ახალი ამბები

სებ: აქციზის ზრდას ინფლაციის წლიურ მაჩვენებელზე მნიშვნელოვანი გავლენა არ ექნება

12 დეკემბერი, 2016 • 10044
სებ: აქციზის ზრდას ინფლაციის წლიურ მაჩვენებელზე მნიშვნელოვანი გავლენა არ ექნება

საქართველოს ეროვნული ბანკის შეფასებით, იმის მიუხედავად, რომ აქციზის გადასახადის გაზრდა ზოგიერთ საქონელსა და მომსახურებას გააძვირებს, აღნიშნული ზრდის პირდაპირი გავლენა წლიური ინფლაციის მაჩვენებელზე მნიშვნელოვანი არ იქნება.

2017 წლის ბიუჯეტის პროექტზე სებ-ის მიერ მომზადებული დასკვნის თანახმად, თუ ინფლაციის მოლოდინი გაიზრდება, ბანკი რეაგირებას მოახდენს და ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელს შეინარჩუნებს.

2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი 1,315 მილიონი ლარია. ხოლო ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი 2017 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის საპროგნოზო ოდენობის 4,1 %-ზეა დაგეგმილი. ბიუჯეტის პროექტი ითვალისწინებს დეფიციტის ყოველწლიურ შემცირებას 2020 წლისთვის 2,5%-მდე.

“იმ დაშვებით, რომ საშუალოვადიან პერიოდში ბიუჯეტის დეფიციტი უბრუნდება მდგრად დონეს, 2017 წელს ბიუჯეტის საპროგნოზო დეფიციტი საშუალოვადიან პერიოდში ინფლაციის რისკებს არ ქმნის. თუმცა ვალის მდგრადობის და ფისკალური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად აუცილებელია, რომ მომდევნო წლებში არ მოხდეს ფისკალური კონსოლიდაციის წარმოდგენილი გეგმიდან გადახვევა,” – აღნიშნულია დასკვნაში.

დასკვნაში ასევე მითითებულია, რომ სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარება კაპიტალის ბაზრის განვითარების აუცილებელი პირობაა, რაც მომავალში ხელს შეუწყობს გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას:

“მნიშვნელოვანია, მომავალ წელს დაიწყოს მაღალი ლიკვიდურობის მქონე ფასიანი ქაღალდების გამოშვება, რომელთა ემისიაც წინასწარ იქნება გამოცხადებული. ეს გაზრდის მათ პროგნოზირებადობას და, შესაბამისად, ინვესტორების დაინტერესებას საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის მიმართ.”

პარლამენტში წარდგენილი 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ბიუჯეტის შემოსავლები 9, 489 მილიონი ლარით განისაზღვრება. აქედან 8, 820 მილიონი ლარის მოდის საგადასახადო შემოსავლებზე, ხოლო 669 მილიონი ლარი- არასაგადასახადო შემოსავლებზე.

პარლამენტში ინიცირებულია კანონპროექტი, რომლის მიხედვით, ძვირდება მარცხენა და მარჯვენასაჭიანი [სამჯერ] ავტომობილების, საწვავის  და საავტომობილო ზეთის აქციზის გადასახადი, რაც ავტომატურად გამოიწვევს  ავტომანქანების გაძვირებას.   ამავე პროექტით, ძვირდება თამბაქოს, ნავთობპროდუქტებისა და აზარტული თამაშების აქციზის საფასური.

მასალების გადაბეჭდვის წესი