21:45 ამ დროისთვის აქცია საზოგადოებრივ მაუწყებელთან დასრულებულია. როგორც რატი ამაღლობელმა განაცხადა, ხვალ საზოგადოებრივ მაუწყებელზე ეკა კვესიტაძის გადაცემაში მოწვეული იქნებიან მწერლები და აქციის სხვა მონაწილეები. გადაცემა მიმდინარე მოვლენების შესახებ იქნება

21:22 – საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე ლაშა ბუღაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლისგან მოითხოვო, გააშუქონ დაჩი ცაგურიას საქმე. ის მიმართავს შესაბამის უწყებებს, შეუშვან ჟურნალისტები იზოლატორში, სადაც დაჩი ცაგურია იმყოფება, რათა საზოგადოებას ეცნობოს, თუ რა მდგომარეობაშია დაკავებული.


21:14 – აქციის მონაწილეები უკვე საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან იმყოფებიან და შენობაში შესვლას ცდილობენ, ისინი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოსთან შეხვედრას მოითხოვენ, თუმცა ტელევიზიის დაცვა მათ ამის საშუალებას არ აძლევს. აქციის მონაწილეების სკანდირებენ – “გამოდიტ!” აქციის მონაწილემა რატი ამაღლობელმა განაცხადა, რომ მედიამ და განსაკუთრებით, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ობიექტურად უნდა გააშუქოს მოვლენები.



































20:40 ფილარმონიასთან შეკრებილი აქციის მონაწილეები საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობისკენ გაემართენენ. მათი მოთხოვნაა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა აქციები ობიექტურად გააშუქოს. 

20:14 – ირაკლი კაკაბაძემ აქციის მონაწილეებს განუცხადა, რომ ახლახანს დაბრუნდა დაჩი ცაგურიას სასამართლო პროცესიდან, რომელიც, მისი თქმით, კანონის სრული დარღვევით ჩატარდა:
 
“დაცვის მხარეს, რომელსაც წარმოადგენდა საია-ს იურისტი არ მიეცა შეკითხვის დასმის უფლება, რის გამოც მან დატოვა პროცესი. ეს პროცესი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ახალაიას კლანი მართავს ქვეყანას,” – განაცხადა ირაკლი კაკაბაძემ.
 
აქციაზე ირაკლი კორძაიამ მოითხოვა სახალხო დამცველის მოვალეობის შემსრულებლისგან, დაინტერესდეს დაჩი ცაგურიას ადგილსამყოფელით. მისი თქმით, ცაგურია მან დღეს პირადად ნახა სასამართლო პორცესზე, მას ცემის კვალი ეტყობა –  ტუჩი აქვს გახეთქილი და მუხლი დაზიანებული. ცაგურიას და ალადაშვილის საქმე მოსამართლე იყო დიმიტრი გვრიტიშვილმა განიხილა, რომელმაც ადვოკატის არც ერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. ადვოკატი ითხოვდა ფირის, სხეულის და ტანსაცმლის ექსპერტიზას. ადვოკატს, ასევე, არ მიეცა მოწმეებისთვის, რომლებსაც წარმოადგენდნენ საპატრულო პოლიციის სამი თანამშრომელი, კითხვების დასმის შესაძლებლობა.
 
შსს-ს ინფორმაციით, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო გააჩერეს ავტომანქანა, რომელშიც იყვნენ დაჩი ცაგურია და ბექა ალადაშვილი, თუმცა ისინი არ დაემორჩილნენ საპატრულო პოლიციის მოთოვნას და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს მათ.
 
სახალხო დამცველის პრესსამსახურის თქმით, მათი წარმომადგენლები უკვე შეუდგნენ დაჩი ცაგურიას საქმესთან დაკავშირებით მუშაობას და დეტალებს საზოგადოებას მოგვიანებით მიაწვდიან.


































19:48 – მოძრაობა “არას” ლიდერის ლევან ჩიტაძის თქმით, დაჩი ცაგურია, რომელიც შსს-მ დღეს დააკავა, შსს-ს წინასწარი დაკავების იზოლატორშია და ის ცოცხებით არის ნაცემი. მისივე თქმით, თბილისის საქალაქო სასამართლომ ცაგურიას და მასთან ერთად დაკავებულ კიდევ ერთ პირის – ბექა ალადაშვილს 10-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. მომხდარის გამო, ჩიტაძის თქმით, ხვალ აქცია გაიმართება შსს-ს წინასწარი დაკავების იზოლატორთან.


19:30 – მოძრაობა “არას” ხელმძღვანელის ლევან ჩიტაძის ინფორმაციით გლდანის აქციის მონაწილეები ეტაპობრივად გადაიცვლებენ ფილარმონიისკენ, მისი თქმით აქციები ყოველ დღე, 5 საათზე ფილარმონიასთან გაიმართება, უცვლელი მოთხოვნებით, უნდა დაისაჯოს ყველა, ვინც მონაწილეობდა, გეგმავდა და იძლეოდა ბრძანებებს პატიმართა გაუპატიურებაზე.
 
ჩიტაძის თქმით აქციაზე არსებობს პროვოკაციის საფრთხე, მოდიან 20–25 წლის ბიჭები, რომლებიც აქციის მონაწილეებს ეუბნებიან რომ პატრიარქის ბრძანებით აქცია უნდა დაიშალოს:

“ეს ბიჭები ზოგს მამა დავითის მიმართლებით, ზოგს ქაშუეთის ეკლესიისკენ, ხოლო ზოგს გლდანის ციხისკენ წასასვლელად მოუწოდებენ. ეს არის ცალსახა პროვოკაცია, რომელიც ნაციონალური მოძრაობის მიერ არის დაგეგმილი”, – განაცხადა ჩიტაძემ, მან ხალხს მოუწოდა რომ არ აყვნენ პოვოკაციას და დარჩნენ ფილარმონიასთან.

 

19:10 – აქციის მონაწილეებმა ფილარმონიასთან ცოცხები დაწვეს. ამის შემდეგ, მათი ნაწილი ფილარმონიიდან ქაშვეთის ტაძრისკენ გაემართა. მათ გადაადგილებას საავტომობილო მოძრაობის გადაკეტვა არ მოჰყოლია. ფილარმონიასთან ამ დრომდე რჩება რამდენიმე ასეული ადამიანი. ერთ–ერთმა ახალგაზრდამ აქციის მონაწილეებს პროტესტის გაგრძელებისკენ და არდაშლისკენ მოუწოდა. მათი თქმით, დღეს აქცია რამდენიმე საათში დასრულდება, ხვალ კი ისევ განახლდება.

 

18:15 – აქციაზე სიტყვით გამოვიდა სახალხო ფრონტის წარმომადგენელი ნოდარ ნათაძე, მან განაცხადა, რომ არჩევნებამდე სიმშვიდით უნდა მივიდეთ და შემდეგ ხმები დავიცვათ:

 

“არ მაქვს უფლება დაგიმალოთ და პირადი გამოცდილებით მინდა გითხრათ, რომ ეს ბრძოლა იქნება ხანგრძლივი და არ იქნება მსხვერპლის გარეშე. ეს ბრძოლა უნდა მოვიგოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველო დაიღუპება”, – განაცხადა ნათაძემ. მან მოუწოდა სტუდენტებს, რომ წაყენებული მოთხოვნები მტკიცედ დაიცვან და უკან არ დაიხიონ.

 

18:10 – ფილარმონიის წინ შეკრებილებს სტუდენტები შეუერთდნენ, რომლებიც მოდულის შემობიდან მოემართებოდნენ. აქციის მონაწილეები მათ შეძახილებითა და ტაშით შეხვდნენ. ისინი აცხადებენ, რომ მანამდე იდგებიან ერთად, სანამ ყველა პატიმრის უფლება არ იქნება დაცული

 

17:45 – აქციაზე სიტყვით გამოვიდა მოძრაობა “არას” წარმომადგენელი ლევან ჩიტაძე, ის პატრიარქის განცხადებას გამოეხმაურა. ჩიტაძის განცხადებით, პატრიარქი სტუდენტებმა შეცდომაში შეიყვანეს, რადგან ისინი იყვნენ ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები:

 

“მათ პატრიარქს ცრუ ინფორმაცია მიაწოდეს სტუდენტების ქცევის შესახებ, თითქოს ისინი უნივერსიტეტში შევარდნას, ან რამის დარბევას აპირებდნენ, რასაც მოჰყვა პატრიარქის განცხადება”, – აღნიშნა ჩიტაძემ. მისი თქმით, სტუდენტებისა და პატრიარქის შეხვედრა გიგი უგულავას ორგანიზებით მოხდა, ჩიტაძემ ასევე აღნიშნა, რომ უგულავას დავალებით სტუდენტების ნაწილს “ქართული ოცნებისა” და “ნაციონალური მოძრაობის” მაისურების ჩაცმა და პროვოკაციის მოწყობა დაევალათ, ამიტომ ჩიტაძემ ხალხს მოუწოდა, ერთ კონკრეტულ ადგილზე, ფილარმონიასთან შეგროვდნენ.

 

17:32 – ფილარმონიასთან სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების საპროტესტო აქცია განახლდა. რამდენიმე წუთის წინ აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა ირაკლი კაკაბაძემ. მან აქციის მონაწილეებს სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდა და ხელისუფლების მხრიდან შესაძლო პროვოკაციაზე ისაუბრა.

აქციის მონაწილეებს ასევე სიტყვით მიმართა რატი ამაღლობელმა.

 

“არა ძალადობას! ჩვენს განსხვავებულობაშია ჩვენი ძალა! არჩევნებამდე უნდა მივიდეთ მშვიდად, თუმცა ამ არჩევნებამდე პროტესტის გარეშე მისვლა შეუძლებელია,” – განაცხადა მან.

 

რატი ამაღლობელმა ასევე ისაუბრა მედიის თავისუფლების აუცილებლობაზე და აღნიშნა, რომ აუცილებელია “მასთ ქერის” გაგრძელება.

 

აქციაზე საზოგადოებისთვის ცნობილი სხვა სახეებიც იმყოფებიან.

 

შეგახსენებთ, რომ საპროტესტო აქცია ფილარმონიასთან უკვე მეხუთე დღეა, რაც იმართება. აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც ციხეებში პატიმრების წამების ამსხველი ვიდეომასალა გავრცელდა. აქციის მონაწილეები დამნაშავე პირების დასჯას მოითხოვენ. ამ დროისთვის თანამდებობიდან გადადგა ორი მინისტრი – ხათუნა კალმახელიძე და ბაჩო ახალაია, დაკავებულია სასჯელაღსრულების სისტემის 11 თანამშრომელი.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *