დელეგაციის ხელმძღვანელმა ლუკა ვოლონტემ 2012 წლის პირველი ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა:
“პირველი ოქტომბრის არჩევნები საქართველოში მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისთვის, ეს არის ლაკმუსის ტესტი ქვეყნისთვის სამომავლო დემოკრატიული ღირებულებებისა და პრინციპების ნათელსაყოფად. წინასაარჩევნო დელეგაცია მიესალმება კონკურენტულ და პლურალისტულ გარემოს, რომელიც მისცემს ამომრჩეველს საშუალებას გააკეთოს რეალური არჩევანი”, – განაცხადა ვოლონტემ, თუმცა მისი თქმით, დელეგაცია გამოხატავს შეშფოთებას იმასთან დაკავშირებით, რომ არის გაზრდილი პოლარიზაცია და ანტაგონიზმი წინასაარჩევნო გარემოში, რაც წინასაარჩევნო კამპანიას ჩრდილავს:
“პარტიებმა თავი უნდა შეიკავონ ასეთი ქმედებებისგან და ფოკუსირებული იყვნენ ამომრჩეველთა ინფორმირებაზე და საკუთარი პროგრამების მათთვის გაცნობაზე. დემოკრატიულ არჩევნებს სჭირდება ღია და ინკლუზიური წინასაარჩევნო გარემო, რომელშიც ყველა პარტიას ექნება პრიორიტეტების გამოხატვის თანაბარი შესაძლებლობა. მთავრობამ და ყველა საარჩევნო მოთამაშემ უნდა გადადგას მნიშვნელოვანი ნაბიჯები იმისთვის, რომ შეინარჩუნოს კონსტრუქციული გარემო”, – განაცხადა ვოლონტემ.
დელეგაცია მოუწოდებს პარტიებს თავი შეიკავონ ნებისმიერი ქმედებისგან, რომელიც დაძაბულობას გაზრდის.
დელეგაციამ, ასევე, მოუწოდა ხელისუფლებას გააგრძელონ მუშაობა და აღმოფხვრან წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტები.
დელეგაცია ემხრობა ორგანიზაცია “რაპორტერის განცხადებას სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ადმინისტრაციული ჯარიმების დაწესების თაობაზე და მიესალმება ხელისუფლების გადაწყვეტილებას ოპოზიციური პარტიების მიმართ დაწესებული ჯარიმების გაუქმებასთან დაკავშირებით:
“მასმედია მნიშვნელოვან როლს თამაშობს საარჩევნო პროცესებში, ამ თვალსაზრისით დელეგაცია მიესალმება გაუმჯობესებულ პლურალიზმს მედია გარემოში”, – განაცხადა ვოლონტემ, ამის ნათელსაყოფად მან “მასთ ქერისა” და “მასთ ოფერის” კანონები მოიყვანა მაგალითად, დელეგაცია მიიჩნევს, რომ ეს კანონები არა მხოლოდ წინასაარჩევნოდ, არამედ არჩევნების შემდგომ პერიოდშიც უნდა მოქმედებდეს.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასაბლეის წინასაარჩევნო დელეგაციის წევრები არიან კრისტოფერ ჩოპი დიდი ბრიტანეთიდან, მერიტფელ მატეიპი – ანდორა, ბორის სილევიკი – ლატვია და მიშელ ასტრუფ ჯენსენი – დანია. დელეგაციის წევრებს კომენტარი არ გაუკეთებიათ, მათი განცხადებით, წინასაარჩევნოდ ეს შეიძლება არასწორდ იქნას გაგებული სხვადასხვა პარტიების მხრიდან.
დელეგაცია საქართველოს არჩევნების დღემდე კვლავ ესტუმრება.