტორს ინფლაციური მოლოდინების შეზღუდვის პირობებში მხოლოდ მოკლევადიანი გავლენა ექნება ინფლაციის მაჩვენებელზე. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ეროვნული ბანკი მიზანშეწონილად მიიჩნევს პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად შენარჩუნებას მოკლევადიან პერიოდში. ამასთან, ეროვნული ბანკი მომავალი გადაწყვეტილებებისთვის გაითვალისწინებს ინფლაციის მოლოდინის განმსაზღვრელი ფაქტორების დინამიკას,” – ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

რაც შეეხება მიმდინარე პერიოდს, ეროვნული ბანკის განცხადებით, ბოლო თვეების მანძილზე წლიური ინფლაცია ნულოვან ნიშნულთან ახლოსაა და ნოემბერში 0.2 პროცენტი შეადგინა:

“დაბალი ინფლაციის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი, საერთაშორისო ბაზრებზე სასაქონლო ჯგუფებზე წინა პერიოდებში შემცირებულ ფასებთან ერთად, სუსტი ერთობლივი მოთხოვნაა. მიმდინარე წელს ეროვნულმა ბანკმა დაიწყო გამკაცრებული პოლიტიკიდან ეტაპობრივი გამოსვლის პროცესი, რის შედეგადაც შემცირდა სესხებზე საპროცენტო განაკვეთები და გაიზარდა ლარით გაცემული სესხები, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია მოთხოვნის სტიმულირებისთვის.”

საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებით, ისინი მომავალშიც დააკვირდებიან მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს და გამოიყენებენ მათ ხელთ არსებულ ყველა საშუალებას ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2017 წლის 25 იანვარს გაიმართება.

ეროვნული ბანკის ოფიციალური გაცვლითი კურსით, ხვალიდან ლარი დოლარის მიმართ უმნიშვნელოდ  (0.0005 პუნქტით), ხოლო ევროს მიმართ თითქმის ერთი თეთრით (0.0079 პუნქტით) გაუფასურდება. ეროვნული ბანკის ცნობით, 15 დეკემბერს ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.6604 ლარი იქნება, ხოლო ერთი ევრო 2.8301 ლარი ეღირება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.