“ნატოში შესვლის სანაცვლოდ, ალბათ, ჩვენ უარი უნდა ვთქვათ ჩვენს დაკარგულ ტერიტორიებზე, რადგან ტერიტორიული კონფლიქტების მქონე ქვეყანას ჩრდილოატლანტიკური ალიანსი თავის რიგებში არ შეიყვანს. მგონი, არავის აქვს ილუზია, რომ ნატო თავის პრინციპებს გადაუხვევს საქართველოს გამო! ამიტომ უნდა დავფიქრდეთ! მე არ მინდა, წარმოვიდგინო ჩემი სახელმწიფოს ხელმძღვანელი, რომელიც უარს იტყვის აფხაზეთსა და სამაჩაბლოზე ნატოში ინტეგრაციის სანაცვლოდ”, – ეს ციტატა გენერალ ვლადიმერ იმნაძეს ეკუთვნის 2009 წელს საქინფორმისთვის მიცემულ ინტერვიუში.
ვლადიმერ იმნაძე პრემიერ-მინისტრის მიერ გამოცემული ბრძანების საფუძველზე ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე 7 დეკემბერს დაინიშნა.
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ანტიდასავლური ძალების მიერ გავრცელებული პროპაგანდისტული მესიჯების წინააღმდეგ ბრძოლის სურვილი საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ არაერთხელ ყოფილა დეკლარირებული. მოსაზრება იმის შესახებ, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანება შეუძლებელია, სანამ მისი რეგიონები ოკუპირებულია, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მითია, რომელიც თავის დროზე არაერთ პოლიტიკოსს აქვს ტირაჟირებული, მათ შორის, მმართველი გუნდიდან. ამ კონკრეტული მოსაზრების შესახებ განმარტება მომზადებული აქვს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტს:
“სინამდვილში NATO მყარად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ალიანსის პოზიციით, ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი წარმოადგენს საქართველოს განუყოფელ ნაწილებს. NATO მოუწოდებს რუსეთს, გააუქმოს გადაწყვეტილება საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის – დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების შესახებ და გაიყვანოს თავისი სამხედრო ძალები საქართველოდან. საქართველოს NATO-ში გაწევრიანებით უზრუნველყოფილი იქნება უსაფრთხო და სტაბილური გარემო, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ინვესტიციების შემოსვლას და ქვეყნის სტაბილურ ეკონომიკურ აღმავლობას. აღნიშნული პროგრესი დაეხმარება საქართველოს, რომ ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მისი მოქალაქეებისათვის მიმზიდველ ქვეყანა გახდეს”, – ნათქვამია ზემოხსენებულ განმარტებაში.
აქვე ამ საკითხზე მომზადებული მეორე სამართლებრივი განმარტება sknews.ge-ის ვებგვერდიდან:
“სინამდვილეში, ნატოში გაწევრიანება, სამართლებრივი თვალსაზრისით, ნიშნავს საქართველოს გაწევრიანებას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრებით, რა თქმა უნდა, აფხაზეთის და ცხინვალის (ამჟამად ოკუპირებულ) რეგიონებთან ერთად. არსებობს არაერთი ქვეყნის მაგალითი, რომლებსაც ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების დროს ტერიტორიული და საზღვრების დადგენის პრობლემა ჰქონდა. მაგალითად, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გერმანია ორად გაიყო და აღმოსავლეთ გერმანია ოკუპირებული იყო საბჭოთა კავშირის საოკუპაციო ჯარის მიერ. 1955 წელს დასავლეთ გერმანია გაწევრიანდა ნატოში, რამაც გერმანიის პოლიტიკური და ეკონომიკური სიძლიერე და სტაბილური განვითარება განაპირობა. ცივი ომის დასრულებისა და ბერლინის კედლის დანგრევის შემდეგ, გერმანია გაერთიანდა და დღეს ნატოსა და ევროკავშირის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი წევრია. ნატოში გაწევრიანებამ დასავლეთ გერმანიის უსაფრთხო და სტაბილურ განვითარებას შეუწყო ხელი, ხოლო ბერლინის კედლის დანგრევის შემდეგ გაერთიანებულ გერმანიას გაცილებით ძლიერი და მყარი ხმა აქვს ალიანსში.
ასევე, საინტერესოა ბალტიისპირეთის ქვეყნების მაგალითი, რომლებიც 2004 წელს ნატოში გაწევრიანდნენ. ამ ქვეყნებს საზღვრების დადგენის საკითხები არ ჰქონდათ მოგვარებული მეზობელ სახელმწიფოსთან. მიუხედავად ამისა, მოკავშირეებმა მიიღეს პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ ესტონეთი, ლიტვა, ლატვია NATO-ში მიეწვიათ. ამ გადაწყვეტილებამ ბალტიის ქვეყნების სტაბილური და მშვიდობიანი განვითარება განაპირობა. ეს მაგალითები ადასტურებს, რომ ნატოში გაწევრიანება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და მისი უსაფრთხო განვითარების ხელშემწყობ ფაქტორს წარმოადგენ”.
დღეს ვლადიმერ იმნაძეს ვკითხეთ, შეიცვალა თუ არა მისი დამოკიდებულება ზემოხსენებულ საკითხთან დაკავშრიებით.
“მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ამას უფრო გლობალურად უნდა მივუდგეთ და რატომ: ნატოს ერთ-ერთი პირობაა, რომ თუ ნატოში წევრიანდება ქვეყანა, მას არ უნდა ჰქონდეს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემები”, – გვითხრა იმნაძემ. კითხვას, საიდან აქვს ინფორმაცია, რომ ტერიტორიული პრობლემები ნატოში გაწევრიანებისთვის შემაფერხებელი გარემოებებია, მან უპასუხა, რომ ამის შესახებ ნატოს დებულებებში წერია, თუმცა კონკრეტული დოკუმენტი ვერ დაასახელა. ნეტგაზეთის რეპლიკას იმის შესახებ, რომ ასეთი რამ ნატოს დოკუმენტებში არ წერია, მან უპასუხა, რომ ნატოში საქართველოს გაწევრიანებას უჭერს მხარს და 2009 წელს მისი ზემოხსენებული კომენტარი წინა ხელისუფლების მიერ წარმოებულ პოლიტიკას ეხებოდა:
მე ვფიქრობ, რომ საქართველო აუცილებლად უნდა გაწევრიანდეს ნატოში, ოღონდ არა ტერიტორიების დაკარგვის ხარჯზე.
რატომ ვთქვი ეს:
იმნაძე კვირიკაშვილის სიტყვებს იწონებს:
“მე ვიყავი კერძო პირი, უმუშევარი და როგორც გენერალს მკითხეს. მე ჩემი აზრი გამოვთქვი, რაც 2009 წელს მქონდა ჩამოყალიბებული. მე დასაწყისში გითხარით [ჩემი პოზიცია], რომ საქართველო აუცილებლად უნდა გახდეს ნატოს წევრი. ჩვენ ისეთი ტერიტორიული მდებარეობა გვაქვს, რომ აუცილებლად გვჭირდება… ვინმეს თუ არ შევაფარეთ თავი, დიდხანს ვერ გავტანთ. პრემიერ-მინისტრმა დააკონკრეტა, თუ რისთვისაა ეს საჭირო”.
ვლადიმერ იმნაძის ბიოგრაფია
ბრიგადის გენერალი ვლადიმერ იმნაძე 1954 წლის 27 დეკემბერს ქ.ბათუმში დაიბადა. 1972-1976 წლებში სწავლობდა უმაღლეს სამეთაურო საარტილერიო სასწავლებელში, 1983-86 წლებში კი – უმაღლეს საარტილერიო აკადემიაში.
1976 წლიდან მსახურობდა სხვადასხვა სამხედრო თანამდებობაზე. 1998 -1999 წლებში იყო სახმელეთო ჯარების შტაბის უფროსი; 1999-2000 წლებში – დასავლეთის ოპერატიული მიმართულების სარდლის პირველი მოადგილე; 2001-2002 წლებში -კვლავ სახმელეთო ჯარების შტაბის უფროსი; 2002 წელს – სახმელეთო ჯარების სარდალი; 2002-2003 წლებში – გენერალური შტაბის ოპერატიული დეპარტამენტის უფროსი; 2003 წელს – გენერალური შტაბის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი; 2004 წელს გენერალური შტაბის პირადი შემადგენლობისა და სამობილიზაციო დეპარტამენტის უფროსი. 2004-2005 წლებში იყო საქართველოს შინაგანი ჯარების სარდლის პირველი მოადგილე.
ბოლო დროს მუშაობდა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის თანმდებობაზე. ვლადიმერ იმნაძე მონაწილეობას იღებდა საერთაშორისო დონის შეხვედრებში, სემინარებსა და სწავლებებში.
2003 წელს მიენიჭა ბრიგადის გენერლის წოდება. დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის მე-3 ხარისხის ორდენით. ასევე საბრძოლო მედლებით: „მხედრული მამაცობისათვის“; „საბრძოლო დამსახურებისათვის“; „სამშობლოს ერთგულებისა და თავდადების 1-ლი ხარისხის ნიშნით“. მიღებული აქვს სხვა ქვეყნის 7 მედალი.