ახალი ამბები

რუსთავის საპყრობილის პატიმარი ზეწოლაზე საუბრობს [Video]

22 სექტემბერი, 2012 • • 1570
რუსთავის საპყრობილის პატიმარი ზეწოლაზე საუბრობს [Video]

მისი თქმით, ზეწოლა კვლავ გრძელდება მასზე.

“ციხის ახალი დირექტორი ირაკლი აბაშიძე იყო მოსული ჩემთან. იქამდე ჭაკუა მაწამებდა, ჯონი ივანიშვილმა მაწამა ელექტროშოკით”, – განაცხადა პატიმარმა.

პატიმრის მშობლის მერი კიკნაძის განცხადებით, მოთხოვნის მიუხედავად, მას და ადვოკატს არ უშვებენ შვილის სანახავად, რის გამოც ის უკვე მე–3 დღეა ციხესთან შიმშილობს.

 

ლალი მოროშკინას განცხადებით, მინისტრმა გიორგი ტუღუშმა იცრუა, როდესაც განცხადა, რომ პატიმარი არ არის ნაცემი და არაფერი ხდება. 

 

“პატიმრის სანახავად არც პატიმრის ადვოკატს უშვებენ. დილიდან ინტენსიური გადაადგილება იყო. ჩვენ არ ვიცით, ვინ გადაჰყავდათ. რუსთავის მე–6 დაწესებულების მთელი პირველი კორპუსი დაცარიელებულია. გუშინ, როდესაც ციხეში შევედი, ყველა ამ კორპუსში იყო პატიმარი, ყველგან ენთო სანთლები. გუშინდელი დღიდან დაცარიელებულია მთლიანად პირველი კორპუსი. ერთადერთი დატოვეს კიკნაძე, რომელიც ყვირის, რომ ზეწოლა კვლავ გრძელდება მასზე”, – ამბობს მოროშკინა “ნეტგაზეთთან” საუბარში. 

 

გოდერძი კიკნაძეს 13 წლის წინ წაუყენეს მკვლელობის ბრალდება და შემდგომში ამ მუხლით სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. საქმე ეხება პატიმრის მკვლელობას, რაშიც ბრალი იმ დროისათვის სრულიად სხვა დანაშაულისთვის მსჯავრდებულ გოდერძი კიკნაძეს წაუყენეს. 

 

პატიმრის დედა აცხადებს, რომ მისი შვილი უდანაშაულოა და 13 წლის წინანდელ მკვლელობაში ამჟამინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი ბაჩო ახალაია მონაწილეობდა:

 

„ჩემი შვილი დიდი ხანი დუმდა, რადგან სიმართლე რომ ეთქვა, ეშინოდა, მოკლავდნენ. ცოტა ხნის წინ გადაწყვიტა ყველაფერი ეთქვა, რადგან, როგორც თვითონ ამბობს, სამუდამო პატიმრობას ისევ სიკვდილი ურჩევნია. ძალიან მეშინია! ერთადერთი შვილი მყავს და იმასაც მიკლავენ!“.

მასალების გადაბეჭდვის წესი