“აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა პატრიარქის მდივანმა. დეკანოზ მიქაელ ბოტკოველის განმარტებით, კადრებში არ ჩანს, რომ მიტროპოლიტმა ჟურნალისტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ეპარქიის განცხადებით, ჟურნალისტი მიტროპოლიტს ხელს უშლიდა გადაადგილებაში”, – ნათქვამია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განაცხადებაში.
ქარტია მიიჩნევს, რომ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი, არის საჯარო პირი, მას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ეკისრება თმენის ვალდებულება. ამავდროულად, ჟურნალისტს უფლება აქვს, მოიპოვოს და გაავრცელოს საზოგადოებრივი ინტერესის მქონე ინფორმაცია.
“ჟურნალისტის მიმართ განხორციელებული ნებისმიერი ძალადობა, რომელიც მიზნად ისახავს მისთვის ხელის შეშლას კომენტარის მოპოვების ან/და მოპოვებული მასალის გავრცელებისას, წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს, კერძოდ, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლას. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს გამოძიება მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით და დასვას კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი”, – ნათქვამია ქარტიის განცხადებაში.
რა მიზნითაა გამოკრული ფოთის მშენებარე საკათედრო ტაძრის გარშემო პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და პატრიაქრის ფოტობანერები, სწორედ ამ საკითხის გარკვევას მოჰყვა ინციდენტი 13 სექტემბერს ადგილობრივი ინტერნეტგამოცემის tspress.ge-ის ჟურნალისტებსა და ფოთისა და ხობის ეპარქიის მიტროპოლიტ მეუფე გრიგოლს შორის.