ახალი ამბებისაზოგადოებახელოვნება

ჰარპერ ლის და მარკ ტვენის წიგნები ვირჯინიის სკოლების სასწავლო პროგრამიდან ამოიღეს

5 დეკემბერი, 2016 • 3335
ჰარპერ ლის და მარკ ტვენის წიგნები ვირჯინიის სკოლების სასწავლო პროგრამიდან ამოიღეს

ჰარპერ ლის “ნუ მოკლავ ჯაფარას” და მარკ ტვენის “ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი” ვირჯინიის (აშშ-ის შტატის) რამდენიმე სკოლის სასწავლო პროგრამიდან ამოიღეს მას შემდეგ, რაც აკომაკის პროვინციის სკოლის ერთ-ერთი მოსწავლის მშობელმა წიგნში გამოყენებული “რასისტული ენის” გამო იჩივლა, –  ინფორმაციას გამოცემა “გარდიანი” ავრცელებს.

“იმდენად ხშირადაა რასისტული ენა გამოყენებული, კითხვას, უბრალოდ, ვერ გაუძლებ”, – განაცხადა მშობელმა. იგი ამბობს, რომ მის შვილს უჭირდა ტექსტის წაკითხვა, რადგან ხშირად ხვდებოდა ტერმინ “ზანგს” (Nigger), რასაც დისკრიმინაციულად მიიჩნევს.

როგორც “გარდიანი” წერს, წიგნების ბედი სპეციალურმა კომიტეტმა უნდა გადაწყვიტოს, — საბოლოო გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ არსებობს, თუმცა “ეროვნულმა კოალიციამ ცენზურის წინააღმდეგ” (რომელიც 50-მდე არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს) უკვე შეაფასა წიგნების აკრძალვა “აღმაშფოთებელ ნაბიჯად”:

“რასიზმის მსგავს სადავო საკითხებზე დისკუსიის თავიდან არიდებით სკოლები დათვურ სამსახურს გაუწევენ თავიანთ მოსწავლეებს”, – დაწერა კოალიციამ ვებსაიტზე. მათი რწმენით, ყველა წიგნი მკითხველს საშუალებს აძლევს, კრიტიკულად გაიაზროს რასებს შორის ურთიერთობის ისტორიული მნიშნველობა და რასის მნიშვნელობა დღევანდელ დღეს.

ეს აშშ-ის სკოლებში წიგნებთან “ბრძოლის” პირველი შემთხვევა არ არის: 2016 წლის ნოემბერში ტენესიში ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეების მშობლები მოითხოვნდნენ სასწავლო სახელმძღვანელოს ამოღებას სასწავლო პროგრამიდან, რადგან მიაჩნდათ, რომ წიგნი “ისლამურ პროპაგანდას ავრცელებდა”. აიოვაში კი სტივენ ჩბოსკის ბესტსელერის, “მარტოსულობის უპირატესობანი”, აკრძალვა მოითხოვეს, რადგან მიაჩნდათ, რომ ზედმეტად დეტალურად (“გრაფიკულად”) იყო აღწერილი სექსუალური სცენები.

“ნუ მოკლავ ჯაფარას” ჰარპერ ლის 1960 წელს გამოცემული რომანია, რომელიც რასობრივ უთანასწორობას ეხება. რომანში მოქმედება მე-20 საუკუნის 30-იანი წლების “დიდი დეპრესიების” პერიოდში ვითარდება. მარკ ტვენის “ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი” კი 1884 წელს გამოიცა (“ტომ სოიერის თავგადასავლის” გამოცემის შემდეგ) – ნოველაში მოქმედება მე-19 საუკუნის 40-იან წლებში ვითარდება (აშშ-ის სამოქალაქო ომამდე). რომანში ავტორი იმდროინდელ საზოგადოებაში დამკვიდრებულ დამოკიდებულებებს სატირულად აკრიტიკებს, განსაკუთრებით — რასიზმს.

ბროკ პიტერსი თამაშობს ტომ რობინსონის როლს 1962 წელს ჰარპერ ლის რომანის მიხედვით გადაღებულ ფილმში "ნუ მოკლავ ჯაფარას". წყარო: "გარდიანი"

ბროკ პიტერსი თამაშობს ტომ რობინსონის როლს 1962 წელს ჰარპერ ლის რომანის მიხედვით გადაღებულ ფილმში “ნუ მოკლავ ჯაფარას”. წყარო: “გარდიანი”

მასალების გადაბეჭდვის წესი