ახალი ამბები

გიორგი ტუღუშმა უახლოეს სამოქმედო გეგმაზე ისაუბრა

22 სექტემბერი, 2012 •
გიორგი ტუღუშმა უახლოეს სამოქმედო გეგმაზე ისაუბრა

მინისტრმა აღნიშნა, რომ უკვე გაცემულია დავალებები პატიმართა ფსიქორეაბილიტაციის კუთხით,  რათა მოხდეს მსხვერპლთა სრული იდენტიფიცირება, ამ სფეროში მომუშავე გამოცდილ ორგანიზაციებთან კომუნიკაციის მეშვეობით; დაიწყო სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სრული რეფორმირება, რესურსების გაზრდა და თანამედროვე სტანდარტებზე დაფუძნებული სამსახურის შექმნა, რაც მოიცავს მსოფლიოს საუკეთესო გამოცდილებების გაზიარებას. ამავდორულად, მოხდება სამინისტროს მხრიდან შიდა კონტროლის ეფექტური მექანიზმების დანერგვა, რაც მაქსიმალურად გამორიცხავს პატიმართა მიმართ არაადამიანურ და ღირსების შემლახავ მოპყრობას.

 

მინისტრის განცხადებით, დაწყებულია პატიმართა ყოფითი პირობების გაუმჯობესება. უკვე დღეს გლდანის #8 დაწესებულებაში შეიტანენ ლეიბებს, რათა პატიმრებს აღარ მოუწიოთ ფიცარნაგებზე წოლა.

 

გიორგი ტუღუშმა ასევე განაცხადა, რომ განახევრდება პრობაციონერთა რაოდენობა, უნდა მოხდეს პატიმართა რაოდენობის შემცირება ვადამდე გათავისუფლების კომისიის მუშაობის გაზრდის ხარჯზე; აუცილებლად უნდა შეიქმნას საზოგადოებრივი საბჭო, აღნიშნულ საკითხზე სამინისტრო არასამთავრობო სექტორთან და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად იმსჯელებს.

 

მინისტრმა აღნიშნა, რომ უკვე გასცა  ყველა გადაუდებელი საჭიროებების მქონე პატიმრის იდენტიფიცირებისა და მათთვის დროული სამედიცინო დახმარების აღმოჩენის განკარგულება, ძირფესვიანად გადაიხედება მიმდინარე ჯანდაცვის რეფორმა, რაც უზრუნველყოფს  პატიმართა დაავადებების დროულ იდენტიფიცირებას, სამოქალაქო სექტორის ტოლფასი ჯანდაცვის სერვისების დანერგვას.

 

აუცილებელია განხორცილედეს სასჯელაღსრულების და პრობაციის სასწავლო ცენტრის რეფორმირება მისი ეფექტურობის ასამაღლებლად, განსაკუთრებით სასჯელაღსრულების მოხელეთა მომზადებისა და სისტემატური გადამზადებისთვის; სასჯელაღსრულების სისტემაში უნდა დაინერგოს ახლებური ელექტრონული სისტემა, რომელიც გაზრდის დაინტერესებულ პირთა მხრიდან ინფორმაციის ხელმისაწვდომობას და დაწესებულების გამჭვირვალობას. მათ შორის უახლოეს პერიოდში დაინერგება მოკლევადიან და გრძელვადიან პაემნებზე ონლაინ რეგისტრაციის სერვისი, ადვოკატთა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში დაშვების  ახლებური სისტემა, რომელიც ადვოკატებს ბევრად გაუადვილებს დაცვის ქვეშ მყოფ პირებთან შეხვედრის დაგეგმვას.

მასალების გადაბეჭდვის წესი