ახალი ამბებიეკონომიკა

ხელფასების ხარჯის შემცირებაზე მთავრობის დაპირება და რეალობა

2 დეკემბერი, 2016 • 3631
ხელფასების ხარჯის შემცირებაზე მთავრობის დაპირება და რეალობა

საქართველოს ბიუჯეტის 2017 წლის პროექტში აღნიშნულია, რომ ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების უმრავლესობაში 10%-ით შემცირდა შრომის ანაზღაურების ფონდი. რეალურად, საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულთა რაოდენობა 1001 ადამიანით გაიზარდა 2016 წელთან შედარებით, ხოლო შრომის ანაზღაურებისთვის გამოყოფილი თანხა  49 მლნ 799 ათას 200 ლარით შემცირდა, ანუ 3.45%-ით.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 29 ნოემბერს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა:

“თითქმის ყველა საბიუჯეტო ორგანიზაციაში 10–10 პროცენტით იკვეცება შრომის ანაზღაურების ფონდი და ადმინისტრაციულ ხარჯები, აღნიშნული შემცირება 2016 წელთან შედარებით იწვევს 100,0 მლნ ლარზე მეტი ეკონომიის წარმოქმნას”.

რა ხდება რეალურად? ჩვენ უპირველესად 2016-17 წლებში მთავრობის ადმინისტრაციისა და სამინისტროებისთვის გამოყოფილი სახელფასო ფონდები და დასაქმებულთა რაოდენობა შევადარეთ ერთმანეთს. შედეგად მივიღეთ, რომ, ჯამში, მთავრობის ადმინისტრაციაში და სამინისტროებში 2017 წელს 3064 ადამიანი იქნება დასაქმებული (7 ადამიანით ნაკლები წინა წელთან შედარებით), ხოლო მათი შრომის ანაზღაირებისთვის დაიხარჯება 1 მლრდ 116 მლნ 50 ათასი ლარი, რაც წინა წელთან შედარებით 4.90%-ით, ანუ 57 მლნ 497 ათასი ლარით ნაკლებია.

ვრცლად სამინისტროების დაფინანსების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ინფოგრაფიკაზე:

როგორც ამ ციფრებიდან ჩანს, ყველაზე მეტად, ანუ 15.14%-ით შრომის ანაზღაურების ხარჯები შეამცირა ეკონომიკის სამინისტრომ. ყველაზე მეტად, 5.95%-ით გაიზარდა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხარჯები.

რაც შეეხება სხვა სახელისუფლებო უწყებების დაფინანსებას, როგორც ირკვევა, საშუალოდ 10%-იანი შემცირებები შეეხო რწმუნებულ-გუბერნატორების ადმინისტრაციებს. სხვა უწყებებში უმეტესწილად სახელფასო ფონდი გაზრდილია. მაგალითად, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ხელფასების ბიუჯეტი 17%-ითაა გაზრდილი ისე, რომ არ გაზრდილა დასაქმებულთა რაოდენობა (150 ადამიანი); 10%-ითაა გაზრდილი ხელფასების თანხა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ისე, რომ აქაც, ისე როგორც 2016 წელს, მომავალ წელსაც იმუშავებს 3850 ადამიანი.

დეტალურად სახელისუფლებო უწყებებში დასაქმებულთა რაოდენობისა და მათი ხელფასების შესახებ მონაცემებს გაეცანით ამ ცხრილში:

მასალების გადაბეჭდვის წესი