ახალი ამბებიეკონომიკა

მთავრობის ინიციატივა ავტომობილებს გააძვირებს

7 დეკემბერი, 2016 • 9638
მთავრობის ინიციატივა ავტომობილებს გააძვირებს

პარლამენტში მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტით,  ძვირდება მარცხენა და მარჯვენასაჭიანი [სამჯერ] ავტომობილების, საწვავის  და საავტომობილო ზეთის აქციზის გადასახადი, რაც ავტომატურად გამოიწვევს  ავტომანქანების გაძვირებას. 

ხოლო მაღალშემოსავლიან ოჯახებს ავტომობილზე ქონების გადასახადი უწესდებათ . ნახეთ დეტალურად, რა ძვირდება და რა იაფდება:

მარცხენასაჭიანი ავტომობილების აქციზის საფასური

“საგადასახადო კოდექსში” ცვლილებების შეტანის შესახებ მომზადებული კანონპროექტის თანახმად, მსუბუქი ავტომობილების აქციზის განაკვეთი გაიზრდება ავტომანქანის ასაკის და ძრავის მოცულობის მიხედვით, რაც ნიშნავს, რომ ავტომობილის განბაჟება გაძვირდება.  

ავტომობილების აქციზის საფასური

ავტომობილის განბაჟება მოიცავს აქციზისა და საბაჟო გადასახადს. ამასთან, ავტომობილის გაფორმებისას შესაძლებელია წარმოიშვას მომსახურების შემდეგი საფასურები: დეკლარირებული ავტომობილის გაფორმების მომსახურება – 150 ლარი; საბაჟო დეკლარაციის შევსება – 30 ლარი; საექსპერტო შემოწმების აქტი – 20 ლარი. 

აქციზის ფასის დასაანგარიშებლად კანონით  გათვალისწინებული განაკვეთი უნდა გავამრავლოთ ავტომობილის ძრავის მოცულობაზე.   ყველაზე მეტად აქციზის ფასი 1 წლამდე და 14 და მეტი წლის ავტომობილზე ძვირდება.

მაგალითად, დღეს მოქმედი განაკვეთის მიხედვით, 2016 წლის მოდელის [ძრავის მოცულობა: 2000 სმ³] ავტომობილის  აქციზის გადასახადი 3 000 ლარია, ხოლო ამ კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში აქციზის ფასი  4 600  ლარი გახდება.  ამას ემატება საბაჟო გადასახადი – 105 ლარი. [იხილეთ განბაჟების კალკულატორი];

დღეს მოქმედი წესით, 2001 წლის მოდელის ავტომობილის [ძრავის მოცულობა 1 800 სმ³] აქციზის საფასური 1440 ლარია, ხოლო, კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, აქციზის ფასი 4 140 ლარი იქნება. ამ ავტომობილის საბაჟო გადასახადი  157,5 ლარია.

2006 წლის მოდელის ავტომობილის [ძრავი 1600 სმ³ ]  აქციზის ამჟამინდელი გადასახადი 750 ლარია, ხოლო ახალი კანონპროექტით ეს თანხა გაორმაგდება და 1500 ლარი გახდება. საბაჟო გადასახადი კი 120 ლარი იქნება. 

მარჯვენასაჭიანი ავტომობილის აქციზი  სამმაგდება

მარჯვენასაჭიან მსუბუქ ავტომობილებზე (ცხრილში მითითებული იმავე კატეგორიის მიხედვით) აქციზის განაკვეთი განისაზღვრება სტანდარტული განაკვეთის სამმაგი ოდენობით. მაგალითად, კანონპროექტის მიხედვით, 2010 წლის მოდელის   მარცხენასაჭიანი ავტომობილის [ძრავი მოცულობა 1 700სმ³ ] აქციზის ფასი 1360 ლარია, ხოლო ზუსტად იმავე მონაცემების მარჯვენასაჭიანი ავტომობილის აქციზის გადასახადი სამჯერ მეტი, ანუ 4 080 ლარი იქნება. ამ თანხას დაემატება საბაჟო გადასახადი – 110,5 ლარი. 

ჰიბრიდულის ავტომობილებისთვის აქციზის გადასახადი მცირდება

კანონპროექტის მიხედვით, გარემოსდაცვითი პოლიტიკის გათვალისწინებით 0-დან 6 წლის ასაკის მსუბუქი ჰიბრიდული ავტომობილებისათვის საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული აქციზის განაკვეთები მცირდება და  არაჰიბრიდული ავტომანქანის აქციზის ფასზე 60%-ით ნაკლები ეღირება. ამჟამად ასეთი ავტომობილების აქციზი სტანდარტულზე 50%-ით ნაკლებია.

მაგალითად, კანონპროექტის მიხედვით, 2013 წლის მოდელის ავტომობილის [ძრავის მოცულობა 1800 სმ³] აქციზის გადასახადი 2520 ლარია, ხოლო ზუსად იმავე მონაცემების ჰიბრიდული ავტომობილის აქციზის საფასური ამ თანხაზე 60%-ით ნაკლები, ანუ 1 008 ლარი იქნება. პლუს საბაჟო გადასახადი – 103,5 ლარი. 

“წარმოდგენილი კანონპროექტით, შემუშავებულია ავტომობილზე აქციზის განაკვეთები, თანაბარი საგადასახადო ტვირთის პოლიტიკისა და ასევე გარემოს დაცვითი პოლიტიკის გათვალისწინებით, რაც გულისხმობს ძველი და გარემოსათვის მავნე ავტომობილებისათვის უფრო მძიმე საგადასახადო ტვირთს,”-  აღნიშნულია განმარტებით ბარათში.

ავტომობილის საწვავის და და ზეთის აქციზის გადასახადის ზრდა

ამასთან, ცვლილებების პროექტის მიხედვით,  2017 წლის 1 იანვრიდან ნავთობპროდუქტზე და ავტოსატრანსპორტო საშუალებების საწვავად გამოყენებულ ბუნებრივ აირზე აქციზის განაკვეთები იზრდება. კერძოდ:

  • 1 ტონა ბენზინზე აქციზის განაკვეთი 250 ლარიდან 500 ლარამდე იზრდება,
  • 1 ტონა დიზელზე – 150 ლარიდან 400 ლარამდე,
  • საწვავად გამოყენებულ 1000 მ3 ბუნებრივ აირზე- 80-დან 200 ლარამდე, ხოლო ავტომობილის ზეთებზე- 400-დან 800 ლარამდე.
  • ავტოსატრანსპორტო საშუალებების ზეთებზე- 400-დან 800 ლარამდე.

ავტომობილის ქონების გადასახადი

კანონპროექტის მიხედვით, ფიზიკური პირი, რომლის ოჯახის წლიური შემოსავალი 40 000 ლარზე მეტია, ვალდებული ხდება, გადაიხადოს ქონების გადასახადი მის საკუთრებაში მყოფ მსუბუქ ავტომობილზე.

ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი დიფერენცირებულია ავტომობილის ასაკის მიხედვით და განისაზღვრება შემდეგი ოდენობით, ლარებში: 1- წლამდე ავტომობილი – 500 ლარი; 1 წლიდან 5 წლამდე ავტომობილი –  240 ლარი;  5 წლიდან -10 წლამდე ავტომობილი – 120 ლარი; ხოლო  10 წლის ზემოთ ავტომობილი – 60 ლარი.

როდიდან

თუ პარლამენტი კანონპროექტს დაამტკიცებს, ეს წესი  ძალაში 2017 წლის 1 იანვრიდან შევა. ხოლო ავტომობილების აქციზის განაკვეთი კანონის გამოქვეყნებისთანავე გაძვირდება.

დებულება კანონის მიღებამდე ნაყიდ ავტომობილებზე

კანონპროექტის მიხედვით, თუ შეძენილი ავტომობილის ტრანსპორტირება დაწყებულია არაუგვიანეს 2016 წლის 1 დეკემბრისა,  მსუბუქი ავტომობილები დაიბეგრება აქციზის ძველი განაკვეთით.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი