პროტესტის გარდა, საინიციატივო ჯგუფის სახელით ევგენი მიქელაძემ განცხადებით მიმართა სახალხო დამცველს და იუსტიციის მინისტრს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ქაშვეთის ტაძრის ეზოს კედელზე წმინდა ნინოს ხატის კარიკატურის გამოსახვა, წარმოადგენს რუსი და უკრაინელი ექსტრემისტი ათეისტებისა და ფემინისტების ვანდალიზმის საქართველოში გადმოღების და დამკვიდრების მცდელობას, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთა რელიგიური გრძნობების მიზანმიმართულ შეურახცყოფას, მართლმადიდებლურ ღირებულებებზე, ფასეულობებსა და სიწმინდეებზე თავდასხმას.
საინიციატივო ჯგუფი, ქაშვეთის ეკლესიაზე კარიკატურის გათავსებას პანკ ჯგუფ Pussy Riot-ის და ფემინისტური ორგანიზაციის Femen-ის ქმედებათა გაგრძელებად მიიჩნევს:
“ქართველ ვანდალებს შემთხვევით არ შეურჩევიათ წმ. ნინოს ხატი. ქართველთა განმანათლებლის ფემინისტურ კონტექსტში წარმოდგენა პირდაპირ ეხმიანება Pussy Riot–ის წევრთა მიერ მაცხოვრის ტაძარში გახმიანებულ ლოზუნგს: „ღვთისმშობელო, გახდი ფემინისტი!“ კარგად მოგეხსენებათ, რომ მართლმადიდებელი ეკლესიისთვის და მისი სწავლებისთვის სრულიად უცხო და მიუღებელია ფემინისტური იდეოლოგია”, – ნათქვამია განცხადებაში.
ჯგუფი მიმართავს გიორგი ტუღუშსა და ზურაბ ადეიშვილს კვალიფიკაცია მიეცეს აღნიშნულ ფაქს და ჩატარდეს შესაბამისი გამოძიება:
“დამნაშავეთ დაეკისროს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა, რათა მომავალში აღარ განმეორდეს მსგავსი მკრეხელობა და თავიდან ავიცილოთ შესაძლო სამოქალაქო დაპირისპირება. ამ ფაქტების არგამოძიება და შესაბამისი ღონისძიებების არგატარება კიდევ უფრო „თამამ“ ვანდალიზმზე წაახალისებს დამნაშავეთ, მათ შორის, ტაძრებში შეჭრისკენ, ჯვრების განადგურებისკენ და Puss Riot-ის პანკ–ლოცვის ანალოგიური „აქციების“ ჩატარებისკენ. ეს კი, საბოლოო ჯამში, დიდი ალბათობით, შესაძლოა, სერიოზულ სამოქალაქო დაპირისპირებაში გადაიზარდოს”, – წერია განცხადებაში.
10 სექტემბერს, დაუდგენელმა პირებმა, ქვაშვეთის ტაძრის ეზოს კედელზე გამოსახეს წმ. ნინოს ფემინისტური კარიკატურა, წარწერით „თავისუფლება Pussy Riot–ს.