20:55 ამ წუთებში აქციის მონაწილეები ფილარმონიასთან იმყოფებიან. ფილარმონიის მიმდებარე სავალი გზა გადაკეტილია და საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაჩერებულია.
20:20 – “ქართული ოცნების” აქტივისტები, პატიმრების ახლობლები და ნათესავები გლდანის ციხესთან პატიმრებს შეძახილებით ამხნევებენ.
19:53 – ცოტა ხნის წინ გლდანის #8 დაწესებულებიდან გამოვიდა პატიმარ გიორგი ბადიაურის დედა ნონა გულორდავა. მისი თქმით, შვილმა მას განუცხადა, რომ ბოლო ორი დღეა, რაც გლდანის ციხეში სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა და პატიმრებს არ სცემენ. მანამდე კი მსგავსი მოპყრობა რეგულარულ ხასიათს ატარებდა და პატიმრებს ხმამაღლა საუბრისთვისაც კი მკაცრად სჯიდნენ – ცემდნენ და აგინებდნენ. ნონა გულორდავას თქმით, მის შვილს ამჟამად ვენაში ძლიერ გამაყუჩებლებს უკეთებენ, რადგან თირკმლების აუტანელი ტკივილისგან იტანჯება. პატიმრის დედა იხსენებს, რომ გიორგი ბადიაურს ციხეში შესვლამდე ჯანმრთელობის მხრივ მსგავსი პრობლემა არ ჰქონია.
19:20 აქციის მონაწილეთა ნაწილმა ამ წუთებში თავდაცვის სამინისტროსთან ჩაიარა. მათ “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ ისინი არიან “ქართული ოცნების” დიდუბის ორგანიზაციის წევრები და ამ რაიონის ყველა ქუჩასა და ეზოს მოივლიან. ისინი თვადაცვის სამინისტროს შემდეგ მარჯანიშვილის ქუჩისკენ გაემართნენ. აქტივისტები გზადაგზა შენობებს სპეციალური საღებავით “ქართული ოცნების” ლოგოს ახატავენ
19:05 – საპროტესტო მსვლელობა ორთაჭალის ციხიდან მიემართება პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციისკენ. პროტესტის მონაწილეები ამჟამად მეტრო “ავლაბართან” იმყოფებიან.
18:35 – რამდენიმე წუთის წინ გლდანის მე–8 საპყრობილესთან შეკრებილმა პატიმრების ახლობლებმა ქვები დაუშინეს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ავტომობილებს, მათ ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს რუსთავის ციხის საბადრაგოს უფროსს თემურ ქერდოყაშვილს.
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის 7 ავტომობილი გლდანის ციხეს ტოვებდა, რომლებსაც წინ გადაუდგნენ ციხის შესასვლელთან შეკრებილი მოქალაქეები. მათ ქვების სროლით ავტომობილებს ჩაუმსხვრიეს შუშები. თემურ ქერდოყაშვილი მოქალაქეებს უხსნიდა, რომ დღეს დილით გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში რუსთავის ციხიდან გადმოიყვანეს ორი ავადმყოფი პატიმარი, რომლებსაც უკან აბრუნებდნენ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ავტომობილები კი ცარიელი იყო. პატიმრების ახლობლების აზრით, აღნიშნული ავტომობილებით პატიმრები გაჰყავდათ გლდანის ციხიდან, რაც გახდა მათი აგრესიის მიზეზი. მათ საბადრაგოს უფროსს სიტყვიერთან ერთად, ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენეს. ამ დროისათვის გლდანის ციხესთან სიტუაცია განიმუხტა.
“ნეტგაზეთი” რამდენიმე წუთში შემოგთავაზებთ ინციდენტის ამსახველ ვიდეომასალას.
18:13 – ორთაჭალის #1 საპყრობილესთან პროტესტის მონაწილეთა მისვლის შემდეგ პატიმრებმა ციხის გისოსიანი ფანჯრებიდან მაისურები და სხვადასხვა ნაჭრები გადმოფინეს და აფრიალებენ. “ძირს ახალაია!” “სოლიდარობა პატიმრებს!” – ორთაჭალის ციხესთან ამ შინაარსის ლოზუნგები ისმის. აქციაზე დაწვეს ცოცხები.
18:03 – საპროტესტო მსვლელობის მონაწილეები უკვე მივიდნენ ორთაჭალის #1 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან. ისმის სასტვენების ხმა, ტაში და ანტისახელისუფლებო ლოზუნგები.
17:55 – გლდანის ციხის შესასვლლეთან უკვე ერთ საათია დაძაბულობაა. იქ შეკრებილი ადამიანები რუსთავის სასწრაფო დახმარების მანქანას არ აძლევენ საშუალებას, დატოვოს გლდანის ციხე. როგორც სასწრაფო დახმარების ექიმები აცხადებენ, სასწრაფო დახმარების მანქანას გლდანის #18 სამკურნალო დაწესებულებაში რუსთავის ციხიდან გადმოყვანილი ჰყავდათ პაციენტი, რომელსაც ახლა უკან აბრუნებენ. პატიმართა ახლობლები მოითხოვენ აღნიშნული პატიმრის ჩვენებას. ისინი ეჭვობენ, რომ სასწრაფო დახმარების მანქანას გლდანის ციხიდან ნაცემი პატიმარი გადაჰყავს სხვაგან.
17:50 – იუსტიციის სამინისტროსთან შეკრებილი ადამიანები, რომლებიც პატიმართა წამებას უკვე მესამე დღეა აპროტესტებენ, დაიძრნენ ორთაჭალის ციხეებისკენ.
17:45 – “სამეგრელოს მთავარი საინფორმაციო ცენტრი” ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, როლანდ ახალაიას საარჩევნო შტაბის წევრები დაკავებულ თანამდებობებს პროტესტის ნიშნად ტოვებენ. “ნუკრი ნარმანია, რამაზ შენგელია, სიმონ ბენდელიანი, ალიკა ბენდელიანი – ამ ადამიანებმა დღეს სიმბოლურად 5-ნომრიანი წითელი მაისურები გაიხადეს და “ქართულ ოცნებას” შეუერთდნენ”, – წერს “სამეგრელოს მთავარი საინფორმაციო ცენტრი”
17:30 – იუსტიციის სამინისტროსთან უკვე მივიდნენ საპროტესტო მსვლელობის მონაწილეები. მიმდებარე ტერიტორია ხალხითაა სავსე. შეწყვეტილია საავტომობილო მოძრაობა.
17:15 – ამჟამად ხმაურია გლდანის #8 საპყრობილის შესასვლლეთან. იქ შეკრებილი ადამიანები სასჯელაღსრულების დეპარტამენტის 4 ავტომობილს არ აძლევენ ციხის ტერიტორიის დატოვების საშუალებას. ისინი მიიჩნევენ, რომ გლდანის ციხიდან პატიმრები სხვაგან გადაჰყავთ.
16:55 – ამ წუთებში გლდანის ციხესთან შეკრებილმა პატიმრების ახლობლებმა ლალი მოროშკინას ინიციატივით დაიწყეს

ხელმოწერების შეგროვება. ისინი საყოველთაო ამნისტიის გამოცხადებას ითხოვენ.
16:42 – ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა, რომელიც გლდანის #8 საპყრობილიდან გამოვიდა, ციხესთან შეკრებილ ადამიანებს განუცხადა, რომ ციხეში ნახევარი საათის წინ ჩაირთო რადიო და პატიმრებს გაუჩნდათ ინფორმაციის მიღების წყარო. ციხეში რადიო ბოლო სამი დღის მანძილზე იყო გათიშული და პატიმრებს ციხის გარშემო მიმდინარე მოვლენებთან, ასევე წამების ამსახველი ვიდეოების გავრცელების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ. ისინი ახალ ამბავს მხოლოდ ციხეში რამდენიმე წუთით შესული ახლობლებისგან იგებდნენ.
16:40 – საპროტესტო მსვლელობის მონაწილეები ამჟამად მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე იმყოფებიან და მიემართებიან მთავარი პროკურატურისკენ. სანაპიროზე საავტომობილო მოძრაობა შეწყვეტილია, მსვლელობა მიმდინარეობს ტაბიძისა და მშრალ ხიდებს შორის. აღნიშნული ტერიტორია ხალხითაა სავსე.
16:05- ამ წუთებში გლდანის მერვე საპყრობილიდან ადვოკატი ირმა ჭკადუა გამოვიდა. იგი თამაზ თამაზაშვილის შეხვდა. ადვოკატი აცხადებს, რომ მცირე ხნით ესაუბრა თამაზაშვილს, რომელიც აცხადებს, რომ ზეწოლას ადგილი არ ჰქონია. თამაზაშვილი ამბობს, რომ ციხეში სიმშვიდეა იმ თვალსაზრისით, რომ მცველები მუდმივად არ აკონტროლებენ. რადიო კვლავ გამორთულია და სრული ინფორმაციული ვაკუუმია. თამაზაშვილისგან მიღებული ინფორმციის მიხედვით, გუშინ საღამოს პატიმრებს ფანჯრების გაღების საშუალება მისცეს.
15:45 – აქციის მონაწილეები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან მთავარი პროკურატურიკენ დაიძრნენ. ხალხის სიმრავლის გამო ფილარმონიიდან მეტრო “რუსთაველამდე” შეწყვეტილია საავტომობილო მოძრაობა. აქციის მონაწილეები ითხოვენ შს მინისტრის, ბაჩო ახალაიას გადადგომას. აქციაზე გამოჩნდა პლაკატი, რომელზეც გამოსახულია ამერიკული თავისუფლების ქანდაკება ცოცხით ხელში.
15:25 გლდანის მერვე საპყრობილეში ამ წუთებში სასწრაფო დახმარების მანქანა შევიდა. მანქანას “112 რუსთავი” აწერია.
15:00 – ამ წუთებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან დაიწყო ძალადობის წინააღმდეგ მიმართული სტუდენტების საპროტესტო აქცია. აქციის მონაწილეები ცოტა ხანში აპირებენ საპროტესტო მსვლელობის მოწყობას საქართველოს მთავარი პროკურატურისკენ და გააპროტესტებენ ციხეში მომხდარ ძალადობის ფაქტებს. აქციის ორგანიზატორები ასევე აცხადებენ, რომ ისინი გზად სხვადასხვა სამინსიტროებთან გაჩერდებიან და აღნიშნულ სამინისტროებში არსებულ უსამართლობასაც გააპროტესტებენ.
13:00 – პატიმართა მშობლები გლდანის ციხესთან შვილების უსაფრთხოებას და დამნაშავეების დასჯას ითხოვენ. “ჩემს შვილს ამ ინტერვიუების მერე ერთი თმაც რომ ჩამოუვარდეს, დავიწვავ თავს ამათ წინაშე და დავწვავ ამათაც”, – განუცხადა ჟურნალისტებს ერთ–ერთი პატიმრის დედამ.