ახალი ამბები

ბესელიას თქმით, რ2-ის შესახებ განცხადება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს არ გაუკეთებია

1 დეკემბერი, 2016 • 1623
ბესელიას თქმით, რ2-ის შესახებ განცხადება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს არ გაუკეთებია

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია აცხადებს, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს შეშფოთება რუსთავი 2-ის საქმეზე არ გამოუხატავს და ეს იყო სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, ჯონ კირბის პასუხი ჟურნალისტის დასმულ შეკითხვაზე:

“ეს არ იყო ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება და ასე გასაღება ამ ინფორმაციის არის სრულიად არასწორი. ეს იყო დასმულ კითხვაზე გაცემული პასუხი, რომელიც თავისი შინაარსით ზუსტად ეხმიანება იმ ზოგად პრინციპებს, რის დეკლარირებასაც ვახდენთ ჩვენ და რაც გვინდა, რომ იყოს დაცული ამ ქვეყანაში. ეს არის მედიის თავისუფლება, სასამარლოს დამოუკიდებლობა, სარედაქციო პოლიტიკაში ჩაურევლობა და ა.შ. ეს არის დემოკრატიის ინდიკატორები და აქ არავის აქვს განსხვავებული პოზიცია,” – განაცხადა ბესელიამ.

“ჩვენ აშკარად შეშფოთებული ვართ იმ შედეგებთან დაკავშირებით, რაც შეიძლება მოჰყვეს ამ გადაწყვეტილებას ქართული მედიასივრცის პლურალიზმის კუთხით”, – ეს განცხადება 30 ნოემბერს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში სპიკერმა ჯონ კირბიმ ყოველდღიურ ბრიფინგზე გააკეთა რუსთავი 2-ის სასამართლო საქმის თემაზე დასმულ შეკითხვაზე საპასუხოდ.

“ჩვენთვის ცნობილია, რომ უზენაესი სასამართლო კვლავაც განიხილავს ქვედა ინსტანციების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. ჩვენ აშკარად შეშფოთებული ვართ იმ შედეგებთან დაკავშირებით, რაც შეიძლება მოჰყვეს ამ გადაწყვეტილებას ქართული მედიასივრცის პლურალიზმის კუთხით. როგორც ჩვენ უკვე განვაცხადეთ, მედიის თავისუფლება, პოლიტიკური პლურალიზმი და მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა ნებისმიერი დემოკრატიის არსებითი საფუძველია. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ საკითხებს კრიტიკული მნიშვნელობა ექნება საქართველოს წარმატებისთვის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში”, – განაცხადა კირბიმ.

უზენაესმა სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმე განსახილველად დიდ პალატას გადასცა. რუსთავი 2-მა უზენაეს სასამართლოს მას შემდეგ მიმართა, რაც 10 ივნისს თბილისის სააპელაციო სასამართლო კოლეგიამ, ნატა ნაზღაიძის, შორენა ყაველაშვილის და ნათია გუჯაბიძის შემადგენლობით, რუსთავი 2-ის საქმეზე ხუთთვიანი განხილვის შემდეგ საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და  ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის წილის 100% კვლავ ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა.

უზენაესმა სასამართლომ რუსთავი 2-ის საკასაციო საჩივარი დასაშვებად 2016 წლის 9 სექტემბერს ცნო.

მასალების გადაბეჭდვის წესი