ახალი ამბები

საქართველოს პარლამენტის წევრი ამბობს, რომ მეგის ქარდავას სახელით ემუქრებიან

7 დეკემბერი, 2016 • 2150
საქართველოს პარლამენტის წევრი ამბობს, რომ მეგის ქარდავას სახელით ემუქრებიან

საქართველოს პარლამენტის წევრი ენმ-დან ლელა ქებურია აცხადებს, რომ მოქალაქე ნიკა ლოგუასგან მუქარის შემცველი შეტყობინება მიიღო.

ლელა ქებურიას მიერ გამოქვეყნებულ შეტყობინებაში ჩანს, რომ ნიკა ლოგუა მეგის ქარდავას მოკითხვას უთვლის და ამბობს, რომ “პასუხი ექნება გასაცემი”.

15284821_906397326161670_7038069834281202363_n

 

ლელა ქებურიამ ნეტგაზეთს უთხრა, რომ მისი აზრით ეს ტექსტი შეიცავს მუქარას. თავდაპირველად დეპუტატმა გვითხრა, რომ პოლიციისთვის მიმართვას აპირებდა, თუმცა შემდეგ დააზუსტა, რომ ამას არ გააკეთებს. მისი თქმით, “ივანიშვილის პროკურატურაში ჩივილს აზრი არ აქვს და ასევე რთულია იმის დადგენა, სამართლებრივად, არის თუ არა ეს ყველაფერი დანაშაული.

ნეტგაზეთის კითხვას, ხომ არ უკავშირდება ზემოხსენებული შეტყობინება პარტიაში არსებულ აზრთა სხვადახვაობას რამდენიმე საკითხზე, ლელა ქებურიამ, რომელიც დავით ბაქრაძის, გიგა ბოკერიას, სერგო რატიანის და ნიკა მელიას გუნდში მოიზარება, გვითხრა:

 

“ალბათ, ვერ გეტყვით. ვერ დავიწყებ იმის მტკიცებას ჯერ, რომ ნამდვილად ვიღაცის დავალებით გააკეთა. შეიძლება თავისი ინიციატივითაც იყოს დაწერილი ეს მუქარა. მე არაფერს ვამტკიცებ. უბრალოდ, ტექსტი აშკარად არის მუქარის და ასეთი მუქარა თუ დაუსჯელი დარჩება, სხვასაც შეუძლია იგივე გააკეთოს, ამიტომ უნდა მოხდეს ამაზე რეაგირება, თორემ მე არ ვამტკიცებ, რომ ეს მიზანმიმართულად მოდის ვიღაცისგან”, – გვითხრა ლელა ქებურიამ.

დეპუტატის თქმით, მან შეტყობინების საპასუხოდ ადრესატს თავისი ტელეფონის ნომერი მისწერა და სთხოვა დაერეკა, თუ მასთან რაიმე შეკითხვები ჰქონდა. ქებურიას თქმით, ტელეფონს მისმა მეუღლემ უპასუხა, რომელსაც ლოგუამ უთხრა, რომ კეთილის მსურველი იყო და რჩევას აძლევდა,  “რაიმე ცუდი არაფერი დაემართოს ამის გამოო”.

ნიკა ლოგუამ ლელა ქებურიას ფეისბუკ-პოსტზე განმარტება გააკეთა და დაწერა, რომ მას დეპუტატისთვის არაფერი მიუწერია აღნიშნულ თემაზე:

 

“მინდა გამოვეხმაურო, ლელა ქებურიას მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ე.წ. სქრინს, რომელიც თითქოს მე მეკუთვნის, რაც არ შეეფერება სიმართლეს – აღნიშნულს ადასტურებს ის ფაქტი, რომ მე არ ვარ მეგის ქარდავას დეიდაშვილი და ეს ადვილად გადამოწმებადია. ეს არის წილისწამება და სრული აბსურდი. მე არავისთვის არაფერი არ მიმიწერია აღნიშნულ თემაზე. გთხოვთ შეეშვათ ჩემს გამოყენებას თქვენი პოლიტიკური მიზნებისთვის”, – დაწერა ნიკა ლოგუამ. მის ფეისბუკ გვერდზე 23 ნოემბერს გამოქვეყნებული ასეთი პოსტი იძებნება:

Screen Shot 2016-12-07 at 10.54.12 AM

მოგვიანებით ლოგუამ ტელეკომპანია იმედთან საუბარში განაცხადა, რომ მას ამ საკითხზე საუბარი არ სურდა და როდესაც ქებურიას წერდა, ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი