ახალი ამბები

პარლამენტთან ავტომობილისა და საწვავის აქციზის ფასის გაძვირების ინიციატივა გააპროტესტეს

14 დეკემბერი, 2016 • 2184
პარლამენტთან ავტომობილისა და საწვავის აქციზის ფასის გაძვირების ინიციატივა გააპროტესტეს

ქუთაისში, პარლამენტის შენობასთან  ავტომოყვარულებმა, ავტომობილების იმპორტიორებმა, დილერებმა და სხვა  მოქალაქებმა აქცია გამართეს და ავტომობილებზე, საწვავსა და სხვა ნავთობპროდუქტებზე აქციზის გაძვირების ინიციატივა გაპროტესტეს.

აქციის ერთ-ერთი მონაწილე გივი სურგულაძე ამბობს, რომ  ისინი ქვეყნის მოქალაქეები არიან და მათი აზრი ხელისუფლებამ  უნდა გაითვალისწინოს:

აქციზის ფასის გაზრდას ვაპროტესტებთ საწვავზე და ავტომობილზე. ფუფუნების საგნად აქცევენ ავტომანქანას, რაც ჩვენ ყოველდღიურად გვჭირდება, რადგან ლუკმაპური შეგვაქვს ავტომანქანებით შრომით ოჯახში. საწვავის გაძვირება ყველა პროდუქტის გაძვირებას გამოიწვევს. თუ ყურადღებას არ მოგვაქცევენ და არ დაგველაპარაკებიან, შემდეგ, ალბათ, უფრო მკვეთრი აქციები იქნება და შეიძლება გზების გადაკეტვასაც არ მოვერიდოთ.”

აქციის მონაწილეებთან შესახვედრათ მმართველი გუნდის არცერთი წევრი მივიდა, თუმცა ავტოიმპორტიორების პრეტენზიების პარლამენტში გაჟღერება ენმ–ის ლიდერს გიგა ბოკერიას თხოვეს.

“გვინდა, რომ ასეთი რაღაც გადასცეთ: ყველაფერი, რასაც ვაკეთებდით, იყო კანონის ფარგლებში. არანაირი კანონი არ დაგვირღვევია დღემდე. თუ გააგრძელებენ ამის განხილვას და მიიღებენ პარასკევს, მერე მივმართავთ რადიკალურ ზომებს – არ გამოვრიცხავთ გზების პარალიზებას,” – უთხრეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ–ერთ ლიდერს ავტოიმპორტიორების საპროტესტო აქციაზე.

როგორც ბოკერიამ აქციის მონაწილეებთან შეხვედრისას განაცხადა, ის მთლიანად იზიარებს იმას, რომ მთავრობა დისკომფორტს უქმნის მთელ ქვეყანას და არასწორი ნაბიჯებით ის აზარალებს არამხოლოდ ავტოიმპორტიორებს.

“თქვენ ხართ მსხვერპლი ამის, სამწუხაროდ. ჩვენ ახლაც და პარასკევამდეც ყველაფერს გავაკეთებთ ამის წინააღმდეგ და მათ ეცოდინებათ პოლიტიკური ფასი. ჩვენ ბოლომდე დავდგებით იმ პოზიციაზე, რაზეც ვიდექით ერთი წლის წინაც,” – განუცხადა გიგა ბოკერიამ ავტოიმპორტიორებს ქუთაისში პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე.

ავტოიმპორტიორები მიიჩნევენ, რომ მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროტექტი, მათ ბიზნესს ძალიან დააზარალებს და კომპანიებს მოუწევთ თანამშრომლების განახევრება, ხოლო იაპონური ოფისები საერთოდ დაიხურება. ისინი მმართველი გუნდის წევრებს მიმართავენ, რომ როგორ აქტიურადაც დადიოდნენ მოსახლეობასთან სალაპარაკოდ წინასაარჩევნოდ, ასევე გავიდნენ ავტოიმპორტიორებთან და ესაუბრონ მათ.

აქცია პარლამენტთან

აქციაზე ასევე იმყოფებოდა ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაცია „ჰაბ ჯორჯიას” აღმასრულებელი დირექტორი ვასო ურუშაძე. მისი თქმით, ფინანსთა სამინისტრო ცდილობს, საზოგადოება შეიყვანოს შეცდომაში, როცა ამბობს, რომ  ეკოლოგიაზე და ადამიანების ჯანრმთელობის დაცვის მიზნით ძვირდება აქციზი:

“მივმართავთ პარლამენტის წევრებს, რომ მხარი არ დაუჭირონ ამ ტყუილს. გამობრძანდნენ პარლამენტარები გარეთ და დაგველაპარაკონ.”

პარლამენტში მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტით,  ძვირდება მარცხენა და მარჯვენასაჭიანი [სამჯერ] ავტომობილების, საწვავის  და საავტომობილო ზეთის აქციზის გადასახადი, რაც ავტომატურად გამოიწვევს  ავტომანქანების გაძვირებას.  ხოლო მაღალშემოსავლიან ოჯახებს ავტომობილზე ქონების გადასახადი უწესდებათ. პროექტს დღეს, 14 დეკემბერს პირველი მოსმენით განიხილავენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი