ახალი ამბები

საგარეო: უვიზო რეჟიმი საქართველოსთვის შეჩერების მექანიზმთან ერთად ამოქმედდება

8 დეკემბერი, 2016 • 2000
საგარეო: უვიზო რეჟიმი საქართველოსთვის შეჩერების მექანიზმთან ერთად ამოქმედდება

საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტს შორის შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით მიღწეულ შეთანხმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:

სამინისტროს ცნობით, ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტს შორის მიმდინარე მოლაპარაკებები სავიზო რეჟიმის შეჩერების განახლებული მექანიზმის კომპრომისულ ტექსტზე წარმატებით დასრულდა და რეგულაციის საბოლოოდ შეთანხმებულ რედაქციას კენჭი ეყარა სამოქალაქო თავისუფლების, მართლმსაჯულების და საშინაო საკითხების (LIBE) კომიტეტის სხდომაზე. კენჭისყრა შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე მომავალ კვირაში გაიმართება.

შემდგომი პროცედურის თანახმად, საქართველოს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხზე შესაბამისი რეგულაციის ცვლილების საბოლოო ტექსტის შეთანხმების მიზნით სამმხრივი კონსულტაციები გაიმართება მომდევნო კვირაში, რის შემდეგაც საქართველოს საკითხს კენჭი ეყრება ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე, ხოლო საბოლოოდ კი რეგულაცია ფორმალურად დამტკიცდება ევროკავშირის საბჭოს მიერ. უვიზო მიმოსვლის რეჟიმი საქართველოსთან ამოქმედდება შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებული ცვლილების ძალაში შესვლასთან ერთად.

“დღეს მიღწეული შეთანხმება მნიშვნელოვანია საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის თვალსაზრისით და პირდაპირ უკავშირდება საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღების საკითხს. შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით მიღწეული პროგრესი ქმნის საფუძველს იმისათვის, რომ საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შემდგომი საკანონმდებლო პროცედურები შეუფერხებლად გაგრძელდება და უახლოეს პერიოდში დასრულდება.” – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი