ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“აფხაზეთის სომეხთა კავშირი” რუსეთის “ჯავახკის” წინააღმდეგ

7 დეკემბერი, 2016 • 3953
“აფხაზეთის სომეხთა კავშირი” რუსეთის “ჯავახკის” წინააღმდეგ

“რუსეთის ჯავახკის დიასპორის მიმართვა აფხაზეთის შიდა საქმეებში ჩარევაა”, – ასეთ განცხადებას აქვეყნებს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის “სომეხთა კავშირი”.

განცხადებაში ნათქვამია, რომ 2016 წლის 5 დეკემბერს რიგ საინფორმაციო პორტალებზე გამოქვეყნდა რუსეთის “ჯავახკის” დიასპორის თავმჯდომარის, აგასი არაბიანის მიმართვა, სადაც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ოპოზიციას და არასამთავრობოებს ბრიტანული სპეცსამსახურების მიერ დაფინანსების მიღებაში ადანაშაულებს. ამასთან, როგორც არაბიანი ამბობს, აფხაზეთში ეს ფული არასამთავრობო ორგანიზაციების [“შერიგების რესურსები”, “ჰუმანიტარული პროგრამების ცენტრი”] საშუალებით ხვდება. არაბიანის განცხადებითვე, აღნიშნული ინფორმაცია აფხაზეთის სომხური სათვისტომოს ავტორიტეტულმა წარმომადგენლებმა მიაწოდეს.

“აქედან გამომდინარე, აფხაზეთის სომეხთა კავშირი საჭიროდ მიიჩნევს განაცხადოს, რომ აღნიშნული ინფორმაცია ცილისწამებაა. ეს განცხადება აფხაზეთის შიდა საქმეებში ჩარევაა და მისი გავრცელებისა და შეურაცხყოფისთვის ორგანიზაციის ხელმძღვანელს პასუხისმგებლობა მოუწევს. იმ შემთხვევაში, თუ ვერ დაამტკიცებს ამას, საჯარო ბოდიშს მოვითხოვთ”.

“სომეხთა კავშირი” აფხაზეთში აქვე აცხადებს, რომ აღნიშნული შემთხვევა პირველი არაა, როდესაც რუსეთის “ჯავახკი” აფხაზეთში ეთნიკური ჯგუფების დაპირისპირების მიზნით ცრუ ინფორმაციას ავრცელებს – “მანამდე “ჯავახკმა” გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სომეხთა კავშირი აფხაზეთში თითქოს ავტონომიას ითხოვს”.

მსგავსი სკანდალური განცხადებები სხვადასხვა დროს “ჯავახკის” რუსეთის დიასპორას სომხურ-ქართულ ურთიერთობებსა და NATO-ში საქართველოს ინტეგრაციაზეც გაუკეთებია.

მასალების გადაბეჭდვის წესი