შსს შიდა ქართლში კიდევ რამდენიმე პირის დაკავების თაობაზე ავრცელებს განცხადებას, კერძოდ, სამინისტროს განცხადებით, სოფელ შინდისში ზვიად საბანაძე, გიორგი ჯანქანიძე და პეტრე თავლიაშვილი საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის და ამავე სოფლის მცხოვრები ირმა პაპუნაშვილის სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის დააკავეს. ზვიად საბანაძეს, გიორგი ჯანქანიძეს და პეტრე თავლიაშვილს ბრალი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით წაეყენათ. სასამართლომ ზვიად საბანაძე 100 ლარით დააჯარიმა, ხოლო გიორგი ჯანქანიძეს და პეტრე თავლიაშვილს 30-30– დღიანი პატიმრობა მიესაჯათ.
საბანაძე, ჯანქანიძე და თვალიაშვილი “ქართული ოცნების” წევრები არიან.
ამას გარდა, გორში ასევე დააკავეს ტარიელ გურგენიძე, პოლიეციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით. შსს-ს ცნობით, ტარიელ გურგენიძე ავტომანქანას უსაფრთხოების ღვედის გარეშე მართავდა. ის პოლიციის თანამშრომლებმა გააჩერეს და აღნიშნული სამართალდარღვევის და შესაბამისი ადმინისტრაციული სახდელის შესახებ აცნობეს:
“ჯარიმის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ ტარიელ გურგენიძემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციელებს, არ დაემორჩილა და გაუწია წინააღმდეგობა. ამის შემდეგ მოხდა მისი ადმინისტრაციული წესით დაკავება. ტარიელ გურგენიძე სასამართლოშია გადაყვანილი”, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.