ახალი ამბები

რა წერია ევროკომისიის ანგარიშში საქართველოს მიერ ასოცირების პროცესის განხორციელების შესახებ

29 ნოემბერი, 2016 • 2805
რა წერია ევროკომისიის ანგარიშში საქართველოს მიერ ასოცირების პროცესის განხორციელების შესახებ

“საქართველო პროგრესირებს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების დღის წესრიგის დანერგვის პროცესში მრავალი რეფორმით, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის პრინციპის გაძლიერებით”, – წერია ევროკომისიისა და ევროკავშირის მიერ 29 ნოემბერს გამოქვეყნებულ ერთობლივი ანგარიშში საქართველოს მიერ ასოცირების პროცესის განხორციელების შესახებ.

საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისარი, ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტი, ფედერიკა მოგერინი, აცხადებს, რომ ევროკავშირსა და საქართველოს უკვე აქვთ ძლიერი ურთიერთობა: “ჩვენ საერთო აზრზე მდგარი პარტნიორები ვართ, ვიზიარებთ საერთო ღირებულებებსა და ვალდებულებებს. მხოლოდ 5 თვეა გასული იმ დღიდან, როდესაც ასოცირების შესახებ შეთანხმება ძალაში შევიდა (1 ივლისს), დღევანდელი ანგარიში კი აღიარებს ქართული ხელისუფლების მიერ გაწეულ მნიშვნელოვან სამუშაოს. თუმცა ზოგიერთი მნიშნველოვანი საკანონმდებლო ცვლილება ჯერ კიდევ უნდა მოხდეს და დამატებითი ზომები იქნას მიღებული. რეფორმების დანერგვა ყოველთვის მარტივი არ არის, ამას სჭირდება მობილიზაცია და ლიდერობა, მაგრამ მას მოაქვს უამრავი ახალი შესაძლებლობა ჩვენი ხალხისათვის”, – განაცხადა ფედერიკა მოგერინიმ.

ევროკომისარი იოჰანეს ჰანი იოჰანეს ჰანმა კი განაცხადა, რომ ასოცირების შესახებ ხელშეკრულების დანერგვის პირველი შედეგები უკვე სახეზეა: “ქართული ექსპორტი ევროკავშირში იზრდება, გაჩენილია დამატებითი შესაძლებლობები ჩვენი მოსახლეობისათვის, მაგალითად, სტუდენტებისა და მეცნიერების მონაწილეობა პროექტების – “ერაზმუსისა” და “ჰორიზონტი 2020″-ის ფარგლებში”, – თქვა იოჰანეს ჰანმა,

იოჰანეს ჰანი

იოჰანეს ჰანი

საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების განხორციელების შესახებ ანგარიშის მიხედვით, საქართველოში სახელმწიფო ინსტიტუტები, რიგ შემთხვევებში, სწრაფად და ეფექტურად ვერ რეაგირებენ უმცირესობათა უფლებების დარღვევაზე. ანგარიშში ასევე საუბარია გენდერული უთანასწორობის შესახებაც. ევროკომისია აღნიშნავს, რომ ქალთა პოლიტიკური ჩართულობა ნაკლებია და ქვეყანას კვლავ არ მოუხდენია სტამბულის კონვენციის რატიფიცირება ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ.

29 ნოემბრის ანგარიში სხვადასხვა საკითხს მიმოიხილავს – დემოკრატიას, ადამიანის უფლებებსა და მმართველობას. დოკუმენტი ეხება არჩევნებისა და მედიის თავისუფლებასაც:

“არჩევნები ძირითადად ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვით ჩატარდა”, – ნათქვამია ანგარიშში, რომელიც საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების [ხელშეკრულების ] შესრულებას ეხება.

“2015 წელს საარჩევნო კოდექსში განხორციელდა ცვლილებები, რასაც შედეგად მაჟორიტარული ოლქების საზღვრების მოდიფიცირება მოჰყვა. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები იყო კონკურენტული და კარგად ადმინისტრირებული. არჩევნები ძირითადად ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვით ჩატარდა”, – ვკითხულობთ ანგარიშში, სადაც ასევე წერია, რომ მიუხედავად ზემოთქმულისა, მშვიდი და ღია კამპანიის პროცესი გარკვეული უკანონო ქმედებებისა და ძალადობრივი ინციდენტების შესახებ ბრალდებებმა დააზარალა.

“არსებული საკანონმდებლო ჩარჩო პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო ორგანიზაციების დაარსებისა და საქმიანობის საშუალებას იძლევა. საკანონმდებლო საქმიანობა და პოლიტიკის შესახებ გადაწყვეტილებების მიღების პროცესი უფრო მეტად ინკლუზიური, მაგრამ სამოქალაქო მონაწილეობა მათში კვლავაც ცალკეულია (სპორადულია)”, – აღნიშნულია დოკუმენტში.

მოგვიანებით “ნეტგაზეთი” უფრო ვრცლად შემოგთავაზებთ,  თუ რა წერია ევროკომისიის ანგარიშში საქართველოს მიერ ასოცირების პროცესის განხორციელების შესახებ.

მასალების გადაბეჭდვის წესი