ახალი ამბებისაზოგადოება

უსაფრთხო ქალაქის საფრთხე

5 დეკემბერი, 2016 • 4407
უსაფრთხო ქალაქის საფრთხე

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დანაშაულის პრევენციისა და მასზე ეფექტური რეაგირების მიზნით ახალი პროექტი “უსაფრთხო ქალაქი, უსაფრთხო რეგიონი და უსაფრთხო ქვეყანა” წამოიწყო. როგორ აპირებს უწყება პროექტის განხორციელებას და რა რისკებს შეიცავს შსს-ს მაღალტექნოლოგიური გაძლიერება პერსონალური ინფორმაციის დაცვის თვალსაზრისით?

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ოფიციალურად გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, პროექტის “უსაფრთხო ქალაქი, უსაფრთხო რეგიონი და უსაფრთხო ქვეყანა” ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, პოლიციის მიერ წინასწარგანსაზღვრულ ადგილებში ვიდეოანალიტიკური პროგრამებით აღჭურვილი ე.წ. “ჭკვიანი კამერები” დამონტაჟდება, რომლის უწყვეტი მონიტორინგი განხორციელდება. როგორც საგამოძიებო უწყება აცხადებს, პროექტის მიზანი დანაშაულის პრევენცია და მომხდარ დანაშაულზე ეფექტური რეაგირებაა.

“ნეტგაზეთი” დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს და მათგან დამატებითი ინფორმაცია გამოითხოვა, მათ შორის ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენი კამერის დამონტაჟებას გეგმავს შსს და რამდენია პროექტის ბიუჯეტი. შსს-ს პასუხის თანახმად, ამ ეტაპზე კამერები და პროგრამული უზრუნველყოფა ტესტირების რეჟიმში ხორციელდება:

“ტესტირების რეჟიმის დასრულების შემდეგ ცნობილი იქნება შესაძენი ტექნიკის, იგივე ჭკვიანი კამერების რაოდენობა, ხოლო საცალო ღირებულება განისაზღვრება შესყიდვის პროცედურების დასრულებისთანავე”,- ნათქვამია შსს-ს პასუხში.

“ნეტგაზეთი” ასევე დაინტერესდა ამჟამინდელი მდგომარეობით მთელი ქვეყნის მასშტაბით რამდენი კამერაა დამონტაჟებული და აწარმოებს თუ არა შსს სტატისტიკას იმის შესახებ, რამდენი დანაშაულია გახსნილი ქუჩის კამერებიდან ამოღებული მასალის შედეგად, თუმცა ამ შეკითხვებზე შინაგან საქმეთა სამინისტროსგან პასუხი არ მიგვიღია.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტი გურო იმნაძე ამბობს, რომ ასეთი ტექნოლოგიური გაძლირება უნდა იყოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირების ერთი ნაწილი:

“ტექნოლოგიურ განვითარებას არ უნდა ჰქონდეს ტოტალური კონტროლისკენ მიმართული ხასიათი და მეორე, ეს უნდა ემსახურებოდეს მიზანს, რომ პოლიცია რეპრესიული მექანიზმებით, მოქალაქეების დაშანტაჟებით აღარ იძიებდეს საჭირო ინფორმაციას, მხოლოდ ეს მიზანი უნდა ჰქონდეს ტექნოლოგიურ განვითარებას”,- ამბობს იმნაძე.

პროექტს შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი ოპერაციების ცენტრი ახორციელებს, რომელიც 2016 წლის 4 ოქტომბერს გაიხსნა და შსს-ს ტექნოლოგიების ცენტრალიზებულ ჰაბს წარმოადგენს. იურისტი გურო იმნაძე ხედავს გარკვეულ რისკებს, რომლის შესახებაც შეკითხვებს პროექტის განხორციელებამდე შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა უპასუხოს, მათ შორისაა საკითხი, თუ რამდენად იქნება ჩართული იმ ცენტრის საქმიანობაში შს მინისტრი, რომელიც პოლიტიკური ფიგურაა.

“შეეძლება თუ არა ცენტრს მინისტრისგან დამოუკიდებლად კონკრეტულ ოპერატიული და საპოლიციო ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედოს, ესაა კრიტიკულად მნიშვნელოვანი, რომ ცენტრი მთლიანად არ ექვემდებარებოდეს მინისტრს და მუშაობდეს არა პოლიტიკური ფიგურის ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ დამოუკიდებლად, პოლიციური საჭიროებების მიხედვით. აქაც საჭიროა გარკვეული გარანტიების ჩადება”,- ამბობს იმნაძე.

თუ ცენტრის დებულებას ჩავხედავთ, ამჟამად ასეთი გარანტიები არ არსებობს, პირიქით, დებულების მიხედვით მთლიანად შინაგან საქმეთა მინისტრი წარმართავს ცენტრის საკადრო პოლიტიკას.

კიდევ ერთი საკითხია, თუ რის საფუძველზე აირჩევა ის ადგილები, სადაც “ჭკვიანი კამერები” უნდა დამონტაჟდეს, იქნება თუ არა ეს კონკრეტულ ანალიზზე და საჭიროებაზე დაფუძნებული.  გურო იმნაძე გამოყოფს კამერების მიერ მოპოვებული ინფორმაციის დამუშავების მნიშვნელობასაც, რადგან შესაძლებელია, ვიზუალურ მასალასთან ერთად, კამერამ შეინახოს ხმებიც:

“ძალიან მნიშვნელოვანია, რამდენად მარტივი ან რთული იქნება კამერების მიერ ჩაწერილ ინფორმაციაზე წვდომა, ცენტრის დებულებაში ვკითხულობთ, რომ ცენტრი უზრუნველყოფს, რომ მესამე პირებს არ ჰქონდეთ კამერების მიერ დამუშავებულ ინფორმაციაზე არასათანადო წვდომა. დებულებაში არაფერია ნათქვამი, თვითონ სამინისტროს თანამშრომლების მიერ მასალების წვდომა რამდენად იქნება თავიდან აცილებული”-ამბობს იმნაძე.

მასობრივად ვიდეოკამერების დამონტაჟებასთან დაკავშირებით რისკებს ხედავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი. აპარატში მიაჩნიათ, რომ საჯარო სივრცეში ვიდეოთვალთვალის განხორციელება დასაშვებია დანაშაულის თავიდან აცილების, უსაფრთხოებისა და საკუთრების, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და არასრულწლოვნის მავნე ზეგავლენისაგან დაცვის მიზნებისათვის.

“მნიშვნელოვანია, ვიდეოკამერების განთავსების ადგილები სწორედ ამ მიზნებით შეირჩეს, ჩანაწერებიც სწორედ ამ მიზნებისთვის გამოიყენებოდეს, მათი შენახვის ვადა და არასანქცირებული წვდომა მკაცრად კონტროლდებოდეს და  მოქალაქეთა ინფორმირების მიზნით თვალსაჩინოდ განთავსდეს გამაფრთხილებელი ნიშნები”.

საზოგადოებას ასევე უნდა ჰქონდეს კონტროლის და ანგარიშვალდებულების მექანიზმები, ცენტრის დებულებაში გარე ანგარიშვალდებულების შესახებ ჩანაწერი არ არსებობს, ცენტრი მხოლოდ შინაგან საქმეთა მინისტრის წინაშეა ანგარიშვალდებული. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ცენტრს არა მხოლოდ ე.წ. “ჭკვიანი კამერებით” ოპერირება, ასევე,  სამინისტროს სისტემაში არსებული მონაცემთა ბაზების გაერთიანება, განვითარება და მართვა ევალება. გურო იმნაძე ამბობს, რომ ბაზების რეგულირების უფლება უფრო ზრდის ცენტრის დანიშნულებას და ფუნქციას, ამიტომ არა მხოლოდ  პერსონალური დაცვის ინსპექტორის აპარატი შეიძლება იყოს ამგვარი ცენტრის ეფექტური მაკონტროლებელი, ასევე შესაძლებელია საპარლამენტო კონტროლის მოდელზეც დაიწყოს საუბარი. 

“ნეტგაზეთი” დაუკავშირდა პერსონალური დაცვის ინსპექტორის აპარატს, სადაც მიიჩნევენ, რომ ვიდეოთვალთვალის განხორციელებაზე ვრცელდება პერსონალური მონაცემების დაცვის კანონმდებლობა, რომელიც განსაზღვრავს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვალდებულებებს, მოქალაქეთა უფლებებს და ინსპექტორის მიერ ზედამხედველობის შესაძლებლობას.

“შესაბამისად, თუკი გამოვლინდება დარღვევები, ან მოქალაქეები მოგვმართავენ კონკრეტული განცხადებებით, ინსპექტორი კანონის ფარგლებში რეაგირებას მოახდენს”, – აცხადებს ინსპექტორი. 

მასალების გადაბეჭდვის წესი