ახალი ამბები

წამებისა და არაადამიანური მოპყრობის დანაშაულზე ხანდაზმულობის ვადა გაუქმდა

1 დეკემბერი, 2016 • 7317
წამებისა და არაადამიანური მოპყრობის დანაშაულზე ხანდაზმულობის ვადა გაუქმდა

წამების, წამების მუქარის, დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობის დანაშაულზე სისხლის-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ხანდაზმულობის ვადა გაუქმდა. შესაბამისი გადაწყვეტილება პარლამენტმა დღეს, 1 დეკემბერს მიიღო.

პარლამენტმა მესამე მოსმენით,  107  ხმით არც ერთის წინააღმდეგ დაამტკიცა კანონპროექტი “სისხლის სამართლის კოდექსში” ცვლილებების შეტანის თაობაზე. კანონპროექტის მიხედვით, ხანდაზმულობა არ გამოიყენება წამების, წამების მუქარის, დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობის დანაშაულზე.

კერძოდ, წამება, ესე იგი, პირისათვის ან მესამე პირისათვის ისეთი პირობების შექმნა ან ისეთი მოპყრობა, რომელიც თავისი ხასიათით, ინტენსივობით ან ხანგრძლივობით იწვევს ძლიერ ფიზიკურ ტკივილს, ან ფსიქიკურ, ან მორალურ ტანჯვას და რომლის მიზანია ინფორმაციის, მტკიცებულების ან აღიარების მიღება, პირის დაშინება ან იძულება, ანდა პირის დასჯა მის ან მესამე პირის მიერ ჩადენილი ან სავარაუდოდ ჩადენილი ქმედებისათვის, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ათ წლამდე ჯარიმით.

წამების დამამძიმებელ გარემოებათა ჩამონათვალს ემატება შემდეგი გარემოებები: – სამედიცინო მანიპულაციების, მედიკამენტების ან სპეციალური ინსტრუმენტების (ხელსაწყოების) გამოყენებით, რომლებიც განკუთვნილია წამებისთვის; – ანგარებით; – განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში აღიარების იძულების მიზნით ან მესამე პირის წინააღმდეგ ცრუ დასმენის მიზნით.

მოქმედი ნორმით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ადამიანის წამება  ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თორმეტიდან ჩვიდმეტ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით ხუთ წლამდე, ხოლო ახალი ნორმით ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თორმეტიდან ოც წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით 5 წლამდე.

ამასთან, ამ მუხლის  პირობების შექმნის, მოპყრობის ან დასჯის მუქარა, განხორციელებული იმავე მიზნით, თუ ეს მუქარა არის რეალური და იმწუთიერი, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

კანონპროექტით მკაცრდება სასჯელის ზომა დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობისთვის. კერძოდ,  პირის დამცირება ან იძულება, არაადამიანურ, ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენება, რაც მას ძლიერ ფიზიკურ, ფსიქიკურ ტკივილს ან მორალურ ტანჯვას აყენებს,- ისჯება ჯარიმით, თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან შვიდ წლამდე. ხოლო აქამდე მოქმედი ნორმით ამ დანაშაულის ჩამდენი პირი ისჯებოდა  ჯარიმით, თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.

ცვლილებების თანახმად, ახლებურად ყალბიდება ძალადობის მუხლი. კერძოდ, ცემა განისაზღვრა ძალადობის ერთ-ერთ სახედ და, შესაბამისად, გაუქმდა ის მუხლი, რომელიც ცალკე ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას ცემისთვის.

პროექტით, ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით [ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება] გათვალისწინებული შედეგი, –  ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ანდა გამასწორებელი სამუშაოთი ვადით თხუთმეტ თვემდე.

მასალების გადაბეჭდვის წესი