ახალი ამბებიკომენტარი

ევროპის საგარეო საინვესტიციო გეგმა – ევროკავშირის ახალი ინიციატივა

19 სექტემბერი, 2016 • 1700
ევროპის საგარეო საინვესტიციო გეგმა – ევროკავშირის ახალი ინიციატივა

გთავაზობთ  საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისრის/ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტის ფედერიკა მოგერინის და  ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტების, კრისტალინა გეორგიევასა და ირკი კატაინენის ერთობლივ სტატიას ევროკავშირის ახალი ინიციატივის ,,ევროპის საგარეო საინვესტიციო გეგმის“ შესახებ:

დრო, რომელშიც ვცხოვრობთ, მოითხოვს, რომ ჩვენ წინაშე არსებულ რთულ გამოწვევებს ახლებური, ინოვაციებითა და ხედვებით აღსავსე აზროვნება დავუპირისპიროთ. ხელი უნდა შევუწყოთ აღმავლობას ევროკავშირის შიგნით და ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობას. ამ პროცესში აუცილებელია, სამეზობლო ქვეყნებთან თანამშრომლობა და ამ ქვეყნებში ზრდის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის ხელშეწყობა. ამის მიღწევა მხოლოდ ჩვენი ერთობლივი მუშაობითაა შესაძლებელი, როდესაც სახელმწიფო და კერძო სექტორი, საფინანსო ინსტიტუტები და სამოქალაქო საზოგადოება ერთად შეძლებენ მუშაობას.  ჩვენ, ევროკავშირმა მათ ამის მაგალითი უნდა მივცეთ. დღეს, მზარდი მოთხოვნებისა და შემცირებული რესურსების პირობებში, ევროკავშირს ახალი გზების გამონახვა მოუწია იმისთვის, რომ უფრო მეტს გასწვდეს სახელმწიფო ფინანსებით. იგივე გაკეთდა ამ კვირის განმავლობაშიც. ჩვენ გადავხედეთ ევროკავშირის საერთო ბიუჯეტს და შევძელით დამატებით 6.3 მილიარდი ევროს გამოთავისუფლება 2020 წლისთვის დასახული პრიორიტეტების დასაფინანებლად. ეს შესაძლებლობას მოგვცემს, უფრო მოქნილი გავხადოთ ბიუჯეტი და შევამციროთ ბიუროკრატია მცირე და საშუალო საწარმოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის. რაც მთავარია, ჩვენ შევძელით საგარანტიო ფონდის შექმნა ევროპაში სამუშაო ადგილების შექმნაზე ორიენტირებული ინვესტიციებისთვის; კიდევ ერთ ფონდს ვაარსებთ ჩვენს სამეზობლოსა და აფრიკაში ზრდისა და სტაბილურობის ხელშესაწყობად.  

საინვესტიციო გეგმამ ევროპისთვის, ანუ როგორც მას ეძახიან ,,იუნკერის გეგმამ“,  და მისმა ,,სტრატეგიული ინვესტიციების ევროპულმა ფონდმა“ გადამწყვეტი ფუნქცია იტვირთეს ეკონომიკური კრიზისის დაძლევაში ჩვენი ერთობლივი მონაწილეობის პროცესში. ფინანსური სირთულეებით დამძიმებული სახელმწიფო ხარჯები არ იქნებოდა საკმარისი ეკონომიკის ზრდისა და ჩვენი ხალხისთვის სამუშაო ადგილების შესაქმნელად.  არსებობს საკმარისი როდენობის კერძო თანხები, თუმცა ამ თანხების გამოყენებაა საჭირო. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან ერთად ეს ახალი ფონდები შექმნის გარანტიას კერძო ინვესტიციების მოსაზიდად ყველაზე უფრო მნიშვნელოვან სექტორებში და შესაძლებელი გახდება მცირე და საშუალო საწარმოების პირდაპირი დაფინანსება.

ჩვენ ადრეც გამოგვიყენებია ფინანსური ინსტრუმენტები, მაგრამ ნაკლები გამოცდილება გვქონდა. ამჯერად, ევროკავშირის ბიუჯეტიდან 16 მილიარდი ევროს გარანტია – რომელსაც ემატება ევროპის საინვესტიციო ბანკის 5 მილიარდს – არის კაპიტალი, რომელიც სტიმულს მისცემს ევროკავშირში 315 მილიარდი ევროს ოდენობის ინვესტირებას.

ეს გეგმა მართლაც წარმატებული მაგალითია და ეს უკვე დამტკიცდა. მოსალოდნელია, რომ ერთი წლის განმავლობაში ის 200 000 მცირე და საშუალო საწარმოს მოემსახურება.  იმის გამო, რომ  ეს ინვესტირების ძალზე გონივრული ხერხია, ჩვენ დაინტერესებულნი ვართ, ,,სტრატეგიული ინვესტიციების ევროპული ფონდის“ ვადისა და ფინანსური შესაძლებლობების გაორმაგებაში. დღეისათვის ჩვენი წინადადებაა, მოხდეს სულ მცირე ნახევარი ტრილიონი ევროს მოცულობის ინვესტიციების გამოყოფა 5 წლის განმავლობაში და  ყურადღება გამახვილდეს მდგრად ინვესტიციებსა და ტრანსსასაზღვრო პროექტებზე.  ევროკავშირის წევრი ქვეყნების დაინტერესების შემთხვევაში შესაძლებელია ამ თანხების კიდევ უფრო სწრაფად გაორმაგება 630 მილიარდ ევრომდე და სწორედ ესაა ჩვენი მიზანი.  

არანაკლებ მნიშვნელოვანია იმავე პრინციპების გამოყენება ევროპის კონტინენტის გარეთ, ახალი ,,საგარეო საინვესტიციო გეგმის“ საშუალებით.

,,თუკი ევროპის სამეზობლოს გადავხედავთ, დავინახავთ უზარმაზარი პოტენციალის მქონე რეგიონებს, რომლებშიც გაბატონებულია სიღარიბე, მძვინვარებს ომები, დანგრეულია ინფრასტრუქტურა და სუსტია მმართველობა. მილიონობით ახალგაზრდა უკეთესი შესაძლებლობების ძიებაშია. მიზნის მისაღწევად ისინი დიდ რისკზე მიდიან და სიცოცხლის ფასად ცდილობენ ევროპაში გამგზავრებას. ახალგაზრდობის ნაწილი ხშირად ტერორისტული ჯგუფების სამიზნე და პროპაგანდის მსხვერპლი ხდება.   

ამ ნეგატიური ტენდენციის შეჩერება ევროკავშირს ზრდის სტიმულირებითა და რეგიონში სამუშაო ადგილების შექმნით შეუძლია.  მთელ მსოფლიოში ასობით ათასი ადამიანია დასაქმებული ევროპულ კომპანიებში. ამ ადამიანებს შესაძლებლობა ეძლევათ, მიაღწიონ წარმატებას საკუთარ ქვეყანაში და დაეხმარონ მიგრაციის ძირითი მიზეზების აღმოფხვრაში.

ინვესტიციები საგარეო პოლიტიკის სწორი და გონივრული ნაწილია. იმისთვის, რომ კერძო კომპანიებმა ახალ ქვეყნებში მუშაობის დაწყება და თავიანთი ბიზნესის გაფართოება შეძლონ, მათ ესაჭიროებათ უსაფრთხოება და ფინანსური და სამართლებრივი რისკებისა და არასტაბილურობისგან დაცვა.

სწორედ აქ იკვეთება ,,საგარეო საინვესტიციო გეგმის“ მნიშვნელობა. ევროკავშირის ბიუჯეტიდან გამოყოფილი 1.4 მილიარდი ევრო არის გარანტია, რომელიც შესაძლებელს გახდის 40 მლნ ევროს ინვესტირებას ჩვენს სამეზობლოში.  ეს უფრო მეტია, ვიდრე ევროკავშირის მიერ ყოველწლიურად მსოფლიოს მასშტაბით გამოყოფილი ინვესტიციები. თუკი ევროკავშირის წევრი ქვეყნები იმავე მოცულობის ბიუჯეტს გამოყოფენ, ეს თანხა შესაძლოა გაორმაგდეს.

,,მდგრადი განვითარების ევროპული ფონდი“ გარანტიას შეუქმნის ინვესტორებს განვითარებად ქვეყნებში ბიზნესის დაწყებისას გაღებული რისკის დასაფარად.  ეს გარანტია არა მარტო თითოეულ პროექტს შეუწყობს ხელს, არამედ გახსნის ,,საინვესტიციო ფანჯრებს“  სტრატეგიულ რეგიონებსა თუ სექტორებში.    

,,ერთი ფანჯრის“ პრინციპი ხელს შეუწყობს კერძო და ინსტიტუციურ ინვესტორებს როგორც ევროპიდან, ისე პარტნიორი  ქვეყნებიდან წინანადებების სწორი მიმართულებით წარმართვასა და თავიანთი ინიციატივებისთვის ინფორმაციის შეგროვებაში. ,,ევროპის საგარეო საინვესტიციო გეგმა“ ითვალისწინებს ტექნიკური დახმარების გაწევას პროექტების ხარიხის, რაოდენობისა და მდგრადობის გასაუმჯობესებლად. ევროკომისია, ევროპის საინვესტიციო ბანკი და სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები –კერძო ოპერატორების მხრიდან პროფესიული კონსულტაციების საშუალებით – მჭიდროდ ითანამშრომლებენ ბიზნესზე ორიენტირებული პროექტების სწრაფი სკრინინგის საკითხში.  

პროექტების ადგილზე განხორციელება მოხდება ევროკავშირისა და მისი პარტნიორების მტკიცე მხარდაჭერით. ყოველ კონკრეტულ ქვეყნაში მუშაობის გზით ევროკავშირს შეუძლია დაეხმაროს ბიზნესგარემოს გაუმჯობესებას მთელ მსოფლიოში. ინვესტიციებთან ერთად ჩატარდება პოლიტიკის შესახებ დიალოგები და განხორციელდება შესაძლებლობების გაზრდაზე მიმართული საქმიანობა.  ჩვენი საქმიანობა იქნება შეკრული, კარგად კოორდინირებული და სრულად მიესადაგება საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის  კონტექსტს.  

,,საგარეო საინვესტიციო გეგმის“ ფარგლებში უფრო მაღალ საფეხურზე იქნება განხილული ევროკავშირის დახმარების პოლიტიკა. მდგრადი განვითარებისთვის ფინანსური დახმარების  გაზრდასთან ერთად გვჭირდება კერძო სექტორის ჩართულობა.

ჩვენ ამაზე უკვე შევთანხმდით, როდესაც დახმარება გავუწიეთ ,,ადის აბებას სამოქმედო დღის წესრიგისა“  და ,,მდგრადი განვითარების მიზნების“ შემუშავებას. ჩვენს პარტნიორებთან ერთად ევროპის სამეზობლოსა და აფრიკაში  შეგვიძლია დახმარება გავუწიოთ ახალგაზრდებს თავიანთი პოტენციალის გამოყენებაში, ევროპული კომპანიებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნის პროცესში. დღეს ევროპის მიერ წარმოებული განვითარების პოლიტიკის ახალი ეტაპი იწყება. იმ წვლილს შეიტანს უფრო დიდ საქმეში, რასაც ევროკავშირის თანხების გამოყენების საუკეთესო გზების ძიება ჰქვია როგორც ევროკავშირის ფარგლებში, ისე მის საზღვრებს გარეთ.  

მასალების გადაბეჭდვის წესი