ახალი ამბები

დარაჯის გამო დახურული უბნების თაობაზე სხდომა გაიმართა

17 სექტემბერი, 2012 •
დარაჯის გამო დახურული უბნების თაობაზე სხდომა გაიმართა

სამგორის საოლქო კომისიაში დღეს, 17 სექტემბერს ამავე კომისიის წევრის “ქართული ოცნებიდან”, მამუკა ბერიძის განცხადება უნდა განეხილათ. 

 

განცხადება 15 სექტემბრის ფაქტს შეეხებოდა, როდესაც საარჩევნო სიაში საკუთარი გვარის გადასამოწმებლად მისულ მოქალაქეებს სამგორის #6 საარჩევნო ოლქის 90–ე და 91–ე საარჩევნო უბნები დილიდან რამდენიმე საათის განმავლობაში დაკეტილი ხვდებოდათ. 

 

კოალიცია “ქართული ოცნების” წევრმა კომისიის სხდომაზე კომისიის წევრებისგან გადაწყვეტილების მიღებამდე 15 სექტემბრის ვიდეომასალის ნახვა მოითხოვა.

 

კომისიის თავმჯდომარემ, ქეთევან მიქელაძემ აღნიშნული გადაწყვეტილების მისაღებად კენჭისყრა გამოაცხადა. ვიდეომასალის ნახვას მხარი მხოლოდ კოალიცია “ქართული ოცნების” წევრებმა დაუჭირეს. ხმაურის შემდეგ გადაწყდა, რომ სხდომა სხვა დროისთვის გადადებულიყო. 

  

 

როგორც კოალიცია “ქართული ოცნების” საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენელი მამუკა ბერიძე აცხადებს, აღნიშნული უბნები 15 სექტემბერს იმიტომ დაიკეტა, რომ უბანზე მმართველი პარტიის სააგიტაციო მასალები ინახებოდა. 

 

“მოგვიანებით ვნახე, რომ ეს სააგიტაციო მასალები შენობაში, ცელოფნის პარკში ეწყოთ,”- ამბობს ის. 

 

თუმცა მაშინ, აღნიშნული უბნის თავმჯდომარის განმარტებით, მომხდარში ბრალი შენობის დარაჯს მიუძღვოდა. 

 

90–ე სარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარის განმარტებით. შენობა, სადაც საარჩევნო უბნებია განთავსებული, გაურკვეველი პირის კერძო საკუთრებაა. კომისიის თავმჯდომარის თქმით, 14 სექტემბერს, საღამოს, დარაჯმა მას უთხრა, რომ უბნებში არსებული ინვენტარის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას იხსნიდა. მისივე განმარტებით, დარაჯმა გუშინ დაკეტა შენობა და მეორე დღეს სამსახურში აღარ გამოცხადებულა. 

 

ამ დროისთვის საარჩევნო უბნები უკვე ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი