საქართველოს სახალხო დამცველის ოფისის განცხადებაში ნათქვამია, რომ მათი წარმომადგენელი დღეს, 22 სექტემბერს იმყოფებოდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისისა და მცხეთა-მთიანეთის დროებითი მოთავსების იზოლატორში, სადაც ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ გუშინ დაკავებული პირები იზოლატორში არ შეუყვანიათ.
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაუყოვნებლივ განასაჯაროოს ინფორმაცია ლაშა მესხიას, დავით ფაცაციას, შოთა ბაზერაშვილის და კონსტანტინე ლაბარტყავას ადგილსამყოფელის შესახებ, რათა დროულად გახდეს შესაძლებელი მათი უფლებების დაცვის მდგომარეობის შემოწმება.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თბილისის საპატრულო პოლიციამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ლაშა მესხია, დავით ფაცაცია, შოთა ბაზერაშვილი და კონსტანტინე ლაბარტყავა დააკავა. ოთხივე დაკავებულს ბრალი ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით წაუყენეს.
“ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, მათ სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდათ”, – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.





