ახალი ამბები

CIA-ის შეფასებით, ტრამპს გამარჯვებაში რუსეთის ჩარევა დაეხმარა – “ვაშინგტონ პოსტი”

10 დეკემბერი, 2016 •
CIA-ის შეფასებით, ტრამპს გამარჯვებაში რუსეთის ჩარევა დაეხმარა – “ვაშინგტონ პოსტი”

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს საიდუმლო შეფასების თანახმად, რუსეთი აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩაერია, რათა დონალდ ტრამპს გამარჯვებაში დახმარებოდა, – იუწყება ამერიკული გამოცემა “ვაშინგტონ პოსტი” (The Washington Post).

გამოცემის თანახმად, ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ (CIA) დაადგინა იმ პირების ვინაობა, ვისაც რუსეთის მთავრობასთან ჰქონდათ კავშირები და “ვიკილიქსს” (ორგანიზაციას, რომელიც ანონიმური წყაროებიდან მოპოვებულ, ხშირად – საიდუმლო, დოკუმენტებს აქვეყნებს) ათასობით ელექტრონული შეტყობინება მიაწოდეს დემოკრატიული პარტიის სერვერის გატეხის შედეგად. გამოცემა თანამდებობის პირებზე დაყრდნობით წერს, რომ ეს ფაქტი უფრო ფართომასშტაბიანი რუსული ოპერაციის ნაწილი იყო, რათა ტრამპის გამარჯვებისათვის ხელი შეეწყოთ და კლინტონის პრეზიდენტობის შანსები შეემცირებინათ.

ტრამპის გუნდმა 11 დეკემბრის საღამოსვე გაავრცელა საპასუხო განცხადება: “ეს იგივე ხალხია, ვინც ამბობდა, რომ სადამ ჰუსეინს მასობრივი განადგურების იარაღი ჰქონდა. არჩევნები დიდი ხნის წინ დასრულდა და მასში მონაწილეობა უამრავმა ადამიანმა მიიღო – ისტორიის განმავლობაში ეს ერთ-ერთი ისეთი არჩევნები იყო, სადაც ყველაზე მეტი ადამიანი მოვიდა. ახლა დროა, მუშაობა გავაგრძელოთ და ამერიკა ისევ დიადი გავხადოთ”, – წერია განცხადებაში.

CIA-ის აგენტების თქმით, “საკმაოდ ნათელია”, რომ ტრამპის არჩევა რუსეთის მიზანი იყო, თუმცა, როგორც გამოცემა “გარდიანი” წერს, CIA-ის დასკვნაში გარკვეულ კითხვებზე პასუხი არ არის გაცემული. მაგალითად, CIA-ის აგენტებს არა აქვთ იმის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ რუსეთის ხელისუფლება მართავდა იმ ადამიანებს, ვინც დემოკრატიული პარტიის სერვერის გატეხის შედეგად მოპოვებული საიდუმლო დოკუმენტები “ვიკილიქსს” მიაწოდეს. CIA მხოლოდ იმას ამბობს, რომ მათ კავშირები ჰქონდათ რუსეთის მთავრობასთან.

რუსეთთან რაიმე სახის კავშირს უარყოს “ვიკილიქსის” დამაარსებელი, ჯულიან ასანჟი. თავად დონალდ ტრამპიც ხშირად უარყოფდა სადაზვერვო სამსახურების მიგნებებს რუსეთის მხრიდან სერვერების გატეხაზე. არ მჯერა, რომ ისინი აშშ-ის არჩევნებში ჩაერივნენ, – უთხრა ტრამპა გასულ კვირას ჟურნალ “ტაიმს”. რაც შეეხება სერვერის გატეხას – მისი თქმით, ამის უკან, შესაძლოა, “იდგეს რუსეთი, ან იდგეს ჩინეთი, ან იდგეს ჩვეულებრივი ტიპი ნიუ-ჯერსიდან”. აშშ-ის არჩევნებთან რაიმე კავშირს უარყოფს რუსეთიც.

ჯერჯერობით უცნობია, გასაჯაროვდება თუ არა CIA-ის შეფასების სრული ტექსტი.

2016 წლის 8 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში “დემოკრატების” კანდიდატი ჰილარი კლინტონი  რესპუბლიკური პარტიის კანდიდატ დონალდ ტრამპთან დამარცხდა. დონალდ ტრამპის, აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის ინაუგურაცია 2017 წლის 20 იანვარს გაიმართება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი