ახალი ამბები

ირაკლი კოვზანაძე: რეგიონში ერთ-ერთი საუკეთესო ეკონომიკური ზრდა იქნება საქართველოში

9 დეკემბერი, 2016 • 1652
ირაკლი კოვზანაძე: რეგიონში ერთ-ერთი საუკეთესო ეკონომიკური ზრდა იქნება საქართველოში

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, ევროპასთან ინტეგრაციის და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატებმა განიხილეს და მხარი დაუჭირეს 2017 წლის ბიუჯეტის საბოლოო პროექტს.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, 2017 წლის ბიუჯეტი  ზრდის ბიუჯეტია:

“1 მილიარდ 270 მილიონით მეტი დაიხარჯება 2017 წელს, ვიდრე წელს დაიხარჯა. ახალი ინიციატივებია ჩადებული, 4-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა არის გათვალისწინებული. რეგიონში ერთ-ერთი საუკეთესო ზრდა იქნება. ესტონური მოდელი იწყებს მოქმედებას იანვრიდან, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთ-ერთი საუკეთესო საინვესტიციო გარემო გვექნება. ახალი ინვესტიციები იქნება, ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნება. ეს არის ზრდის ბიუჯეტი. ახალი ეკონომიკური იმპულსებია ჩადებული მომავალი წლის ბიუჯეტში,” – აღნიშნა კოვზანაძემ.

ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განმარტებით, 300 მილიონ ლარზე მეტით გაიზრდება ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება, ეკონომიკის სამინისტროს დაფინანსება- 270 მილიონი ლარით, განათლების სამინისტროს დაფინანსება- 145 მილიონი ლარით, ხოლო ჯანდაცვის სამინსიტროს დაფინანსება- 257 მილიონი ლარით.

საქართველოს ბიუჯეტის 2017 წლის პროექტში აღნიშნულია, რომ ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების უმრავლესობაში 10%-ით შემცირდა შრომის ანაზღაურების ფონდი. რეალურად, საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულთა რაოდენობა 1001 ადამიანით გაიზარდა 2016 წელთან შედარებით, ხოლო შრომის ანაზღაურებისთვის გამოყოფილი თანხა  49 მლნ 799 ათას 200 ლარით შემცირდა, ანუ 3.45%-ით.

ამავე თემაზე: დაანონსებული ხარჯების შემცირება საჯარო მოხელეთა ნაწილის დათხოვნასაც გულისხმობს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი