ახალი ამბებისაზოგადოება

ძალადობის პირისპირ – რატომ არ ენდობიან სექსმუშაკები პოლიციელებს

2 დეკემბერი, 2016 • 2495
ძალადობის პირისპირ – რატომ არ ენდობიან სექსმუშაკები პოლიციელებს

სექსმუშაკებს საქართველოში არ აქვთ მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობა, ისინი არ ენდობიან სამართალდამცავ სტრუქტურებს და მეტიც, პოლიცია ხშირად თავად გვევლინება სექსმუშაკებზე მოძალადედ –   ამ საკითხებს ეხება  საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ მომზადეული  მოკლე ფილმი “ძალადობის პირისპირ”  და ამაზე საუბრობდნენ  თავად სექსმუშაკები  ორგანიზაციის მიერ  ფოკუს-ჯგუფებში  კვლევისას.

ფილმის ჩვენება დღეს, 2 დეკემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში გაიმართა. ფილმში 3 სექსმუშაკი, რომელთაგან ერთ-ერთი ტრანსგენდერი ქალია, ყვება, თუ  რატომ ჩაერთნენ სექსსამუშაოში, როგორ ძალადობენ მათზე და რატომ ვერ პოულობენ სამართალს ძალადობის შემთხვევაში.

ფილმის ყველა გმირი ამბობს, რომ კომერციულ სექსსამუშაოში ჩართვა გაუსაძლისმა სოციალურმა პირობებმა აიძულა, მათი ნაწილი იყო ტრეფიკინგის მსხვერპლიც არის. ფილმი საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის პროექტის ფარგლებში ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს მხარდაჭერით გადაიღეს. მისი ავტორი ნიკოლოზ ბეჟანიშვილია. რომლის თქმითაც, ფილმის მთავარი მიზანი სექსმუშაკების მიმართ ემპათიისა და მგრძნობელობის გაზრდაა.

პროექტის იურისტის, თამარ დეკანოსიძის თქმით, სექსმუშაკების მიმართ განხორციელებულ ძალადობის შემთხვევების 98% -ზე რეაგირება არ ხდება, ხოლო ის 2%, რომელსაც პოლიცია იძიებს,  ის შემთხვევებია, როდესაც ძალადობა უკიდურეს ფორმას იღებს – მაგალითად, პირს კლავენ, ან ჯანმრთელობას სერიოზულად უზიანებენ.

ორგანიზაციის მიერ ჩატარებულმა ფოკუსჯგუფებმა აჩვენეს, რომ სექსმუშაკებს ძალიან დაბალი ნდობა აქვთ პოლიციის მიმართ. გამოვლინდა შემთხვევბი, მაგალითად, ქუთაისში, როდესაც პოლიცია სექსმუშაკს სექსუალურ მომსახურეობას აიძულებდა, ზუგდიდში კი სექსმუშაკები იძულებულნი იყვნენ, პოლიციასთან სხვდასხვა ნარკოტიკული დანაშაულის გახსნაში ეთანამშრომლათ და ვინმესთვის ნარკოტიკი ჩაედოთ.

კანონმდებლობით საქართველოში  სექსსამუშაო არ არის სისხლის სამართლის დანაშაული, ის ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას. თავდაპირველად პოლიცია გაფრთხილებას აძლევს სექსმუშაკს და შემდეგ ჯარიმას აკისრებს.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ მოპოვებული ინფორმაციის მიხედვით, სექსმუშაკებს ყველაზე მეტჯერ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა 2015 წელს დაეკისრათ (55 შემთხვევა):

“თუმცა ეს შემთხვევები ნამდვილად არ ასახავს იმ სიმწვავეს, რაც სექსმუშაკების მიმართ ხორციელდება პოლიციელების მხრიდან. პოლიცილები, როგორც წესი, სექსმუშაკებს პროსტიტუციის გამო არ აჯარიმებენ. ისინი მათ აჯარიმებენ პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმის დაუმორჩილებელობის გამო და ეს შემთხვევები ბევრად უფრო მეტია, ვიდრე პროსტიტუციის გამო ადმინისტრაციული სამართალდარღვევს შემთხვევები, თუმცა სახელმწიფო არ აწარმოებს ასეთ სეგრეგირებულ სტატისტიკას, თუ რამდენი სექსმუშაკი იყო, რომლის მიმართაც პოლიციამ გამოიყენა მსგავსი სახის ღონისძიება”,- ამბობს იურისტი თამარ დეკანოსიძე.

პროსტიტუციასთან დაკავშირებით მსოფლიოში რამდენიმე მოდელი მუშაობს. არსებობენ ქვეყნები, სადაც პროსტიტუცია ისჯება სისხლის სამართლის ან ადმინისტრაციული წესით, არის ქვეყნები, სადაც არც სექსმუშაკი და არც კლიენტი არ ისჯება და არის ქვეყნები, მაგალითად, სკანდინავიის ქვეყნები, სადაც სექსუალური მომსახურეობის შემძენი არის სისხლის სამართლის დამნაშავე.

“ამ ქვეყნებში განვითარებულია მოსაზრება, რომ სექსსამუშაო ქალებსა და მამაკაცბს შორის ძალაუფლების არასწორად გადანაწილების შედეგია და გამოწვეულია ქალთა სიღარიბით, სწორედ სიღარიბე და საზოგადოებაში არსებული დაქვემდებარებული როლი ხშირ შემთხვევაში აიძულებს ქალებს, ჩაერთონ სექსსამუშაოში, აქედან გამომდინარე სექსსამუშაო აღიქმება ქალთა მიმართ ძალადობის ფორმად”,- გვიხსნის თამარ დეკანოსიძე.

მისვე თქმით, პროსტიტუციის დეკრიმინალიზება ან ლეგალიზება სამართლებრივზე უფრო პოლიტიკის საკითხია, თუმცა  საიამ შეისწავლა, რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს პროსტიტუციის დეკრიმინალიზებას ან ლეგალიზებას სექსმუშაკების უფლებების დაცვის თვალსაზრისით.

ლეგალიზება ნიშნავს, რომ პროსტიტუცია იქნება კანონით დარეგულირებული ქმედება და სახელმწიფოს ექნება ბერკეტი, აკონტროლოს სექსსამუშაო. თამარ დეკანოსიძე მიიჩნევს, რომ საქართველოს მსგავსი განვითარებადი ქვეყნებისთვის პროსტიტუციის ლეგალიზებამ შესაძლოა პირიქით, უფრო დაამძიმოს სექსმუშაკების უფლებრივი მდგომარეობა:

“პირველ რიგში, ლეგალიზება გამოიწვევს, რომ სექსმუშაკებისთვის გამოიყოფა სპეციალური შენობები ან ადგილები, სადაც მათ უნდა იმუშაონ როგორც სექსმუშაკებმა. რადგან ჩვენთან კონფიდენციალობის პრობლემა ყველაზე დიდი პრობლემაა, მეტი რისკი არსებობს ამ კონფიდენციალობის დარღვევის, ეს საკითხი ყველაზე მტკივნეულად აწუხებთ სექსმუშაკებს. მეორეა, რომ სახელმწიფო დააწესებს გადასახადებს, დაბეგრავს ამ სამუშაოს და შესაძლებელია, რომ ამ სახის გადასახადები ვერ გადაიხადონ იმ სექსმუშაკებმა, რომლებიც ყველაზე დაუცველები არიან. ნებისმიერი სტანდარტის დარღვევა და მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა უკვე იქნება სისხლის სამართლის დანაშაული. მივიღებთ იმას, რომ პროსტიტუციის ლეგალიზებით, ის ადამიანები, ვინც დღეს ადმინისტრაციული სამართალდამრღვევები არიან, შეიძლება გახდნენ სისხლის სამართლის დამნაშვეები”,- ამბობს დეკანოსიძე.

რაც შეეხება დეკრიმინალიზებას, რაც ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არარსებობას ნიშნავს, იურისტი მიიჩნევს, რომ ამგვარად შესაძლოა სექსმუშაკების მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობა გაიზარდოს, რადგან პროსტიტუციისთვის ფართის  გადაცემა დღეს დასჯადია. სექსმუშაკებთან გამოავლინეს, რომ როდესაც იგი განიცდის ძალადობას კლიენტის მხრიდან, არ მიმართავს პოლიციას, რადგან არ უნდა, რომ პირი, რომლისგანაც ბინას ქირაობს, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მიეცეს, თუ პროსტიტუციის დეკრიმინალიზება მოხდება, შესაძლოა სექსმუშაკებმა უფრო თავისუფლად მიმართონ სამართალდამცავებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი