ახალი ამბებიეკონომიკა

ონლაინ-სესხების გამცემი კომპანიები პრემიერის განცხადებაზე განმარტებებს ელოდებიან

29 ნოემბერი, 2016 • 4640
ონლაინ-სესხების გამცემი კომპანიები პრემიერის განცხადებაზე განმარტებებს ელოდებიან

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს, მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რომ ონლაინ-სესხების გაცემა აიკრძალება.

„ეს მნიშვნელოვანი მოთხოვნა იყო ჩვენი საზოგადოების მხრიდან. ყველა ეს ნაბიჯი გადადგმულია სწრაფი ეკონომიკური განვითარებისთვის, რასაც ზოგ შემთხვევაში მომენტალური მოკლევადიანი, გარკვეულ შემთხვევებში კი, საშუალო და გრძელვადიანი ეფექტი და შედეგი ექნება.“ – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

სწრაფი ონლიან-სესხების გამცემ კომპანიებში აცხადებენ, რომ პრემიერის განცხადებისა და შესაძლო აკრძალვის შესახებ მათაც მედიის საშუალებით შეიტყვეს და მოსალოდნელ ცვლილებაზე ინფორმაციას ამ დრომდე არ ფლობდნენ. მათთვის კვირიკაშვილის განცხადება ნათელი არ არის, ამიტომ ამ საკითხთან დაკავშირეით განმარტებებს დაელოდებიან.

“ნეტგაზეთთან” საუბარში შპს “ონლაინ კრედიტის” დირექტორი გიორგი კობიაშვილი აცხადებს, რომ კომპანიები მთავრობასთან თანმშრომლობისათვის მზად იქნებიან, თუმცა პირველ ეტაპზე განმარტებებს ელოდებიან. კობიაშვილი აღნიშნავს, რომ კომპანიისათვის მისაღები იქნება სახელმწიფოს მხრიდან რეგულაციებისა და კონტროლის ახალი მექანიზმების ჩამოყალიბება, მაგრამ ჯერ უნდა განისაზღვროს, რომელი კომპანიაა ონლაინ-სესხის გამცემი და რატომ იზღუდება კონკრეტულად სესხის გაცემის ეს ფორმა:

“მთავარი კითხვა არის კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც კომპანია შეიძლება შეფასდეს, როგორც ონლაინ-სესხის გამცემი. შესაძლოა მოხდეს ამ კრიტეტიუმების განმარტება და შემოღება. ჩვენ არ გვაქვს არანაირი ინფორმაიცა ამაზე და არც ის ვიცით, ჩვენი კომპანია ხვდება თუ არა ამ კრიტერიუმებში. ამიტომ ამ განცხადებას ვერ შევაფასებთ. აქამდეც არ გვქონია სახელმწიფოსთან კომუნიკაცია, რომ ვიცოდეთ, ზუსტად რას გულისხმობს ეს განცხადება. რაც შეეხება აკრძალვას, როგორც ნებისმიერი სახის ბიზნესის შემთხვევაშიც, ესეც იქნება ძალიან ცუდი პრეცედენტი, იქიდან გამომდინარე, რომ თუ არსებობს მოთხოვნა მსგავსი ტიპის ბიზნესზე, მას აქვს უფლება არსებობის. შეიძლება მას ჰქონდეს თავისი რეგულაციები და კონტროლის მექანიზმი. იმედი გვაქვს, რომ დაკონკრეტდებიან. აქამდე იყო საუბარი, რომ მზადდებოდა რეგულაციების პაკეტი და დღეს უკვე მოვისმინეთ განცხადება მოსალოდნელ აკრძალვაზე,” – ამბობს კობიაშვილი.

“ემას კრედიტის” წარმომადგენელი მერაბ გოცირიძე კი დარწმუნებულია, რომ სახელმწიფო რადიკალურ ნაბიჯებს კი არ გადადგამს, არამედ შეიმუშავებს კრიტერიუმებს ამ სფეროს რეგულირებისათვის:

“ჩვენც ახლა ვერკვევით, ამიტომ გავიგებთ უკეთესად, ალბათ, ჩვენც გვამცნობენ დაგეგმილი ცვლილებების შესახებ ოფიციალურ დონეზე. ეს, ალბათ, იქნება უფრო ეტაპები, რომლებიც უნდა გაიაროს მიკროსაფინანსომ, რომ გასცეს სესხები. გვამცნობენ და ჩვენ ამ ეტაპების მიხედვით ვიმოქმედებთ. ეს ყველაფერი ჯერ მხოლოდ განცხადების დონეზეა გაკეთებული და მე ვფიქრობ, რომ დეტალური ინფორმაცია მალე გვექნება და მივყვებით გაიდლაინებს, რომელსაც სახელმწიფო მოგვცემს.

დარწმუნებული ვართ, რომ სახელმწიფო რადიკალურ გადაწყვეტილებებს არ მიიღებს. სავარაუდოდ, გაჩნდება კრიტერიუმები და ნებისმიერი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მზად იქნება, რომ ეს კრიტერიუმები დააკმაყოფილოს. აქ არის დამსაქმებელი და არის დასაქმებული, შესაბამისად, არ მგონია, სახელმწიფომ ისეთი ნაბიჯი გადადგას, რომ ეკონომიკურ ვითარებას რაიმე სახის ზიანი მიაყენოს,” – აცხადებს მერაბ გოცირიძე.

“ნეტგაზეთი” დაუკავშირდა 7 ონლაინ კრედიტის გამცემ კომპანიას, თუმცა დამატებით ინფორმაციას მოსალოდნელი აკრძალვის შესახებ კომპანიები არ ფლობენ, ამიტომ ამ ეტაპზე განცხადებას ვერ პასუხობენ. ამ დროისათვის 15-ზე მეტი კომპანია სთავაზობს მომხმარბელს ონლაინ-სივრცეში სწრაფ სესხს.

მასალების გადაბეჭდვის წესი