ახალი ამბები

რას შეგვატყობინებს მთავრობა ამ დღეებში?

23 სექტემბერი, 2012 •
რას შეგვატყობინებს მთავრობა ამ დღეებში?

პრემიერ-მინისტრს არ დაუკონკრეტებია, თუ რა ტიპის მასალები აქვს მთავრობას და არის თუ არა ეს კომტრკომპრომატები პატიმრების წამების ამსახველი ვიდეომასალისა, რომელიც საქართველოში 18 სექტემბერს გავრცელდა.

 

“ვარდების რევოლუციის” შემდეგ საქართველოს მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ მასშტაბური საპროტესტო აქციები უკვე მესამედ იმართება. 2007 წლის ნოემბრის მასობრივი საპროტესტო აქციების ძალის გამოყენებით დაშლის შემდეგ, საქართველოს მთავრობამ მოამზადა ფილმი – “ნოემბრიდან – ნოემბრამდე”, რომელშიც მოთხრობილი იყო იმის თაობაზე, რომ ოპოზიციის ლიდერები, ბადრი პატარკაციშვილის ხელმძღვანელობით, კრემლის დაკვეთით ცდილობდნენ ხელისუფლების დამხობას. ფილმში გამოყენებული იყო ოპოზიციის წარმომადგენლების ფარული სატელეფონო საუბრები რუსეთის სპეცსამსახურების წარმომადგენლებთან. ფილმის დიდი ნაწილი ეძღვნებოდა ყოფილი თავდაცვის მინისტრის – ირაკლი ოქრუაშვილის მხილებას სხვადასხვა სახის დანაშაულში.

 

ამის შემდეგ საქართველოში მასობრივი საპროტესტო აქციები 2011 წლის მაისში გაიმართა, რომელიც 26 მაისს თბილისში ასევე ძალის გამოყენებით დაშალა ხელისუფლებამ. ქართულმა სამართალდამცავმა უწყებებმა მაშინაც გამოაქვეყნეს ფარული სატელეფონო საუბრები, რომელიც ოპოზიციის მაშინდელ ლიდერს ნინო ბურჯანაძეს ასევე კრემლის ინტერესების ქმედებებში ადანაშაულებდა. მთავრობის ოფიციალური ვერსიით, ასევე ოპოზიციაში გადასული ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი ცდილობდა საქართველოში დაბრუნებას შეიარაღებული ჯგუფის მეშვეობით, რომელიც მისი გარემოცვის მიერ იქნა საქართველოში ჩამოყალიბებული.

 

საქართველოში მასობრივი საპროტესტო აქციები 2012 წლის 18 სექტემბრიდან დაიწყო, როდესაც პატიმრების წამების ამსახველი ვიდეომასალა გამოქვეყნდა. მთავრობის ვერსიით, ვიდეომასალა ფულადი ანგარების სანაცვლოდ მომზადდა, რომელიც კოალიცია “ქართული ოცნების” საარჩევნო სუბიექტების ოჯახის წევრმა – თამაზ თამაზაშვილმა შეუკვეთა. მმართველი პარტიის საარჩევნო კამპანიაში ხაზგასმულია, რომ კოალიცია “ქართული ოცნება” რუსეთიდან და რუსული ფულით იმართება. აქციები საქართველოში უკვე მე-6 დღეა გრძელდება. გუშინ და გუშინწინ თბილისის სხვადასხვა ქუჩებში ხელკეტებით შეიარაღებული პოლიციელების ჯგუფი გამოჩნდა. 

 

ვანო მერაბიშვილმა დღეს კიდევ ერთხელ გაიმეორა მთავრობის ვერსია, რომ ეს მასალა ანგარებისა და პოლიტიკური ქულების დაწერის მიზნით გავრცელდა იმ ძალების მიერ, რომლებიც საქართველოს “წარსულში დაბრუნებას” უქადიან:

 

“ეს ფაქტი ამტკიცებს, რომ შეუქცევადი რეფორმები არ არის, რომ თუ ჩვენ შორის, ჩვენ შიგნითაც შეიძლება მოიძებნონ ადამიანები, რომლებმაც შეიძლება ასეთი რამე გააკეთონ, მითნ უმეტეს, დიდი ალბათობაა, რომ ჩვენ თუ რეფორმები არ გავაგრძელეთ, ყველაფერი შეიძლება ერთ დღეში უკან დაბრუნდეს: ის ადამიანები, ვინც იმ ციხეებში აწამებდნენ ხალხს, ისინი გამოვიდნენ, დასხდნენ სხვადასხვა  თანამდებობებზე, მათ გვერდზე დაუჯდებიან ის ადამიანები, ვინც მათ აფინანსბს და ტელევიზორში აჩვენებს, რომლებიც პირდაპირ ქადაგებენ ძველ დროში დაბრუნებას”, – განაცხადა მერაბიშვილმა. 

 

პრემიერ-მინისტრის თქმით, მას უხარია, რომ ამ ფაქტების გამოვლენას მოჰყვა საზოგადოების ადეკვატური რეაქცია: 

 

“მე მიხარია ერთი რამ, რომ ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ ამ ფაქტების გამოვლენას მოჰყვა საზოგადოების ადეკვატური რეაქცია და ხელისუფლების, მე მგონია, ადეკვატური რეაქცია. ჩვენ შევქმენით ისეთი საზოგადოება, რომ ჩვენ აღარ შევურიგდებით საქართველოს უკან დაბრუნებას. მე გაძლევთ სრულ გარანტიას, რომ ჩვენ უკან არასოდეს არ დავბრუნდებით, მე გაძლევთ გარანტიას, რომ ჩვენ გავაგძელებთ რეფორმებს!” – განაცხადა მერაბიშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი