ახალი ამბები

წამებაში არაერთგზის მხილებული მეგის ქარდავა ისევ შსს-ში მუშაობს

22 სექტემბერი, 2012 • • 4354
წამებაში არაერთგზის მხილებული მეგის ქარდავა ისევ შსს-ში მუშაობს

მეგის ქარდავა 2006 წელს #7 საპყრობილის დირექტორი იყო. სწორედ ამ დროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსი ბაჩო ახალაია იყო. 2007–2009 წლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო–ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს უფროსის მოადგილედ მუშაობდა. ამ დროს სამეგრელოს საოლქო პროკურორად ბაჩო ახალაიას მამა – როლანდ ახალაია მუშაობდა, ხოლო შსს–ს კუდის უფროსის თანამდებობა ბაჩო ახალაიას ძმას – დათა ახალაიას ეკავა.

მას შემდეგ, რაც ბაჩო ახალაია თავდაცვის მინისტრი გახდა, მეგის ქარდავამ სამხედრო პოლიციის უფროსის პოსტი დაიკავა. 2012 წელს, მას შემდეგ, რაც ბაჩო ახალაია შს მინისტრად დანიშნეს, მეგის ქარდავაც შინაგან საქმეთა სამინისტროში გადავიდა.

შსს–ს პრესსამსახურის უფროსმა სალომე მახარაძემ განგვიცხადა, რომ ის ორშაბათისთვის დაგვიზუსტებს, კონრკეტულად რა თანამდებობას იკავებს მეგის ქარდავა ქვეყნის მთავარ სამართალდამცავ უწყებაში.

მეგის ქარდავა და ბაჩო ახალაია
მეგის ქარდავა და ბაჩო ახალაია

მეგის ქარდავა ბოლო დღეების მანძილზე გლდანის ციხის ყოფილმა თანამშრომელმა ვლადიმერ ბედუკაძემ პატიმარ სერგო თეთრაძის წამებაში დაადანაშაულა. იგივე გაიმეორა ირაკლი ალასანიამაც.

მისი თქმით, “სერგო თეთრაძე ბაჩო ახალაიამ და მეგის ქარდავამ სასჯელთაღსრულების დაწესებულებაში წამებით მოკლეს” და ამის გამო მათი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა მოითხოვა.

თადარიგის ოფიცერი, ომის ვეტერანი და ყოფილი მზვერავი, 57 წლის სერგო თეთრაძე, თბილისში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, გასული წლის 17 სექტემბერს დააკავეს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებმა. ამ პერიოდში ბაჩო ახალაია თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე მუშაობდა, მეგის ქარდავა კი  სამხედრო პოლიციას ხელმძღვანელობდა. მას შემდეგ, რაც შს მინისტრად ბაჩო ახალაია დაინიშნა, ამავე უწყებაში მან თან გაიყოლა მეგის ქარდავა.

სერგო თეთრაძის ოჯახს დაკავებიდან 6 დღეში, 2011 წლის 23 სექტემბერს, ღამით აცნობეს, რომ პატიმარი გლდანის საპყრობილეში გულის შეტევით გარდაიცვალა. თუმცა ოჯახს დღემდე არა აქვს ზუსტი ინფორმაცია, რა გახდა პატიმრის გარდაცვალების მიზეზი ციხეში, ან რისთვის დააკავეს ის. სერგო თეთრაძე სავარაუდოდ ჯაშუშობის ბრალდებით იყო დაკავებული, თუმცა ამაზე ზუსტი ცნობები მაშინ არც ერთ პასუხისმგებელ უწყებას არ გაუვრცელებია.

მეგის ქარდავას სახელი ყოფილი სახალხო დამცველის და ამჟამად სასჯელაღსრულების მინისტრის, გიორგი ტუღუშის 2008 წლის ანგარიშშიც მოხვდა.

“კვლავ სერიოზულ პრობლემად რჩება ადამიანთა წამება,  წამების საქმეების  არაეფექტური გამოძიება, ან გამოძიებაზე საერთოდ უარის თქმა. გამოძიებას დღემდე არაფერი გაუკეთებია  2008  წლის იანვარში სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციაში ექიმ გოჩა ეხვაიას წამებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე.  კიდევ ერთხელ გავიმეორებთ,  რომ გოჩა ეხვაიას წამებაში უშუალოდ მონაწილეობდნენ სამხარეო პოლიციის უფროსი თენგიზ გუნავა და მისი მოადგილე მეგის ქარდავა. ასევე არ არის გამოძიებული საანგარიშო პერიოდში – 2008 წლის 17 აგვისტოს – ბათუმში სერჟანტ როინ შავაძის წამებისა და მკვლელობის საქმე”, – წერდა 2008 წელს გიორგი ტუღუში.

მეგის ქარდავა ასევე მოხვდა სახალხო დამცველის სხვა ანაგირშებშიც, რომლის ერთ–ერთ ეპიზოდში წერია:

“ბრალდებულად დაკითხვისას პლატონ მამარდაშვილმა წარდგენილ ბრალდებაში  თავი არ სცნო დამნაშავედ. მან აჩვენა, რომ ოთხი თვის წინ უარი განაცხადა კანონიერ ქურდობაზე.  2006  წლის  26  მარტს ის იმყოფებოდა თავის საკანში მალხაზ ზედელაშვილთან და წინა დღით მოსულ ნიკოლოზ მახარაძესთან ერთად, რომელსაც  საერთოდ არ იცნობდა.  ღამით  მორიგემ გაიყვანა დირექტორის კაბინეტში,  სადაც დახვდა ბაჩო ახალაია, #7  საპყრობილის დირექტორი მეგის ქარდავა და კიდევ  15 ადამიანი,  აქედან  5  იყო ნიღბიანი,  ყველანი იყვნენ ავტომატური იარაღით შეიარაღებული,  ოთახში შემოიყვანეს ვიბლიანი და ავალიანი.  ამ დროს მეგის ქარდავამ პლატონ მამარდაშვილს მაკრატლით ამოაჭრა ერთი ბღუჯა თმა და ჩაუდო ჯიბეში, როდესაც პლატონ მამარდაშვილმა უთხრა, გეყოფა ამდენი დამცირებაო, იქვე მდგომმა ნიღბიანმა  სახის არეში დაარტყა რკინიანი ხელი,  რა დროსაც მოტყდა  კბილი და ცხვირ–პირიდან წამოუვიდა სისხლი.  დაინახა,  რომ ხელკეტებს  ურტყამდნენ ვიბლიანსაც და ავალიანსაც… დერეფანში აიძულეს ჩაკუზულიყო და ამ მდგომარეობაში მყოფს დაახლებით  10  წუთი ურტყამდნენ ხელკეტებს.  შემდეგ ლ. ცინდელიანთან ერთად გაიყვანეს ეზოში,  სადაც მიწაზე ეყარნენ ვიბლიანი და ავალიანი.  იქაც გააგრძელეს ცემა,  რა დროსაც გაიგო პატიმრების ხმა,  რომლებიც მოუწოდებდნენ, შეეწყვიტათ ცემა. შემდეგ ოთხივენი გადაიყვანეს #7 საპყრობილეში,  სადაც საერთოდ გააშიშვლეს და გააგრძელეს ცემა, რის შემდეგაც შიშვლები შეყარეს  საკანში.  პლატონ მამარდაშვილი უარყოფს  ვინმესთან ბუნტზე და არეულობაზე  საუბარს,  აცხადებს,  რომ არც არავისთვის გაუწევია წინააღმდეგობა და არც დაუმორჩილებლობისაკენ მოუწოდებია.  მისი აზრით, არეულობის და ხმაურის დაწყების მიზეზი გახდა პატიმრების ცემის ფაქტი სამკურნალო დაწესებულების ეზოში”.

მეგის ქარდავას ძალადობაში კიდევ ერთი პატიმარი, მალხაზ არქანიაც ღიად ადანაშაულებს. მალხაზ არქანია 2011 წლის 5 თებერვალს ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა–შენახვისათვის დააკავეს ენგურის ხიდზე და მას 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, თუმცა თავად არქანიამ არაერთხელ განაცხადა, რომ მისგან წამებისა და არადაამიანური მოპყრობის სანაცვლოდ ცდილობდნენ აღიარებითი ჩვენების მოპოვებას, რომ თითქოს ის მონაწილეობდა 2008 წლიდან 2010 წლამდე მომხდარ აფეთქებებში.

მისი წამების თაობაზე მსჯავრდებულმა მალხაზ არქანიამ 2011 წლის 22 ივნისს წერილობითი ახსნა-განმარტება დაწერა სახალხო დამცველის სახელზე, რომელშიც ნათქვამია:

“2011 წლის 19 მაისს ჩემთვის გაურკვეველი მიზეზით გადმომიყვანეს №8 საპყრობილეში, სადაც ამჟამად ვიმყოფები. აქ შემოყვანიდან მეორე დღეს დირექტორის კაბინეტში ამიყვანეს, სადაც დამხვდა მეგის ქარდავა, რომელმაც მითხრა, რომ დამეწერა აღიარებითი ჩვენება ზუგდიდში მომხდარ ტერორისტულ აქტებთან დაკავშირებით. მე განვუმარტე, რომ აღნიშნულ დანაშაულებთან არანაირი შეხება არ მქონია, რაზეც მან  უთხრა ჩემთვის უცნობ ორ პირს, რომ ჩავეყვანე კარანტინში.

ჩაყვანის დროს ისინი მირტყამდნენ. მიმიყვანეს ერთ-ერთი საკნის კართან და შემახედეს სათვალთვალოში, სადაც დავინახე, როგორ აუპატიურებდა მამაკაცი მამაკაცს. თან მეუბნებოდნენ, რომ კარგად მეყურებინა და დამემახსოვრებინა. მეუბნებოდნენ, რომ თუ არ დავწერდი აღიარებით ჩვენებას, მეც იმავე მდგომარეობაში აღმოვჩნდებოდი”.

მალხაზ არქანია წერს, რომ ამის შემდეგ მან დაწერა აღიარებითი ჩვენება, რის შემდეგაც მოვლენები ასე განვითარდა:

“ეს ნაწერი მეგის ქარდავას აუტანეს და ცოტა ხნის მერე მეც ამიყვანეს. შეყვანისას მეგის ქარდავა ჩემს ნაწერს კითხულობდა და მითხრა, რომ ეს არ იყო ის ჩვენება, რომელიც მას სჭირდებოდა და მითხრა, რომ შემეჭამა ის ნაწერი. ვინც მეგისს ახლდა, ძალით შემაჭამა ის ქაღალდი. მერე უთხრა, რომ ისევ ჩავეყვანე ქვემოთ და თან დააყოლა – „მოტყ…, მაგის დედა ვატირე!”

მიუხადავად სახალხო დამცველის ანგარიშებში მოყვანილი ფაქტებისა, მეგის ქარდავას სამართალდამცავი უწყებების მხრიდან პრობლემა არასდროს არ შექმნია. პირიქით, ის მუდმივად ინარჩუნებდა მაღალ თანამდებობებს ძალოვან უწყებებში. ქარდავა ამ დრომდე არ დაუკითხავს პროკურატურას, რომელიც პატიმრების წამების საქმეს იძიებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი