“მსგვასი ფაქტი გორის რაიონის სოფელ დიცში მოხდა. აღნიშნული სოფლის მაცხოვრებელი ერასტი არჩვაძე, რომელიც18 წლისაა, “ოცნების” აქტივისტია. ის კოალიციის ოფისის წინ იდგა და მას “ოცნების” მაისური ეცვა. ამ დროს ჩამოიარეს “ნაციონალური მოძრაობის” ზონდერებმა და თავს დაესხნენ. მოსთხოვეს, რომ გაეძრო მაისური და ფეხებით შემდგარიყო, რაზეც ერასტიმ უარი განუცხადა. ამის შემდეგ ზონდერებმა მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს”, – განაცხადა დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე ფანჯიკიძემ.
მისი თქმით, ერთ–ერთი ზონდერთაგანი იყო გოგიტა გოჩაშვილი, რომელიც კარალეთის ცნობილ დარბევაში მონაწილეობდა და დღემდე ის დაუსჯელი დადის.
“ერასტი არჩვაძეს მიეშველა იქვე მაცხოვრებელი გოჩა ვატიკაძე და მისი სტუმრები– ხვიჩა და გოჩა საძაგლიშვილები. საბოლოოდ ზონდერებმა სამივე მათგანი სცემეს. პოლიცია მოვიდა და მათ დააკავეს არა ზონდერები, არამედ ხვიჩა საძაგლიშვილი და გოჩა ვატიკაძე. თუმცა ჩვენი ჩარევის შემდეგ პოლიციამ ისინი გაათავისუფლა.
მაგრამ ის ფაქტი, რომ დააკავეს არა ზონდერები, არამედ დაზარალებულები, ნათლად მეტყველებს, რომ ხელისუფლებას საარჩევნოდ ხალხთან სასაუბროდ ერთადერთი მხოლოდ ძალადობრივი ქმედებები შერჩა”, – აღნიშნა პრესსპიკერმა ფანჯიკიძემ.
ფანჯიკიძის თქმით, პოლიტიკური ზეწოლის გამო ნინოწმინდაში კოალიცია „ქართულ ოცნებას“ რაიონული ოფისი ამ დრომდე არ აქვს.
“ნინოწმინდაში რამდენიმე პირი კოალიციას ოფისის მიქირავებაზე დათანხმდა, თუმცა ხელისუფლების ზეწოლის გამო ისინი იძულებულები გახდნენ, გადაწყვეტილება შეეცვალათ. უწყებათაშორისმა კომისიამ კოალიციას ადმინისტრაციის დაქვემდებარებაში მყოფი რამდენიმე შენობა შემოგვთავაზა, თუმცა იქ შესვლა შეუძლებელია, რადგან შენობები დანგრეულია, იატაკი აყრილია, არ არის დენი, გაზი და სხვა კომუნიკაციები და ერთი შენობა საერთოდ ქალაქგარეთ მდებარეობს”, – განაცხადა ფანჯიკიძემ დღეს გამრთულ ტრადიციულ ბრიფინგზე.
გარდა ამისა, ფანჯიკიძის მტკიცებით, ნინოწმინდაში საარჩევნო კომისიის ხუთი წევრი, რომლებიც კოალიციის წარმომადგენლები არიან, გამოასახლეს იმ სახლიდან, რომელიც მათ დაქირავებული ჰქონდათ.
„სახლის მფლობელს დაემუქრნენ, რომ მის შვილიშვილს, რომელიც საბაჟოზე მუშაობს, სამსახურიდან გააგდებდნენ, ხოლო შვილს სავაჭრო ობიექტს დაუხურავდნენ და დააჯარიმებდნენ. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ეს ფაქტი საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს ვაცნობეთ, ხელისუფლება იძულებული გახდა, ხუთივე წევრი მათ მიერ დაქირავებულ ბინაში დაებრუნებინათ“, – განაცხადა ფანჯიკიძემ.
ფანჯიკიძის შეფასებით, ასევე გრძელდება სპორტსმენებზე პოლიტიკური ნიშნით დევნის ფაქტებიც.
“საქართველოს რაგბის უმაღლესი ლიგის გუნდ “არმაზში” თამაშობს “ქართული ოცნების” 2 აქტივისტი, ძმები ჯაბა და ბეთქილ ჯიშკარიანები. მცხეთაში ერთ–ერთი ვარჯიშის დროს გუნდის წევრებმა გადაიცვეს “ქართული ოცნების” მაისურები, რამაც, როგორც ჩანს, მწყობრიდან გამოიყვანა ხელისუფლება და მათ კუდის მეშვეობით დაიწყეს ზეწოლა გუნდის ხელმძღვანელობაზე. ითხოვდნენ ძმების გუნდიდან გარიცხვას. გუნდის ხელმძღვანელები არ დათანხმდნენ, მაგრამ იძულებულები არიან, ახლა ისინი თამაშებში არ გამოიყვანონ და სათადარიგო სკამზე ჰყავდეთ”, – ამბობს პრესსპიკერი მაია ფანჯიკიძე.
მისივე თქმით, აღნიშნული ფაქტები კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ასეთ პირობებში სამართლიან და თანასწორ საარჩევნო პირობებზე საუბარი შეუძლებელია.