ახალი ამბები

რას უყვებიან პატიმრები სასულიერო პირებსა და ჟურნალისტებს [Video]

22 სექტემბერი, 2012 •
რას უყვებიან პატიმრები სასულიერო პირებსა და ჟურნალისტებს [Video]

დღეს გლდანის მე–8 საპყრობილეში პატიმრების მოსანახულებლად საპატრიარქოს წარმომადგენლები, დეკანოზი შალვა კეკელია და ჟურნალისტები შეუშვეს.

პატიმრები სტუმრებს შეძახილებით და გისოსებზე ბრახუნით შეხვდნენ, თითქმის ყველა კორპუსიდან ისმოდა შეძახილები– “ჩვენთან ამოდით!”

სასულიერო პირების დანახვისას ციხის მთელი კორპუსი ერთდროულად იწყებდა “მამაო ჩვენოს” წამოთქმას, პატიმრების ნაწილს ვიწრო გისოსებიდან ანთებული სანთლებიც ჰქონდათ გამოყოფილი. მათ ლოცვა დეკანოზთან ერთადაც წაიკითხეს, რასაც შეძახილები მოჰყვა –“პატრიარქს გაუმარჯოს”, “გადაეცით, მოგვიხსენიოს ლოცვებში”.

გლდანის მე–8 საპყრობილე რამდენიმე კორპუსისგან შედგება, როგორც მშობლები და თავად პატიმრები აცხადებენ, ყველაზე მძიმე მდგომარეობა მე–3 კორპუსის A და C კორპუსებშია. დღეს ჟურნალისტებს და სასულიერო პირებს ყველა კორპუსის მონახულების საშუალება მიეცათ.

პატიმრები აცხადებენ, რომ ბოლო დღეებში მათზე ზეწოლა შეწყდა, არ ჰქონია ადგილი ცემის ფაქტებს, თუმცა რამდენიმე მათგანი მუქარაზე საუბრობს:

“ბოლო დღეებში კარგად გვექცევიან, მაგრამ გუშინ ერთ–ერთმა გარეთ გამოგვიყვანა, დაგვაყენა და გვითხრა, ხომ არ გგონიათ, ეს დიდხანს გაგრძელდება, ესენი გაჩერდებიან და დედა გეტირებათო”, – აცხადებს ერთ–ერთი პატიმარი კ. ზ., იგივეს ადასტურენებ სხვა პატიმრებიც.

ციხის სხვადასხვა კორპუსებში მოძალადეთა სხვადასხვა გვარებს ასახელებენ. პატიმრების განცხადებით, ციხეში მომუშავეთა დიდი უმრავლესობა მათზე ძალადობდა, კონკრეტულ პიროვნებებს კონკრეტული კორპუსები აქვთ მიმაგრებული.

ერთ–ერთი პატიმრის ლ. ც.-ის განცხადებით, რომელიც მე–3 A კორპუსის ერთ–ერთ საკანში ზის, მათზე მუდმივად ძალადობნენ თანამშრომლები– ლევან ბეშკენაძე, მეტსახელად შიბლი, მალხაზ ღვინიაშვილი და გოგა ბუთლიაშვილი.

როგორც თავად ამბობენ, ბევრი მოძალადის გვარი არ იციან, თუმცა სახეზე და შერქმეული სახელებით ყველას ცნობენ. თანამშრომლები, რომლებსაც ყველაზე მეტი პატიმარი სდებს ბრალს ძალადობაში, ვინმე ზაზა ხარაიშვილი და მახო რონიაშვილი არიან. პატიმრების განცხადებით, ისინი განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩევიან. პატიმრები ამბობენ, რომ მახო რონიაშვილმა, იგივე “დაბალმა მახომ” ერთხელ საკუთარი ბიძაშვილი იქამდე სცემა, სანამ ყველა ნეკნები არ ჩაუმტვრია.

პატიმრები სხვა პიროვნებებსაც ასახელებენ, მათ შორის, ხვიჩა ნეკერაშვილი, ლაშა ტყემალაძე, მამუკა ჩხიტუნიძე, ლაშა ტყემალაძე, ბესო მელაძე, რუსლან ჭითავა, ბეშქენა, შიბლი. პატიმრების თქმით, ჩამოთვლილთაგან უმეტესობა კვლავ ციხეში მუშაობს.

წამების მეთოდებიც განსხვავებულია, პატიმრების ნაწილს აყენებდნენ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, აიძულებდნენ, ღამეები გაეტარებინათ საპირფარეშოში, არ აძლევდნენ ძილის და სიგარეტის მოწევის საშუალებას, ფიზიკურად უსწორდებოდნენ, სცემდნენ “დუბინკებით” და სპეციალური პლასტმასის ჯოხებით.

პატიმრების ნაწილი ინფორმაციის ნაკლებობას უჩივის, რამდენიმე კორპუსში დღემდე არ არის ჩართული რადიო, არ შედის პრესა. მათი განცხადებით, ყურადღება არ ექცევათ ავადმყოფებს, განსაკუთრებით კი მათ, ვისაც კბილის ტკივილი აწუხებს.

რამდენიმე დღეა შიმშილობს პატიმართა ორი ჯგუფი, მათ შორის ერთი ჯგუფი ტუბერკულოზით დაავადებულები არიან, ისინი საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვენ. ხოლო მეორე ჯგუფის ერთ–ერთმა წევრმა, გ. ღ.-მ დღეს, მას შემდეგ, რაც სასჯელაღსრულების მინისტრმა გიორგი ტუღუშმა განაცხადა, რომ ციხეში არც ერთი პატიმარი არ შიმშილობდა, პირი ამოიკერა.

სასულიერო პირების მოწოდების შედეგად პატიმრებმა სამი დღით შეწყვიტეს შიმშილი, ისინი აცხადებენ, რომ თუკი მათი მოთხოვნები არ შესრულდება, შიმშილობას კვლავ განაახლებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი