ახალი ამბები

ხელისუფლება საინვესტიციო სააგენტოს გაუქმებას გეგმავს

9 დეკემბერი, 2016 • 3268
ხელისუფლება საინვესტიციო სააგენტოს გაუქმებას გეგმავს

ხელისუფლება საინვესტიციო სააგენტოს გაუქმებას გეგმავს. ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, სააგენტო ეკონომიკის სამინისტროს შეუერთდება.

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, ევროპასთან ინტეგრაციის და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების გაერთიანებული სხდომაზე დეპუტატები 2017 წლის ბიუჯეტის საბოლოო პროექტს განიხილავენ. გიორგი კაკაურიძის განცხადებით, დაგეგმილი რეფორმებისთვის საჭირო ხარჯების მობილიზებისთვის ხელისუფლება დამატებითი ფინანსური რესურსების  ხარჯებს შემაცირებს:

“რამდენიმე უწყების გაუქმება არის დაგეგმილი, რაც   ბიუჯეტითაც არის წარმოდგენილი. მათ შორის, საინვესტიციო სააგენტო ცალკე უწყება აღარ იქნება და შეუერთდება ეკონომიკის სამინისტროს, სამინისტროში გადავა ეს ფუნქციები.  ასევე, როგორც მოგეხსენებათ,  უქმდება ეკონომიკური საბჭოს აპარატი და მცირდება კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის დაფინანსება,” აღნიშნა გიორგი კაკაურიძემ.

2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი 11 457,2 მლნ ლარით განისაზღვრა. სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები 11 415.5 მლნ ლარის ოდენობით განისაზღვრა, მათ შორის: – საბიუჯეტო სახსრები შეადგენს 10 338.3 მლნ ლარს, გრანტები – 154.5 მლნ ლარს, ხოლო კრედიტები – 922.7 მლნ ლარს. სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების ჯამური მოცულობა 9 121.2 მლნ ლარს შეადგენს.

საქართველოს ბიუჯეტის 2017 წლის პროექტში აღნიშნულია, რომ ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების უმრავლესობაში 10%-ით შემცირდა შრომის ანაზღაურების ფონდი. რეალურად, საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულთა რაოდენობა 1001 ადამიანით გაიზარდა 2016 წელთან შედარებით, ხოლო შრომის ანაზღაურებისთვის გამოყოფილი თანხა  49 მლნ 799 ათას 200 ლარით შემცირდა, ანუ 3.45%-ით.

ამავე თემაზე: დაანონსებული ხარჯების შემცირება საჯარო მოხელეთა ნაწილის დათხოვნასაც გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი