გამოძიების ცნობით, ბრალდებულებმა 1 მლნ-ზე მეტი ლარის გადასახადები დამალეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდების ბრალდებით, ჭიათურის რაიონში მანგანუმის შემცველი პროდუქციის უკანონოდ შეძენა-გადამუშავება-რეალიზაციის განმახორციელებელი კომპანიების მფლობელები დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, გიორგი ნ. და მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი მალხაზ კ. და გოჩა ს. მათ მფლობელობაში არსებული კომპანიების შპს „მანგანუმ სერვისის“, შპს „მარსის“ და შპს „მარსი 2014“-ის სახელით, ჭიათურის რაიონში მანგანუმის შემცველი პროდუქციის შეძენა-გადამუშავება-რეალიზაციას ახორციელებდნენ.

“ბრალდებულებმა აღნიშნული კომპანიების საქმიანობის პროცესში განიზრახეს სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი, განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის თავის არიდება. ამ მიზნით ისინი საბუღალტრო დოკუმენტებში შეგნებულად არასწორად ასახავდნენ შემოსავლებსა და ხარჯებს, არასწორ მონაცემებს აფიქსირებდნენ საგადასახადო დეკლარაციებში, რითაც, საერთო ჯამში, სახელმწიფო ბიუჯეტს მიაყენეს 1 200 000 ლარის ზიანი.” – აცხადებენ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში.

საგამოძიებო სამსახურის ცნობით, დანაშაულში მხილებული პირები მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. დამატებით მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები როგორც დაკავებულთა მიერ სხვა დანაშაულებრივი ქმედებების შესაძლო ჩადენის, ასევე, ანალოგიური საქმიანობით დაკავებული სხვა კომპანიების ხელმძღვანელ პირთა მიერ შესაძლო დანაშაულებრივი ქმედებების გამოვლენა-დადგენის მიზნით.

საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის პირველი ნაწილით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ხუთიდან რვა წლამდე ვადით.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი