ახალი ამბები

დაანონსებული ხარჯების შემცირება საჯარო მოხელეთა ნაწილის დათხოვნასაც გულისხმობს

7 დეკემბერი, 2016 • 3049
დაანონსებული ხარჯების შემცირება საჯარო მოხელეთა ნაწილის დათხოვნასაც გულისხმობს

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, სახელმწიფო უწყებებმა საკუთარი სპეციფიკიდან გამომდინარე თავად უნდა გადაწყვიტონ, რა ფორმით მოახდნენ ხარჯების ოპტიმიზაციას.

ნეტგაზეთის შეკითხვაზე, ჯამში, საჯარო უწყებების თანამშრომელთა რამდენი პროცენტით შემცირება იგეგმება, პრესსამსახურში კომენტარი არ გააკეთეს, თუმცა განაცხადეს, რომ “არ იგეგმება დიდი რაოდენობით მოხელეთა გათავისუფლება”.

“სახელმწიფო აპარატის მოქნილობისა და ეფექტიანობის მაქსიმალურად გასაზრდელად და, ამავდროულად, მისი ხარჯების შესამცირებლად, საქართველოს მთავრობა დგამს შესაბამის ნაბიჯებს – 2017 წლის ბიუჯეტით მნიშვნელოვნად შეიკვეცა ადმინისტრაციული ხარჯები. წარსულში, ნებისმიერი ხელისუფლების პირობებში, მ.შ.პ-ს ზრდასთან ერთად, იზრდებოდა ადმინისტრაციული ხარჯი. 2017 წელს კი, მ.შ.პ-ს ზრდის მიუხედავად, ადმინისტრაციული ხარჯების დარეგულირებასთან ერთად, სახელფასო ფონდიც შემცირდება.

სახელმწიფო უწყებები, საკუთარი სპეციფიკიდან გამომდინარე, გადაწყვეტენ, რა ფორმით მოახდენენ ხარჯების ოპტიმიზაციას. ამ ღონისძიებების შედეგად ბიუჯეტი ათეულობით მილიონ ლარს დაზოგავს. ეს არის პირველი ეტაპი, რომელიც გათვალისწინებულია 2017 წლის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში და ამ მიმართულებით ღონისძიებები მომავალშიც გატარდება. აქვე განვმარტავთ, რომ არ იგეგმება დიდი რაოდენობით მოხელეთა გათავისუფლება, რაც, ერთი მხრივ, გამოიწვევდა სახელმწიფო აპარატის ეფექტიანობის დაქვეითებას, მეორე მხრივ კი, უამრავ ადამიანს დატოვებდა შემოსავლის წყაროს გარეშე. საქართველოს მთავრობა მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებისკენ ნაბიჯები უნდა გადაიდგას ეტაპობრივად, გეგმაზომიერად და რომელიც განხორციელდება მმართველობის რეფორმის გააზრებული გეგმის ფარგლებში,”- განუცხადეს ნეტგაზეთს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში.

დღეს, 7 დეკემბერს, საქართველოს განათლების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ ჟურნალისტებთან საუბრისას  განაცხადა, რომ სამინისტროში ოპტიმიზაციის პროცესი დაწყებულია.

“ზოგან მეტი ხალხი გვეყოლება, ზოგან ნაკლები. რაც უკვე გაცხადებულია, ეს არის, რომ ჩვენ 10%-ით ნაკლებს დავხარჯავთ როგორც ანაზღაურებების ნაწილში, ასევე, ადმინისტრაციული ხარჯების ნაწილში… შარშან, მაგალითად, სამინისტროდან 100 თანამშრომლამდე წასულია. წელსაც დაახლოებით 100 თანამშრომლამდე უკვე არის წასული. მოკლედ, ეს პროცესი, მე მინდა ხაზი გავუსვა, რომ მუდმივი და ჯანსაღი პროცესია. ანუ ეს არ არის ერთჯერადი ქმედება. მთავრობა წინ მიდის ამ თვალსაზრისითაც, რომ უფრო  გამხდარი იყოს, ჩემგან რაც უნდა უცნაურად ჟღერდეს, და უფრო ეფექტურად ხარჯავდეს ხალხის ფულს,”- განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ნეტგაზეთის ინფორმაციით, ერთ-ერთი სამინისტროს თანამშრომლები უკვე გააფრთხილეს შესაძლო შემცირებების შესახებ.

საქართველოს ბიუჯეტის 2017 წლის პროექტში აღნიშნულია, რომ ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების უმრავლესობაში 10%-ით შემცირდა შრომის ანაზღაურების ფონდი. რეალურად, ამავე პროექტის თანახმად, საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულთა რაოდენობა 1001 ადამიანით გაიზარდა 2016 წელთან შედარებით, ხოლო შრომის ანაზღაურებისთვის გამოყოფილი თანხა  49 მლნ 799 ათას 200 ლარით შემცირდა, ანუ 3.45%-ით. ვრცლად ამ საკითხზე წაიკითხეთ აქ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი