საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-8 მუხლის 25-ე პუნქტში ნათქვამია:
“კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებს, კენჭისყრის კაბინის გარდა, საარჩევნო პროცესისათვის ხელის შეშლის გარეშე, შეუძლიათ აწარმოონ ფოტო–ვიდეოგადაღება”.
ცესკოს თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილი აცხადებს, რომ დადგენილებით, რომლის მიღებასაც დღეს აპირებენ, განიმარტება, თუ რას ნიშნავს “საარჩევნო პროცესისთვის ხელის შეშლა”
“თუკი საარჩევნო უბანზე იდგება კამერები, შეიძლება ამან დისკომფორტი გამოიწვიოს ამომრჩევლებში და ზოგიერთმა ამომრჩეველმა უარი თქვას საარჩევნო უბანზე მისვლაზე, მით უმეტეს, რომ ოპოზიციის და არასამთვრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აპირებდნენ ამის ფართოდ გამოყენებას, რამაც შეიძლება ზეგავლენა მოახდინოს. ამომრჩევლის უფლება დაცული უნდა იყოს,” – აცხადებს ზურაბ ხარატიშვილი.
დადგენილების პროექტის მიხედვით, კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბანზე ფოტო–ვიდეოგადაღება შესაძლებელი იქნება დილის 7-დან 8 საათამდე, ვიდრე უბანში პირველი ამომრჩეველი მივა და 20:00 საათის შემდეგ, როდესაც კენჭისყრა შეწყდება. ამას გარდა, გადაღება რამდენიმე წუთით იქნება შესაძლებელი იმ შემთხვევაში, თუკი უბანში ხმის მისაცემად “საზოგადოების მხრიდან მაღალი ინტერესის მქონე ამომრჩეველი მივა”.
დადგენილების მიღებას კეტოგორიულად ეწინააღმდეგებიან ცესკოს წევრები ოპოზიციიდან, კერძოდ, “კონსერვატორების” წარმომადგენელი ნინო გოგუაძე.
ცესკოში ამ დროისთვის ერთსაათიანი შესვენება გამოცხადდა, რის შემდეგაც ცნობილი გახდება, დააკანონებს თუ არა ცესკო არცევნებამდე ზუსტად ერთი კვირით ადრე კენჭისყრის დღეს ხმის მიცემის პროცესის ფოტო–ვიდეოგადაღების აკრძალვას უბნებზე.