ახალი ამბებისამართალი

ცერცვაძე: “აიფონ პლუსი” მოსამართლეებზე ზეგავლენის მოხდენას ცდილობს

1 დეკემბერი, 2016 • 2980
ცერცვაძე: “აიფონ პლუსი” მოსამართლეებზე ზეგავლენის მოხდენას ცდილობს

თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე ვალერი ცერცვაძე ტექნიკის კომპანია “აიფონ პლუსის” ბრალდებებს პასუხობს და აცხადებს, რომ “აიფონ პლუსისა” და “აიტექნიკის” სასამართლო დავაში სასამართლომ კანონიერი გადაწყვეტილკება მიიღო, როდესაც “აიფონ პლუსის” ქონება დააყადაღა. ცერცვაძე უარყოფს ინფორმაციას, რომ მან “აიტექნიკის” დამფუძნებლებთან ნათესაური კავშირის გამო ზეგავლენა იქონია სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.

“ჩვენ გვესმის მხოლოდ იმის შესახებ მტკიცებულებები “აიფონ პლუსის” მხრიდან, რომ ჩემი ნათესაური კავშირი არსებობს ამ კომპანიის დამფუძნებლებთან. ეს სიმართლეა, მაგრამ არც ერთი არგუმენტი დღემდე არავის წარმოუდგენია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება მიღებულია ზეგავლენის შედეგად და ეს სასამართლო გადაწყვეტილება არის უკანონო. პირიქით, ვერც ერთი თავმოყვარე იურისტი ვერ იტყვის, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება არის უკანონო. ყველა ადასტურებს, რომ ასეთ შემთხვევაში ყოველთვის გამოიყენება უზრუნველყოფის ღონისძიება და ეს გადაწყვეტილება არის სრულ შესაბამისობაში საქართველოს კანონმდებლობასთან,” – აცხადებს ვალერი ცერცვაძე.

იუსტიციის უმაღლესი საბჭო არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მიმართვის საფუძველზე ცერცვაძის წინააღმეგ დისციპლინური სამართალწარმოების დაწყების საკითხს განიხილავს. ცერცვაძე საბჭოს გადაწყვეტილებას ელოდება და აცხადებს, რომ “აიფონ პლუსის” ქმედებები მოსამართლეებზე ზეგვალენის მოხდენისაკენაა მიმართული:

“მე, რა თქმა უნდა, ველოდები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებას, თუმცა ერთ რამეს ვიტყვი, რომ ეს ყველაფერი არის მიმართული არა სიმართლის დადგენისკენ, არამედ მოსამართლეებზე ზეგავლენის მოხდენისთვის, რადგან სასურველი გადაწყვეტილება იქნას მიღებული.”

“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ” მოუწოდა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, დაეწყო დისციპლინური სამართალწარმოება თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მიმართ Apple-ის პროდუქციის, კერძოდ, iPhone-ების დისტრუბუტორ ორ კომპანიას – “აიფონ პლუსსა” და “აიტექნიკს” შორის წარმოქმილი დავის ფარგლებში აღმოჩენილი გარემოებებიდან გამომდინარე.

მასალების გადაბეჭდვის წესი