“ჩვენ მათ შევხვდით იმისთვის, რომ გვეთხოვა არჩევნების სამართლიანად უზრუნველყოფა, რათა ყველა პოლიტიკურმა პარტიამ მიიღოს საარჩევნო პროცესებში მონაწილეობა. გზავნილი ახლაც იდენტურია, აშშ მხარს უჭერს ქართველი ხალხის სურვილს, ჩვენ არ ვანიჭებთ უპირატესობას რომელიმე პოლიტიკურ პარტიას ან პოლიტიკურ ლიდერს. აშშ გააგრძელებს თანამშრომლობას იმ ლიდერებთან, ვისაც აირჩევს ქართველი ხალხი. ეს არჩევნები მნიშვნელოვანია საქართველოს ევროატლანტიკურ ორგანიზაციებში სწრაფვის და გაწევრიანების კუთხით,” – განაცხადა მელიამ
სახელმწიფო მდივნის მოადგილემ აღნიშნა, რომ დინამიური დემოკრატიის შენების პროცესი არ მთავრდება მხოლოდ არჩევნების დროს და ხაზი გაუსვა რამდენიმე საკითხს, რომელიც დემოკრატიული არჩევნების უზრუნველსაყოფადაა საჭირო.
პირველი პრინციპი – ეს არის თანაბარი სათამაშო ველის უზრუნველყოფა პოლიტიკურ პარტიებს. მელიას შეფასებით, მიუხედავად უკანასკნელ თვეებში გამოვლენილი ხარვეზებისა, წინასაარჩევნო პროცესი მიმდინარეობს კონკურენტულ გარემოში.
მეორე პრინციპის თანახმად, პოლიტიკური გარემო ხელს უნდა უწყობდეს კანონის უზენაესობის და სამართლიანი არჩევნების უზრუნველყოფას.
“ჩვენ მოვუწოდებთ, რომ ყველა პოლიტიკურმა პარტიამ დაიცვას კანონი სრულფასოვნად”.
მესამე პრინციპი ფუნდამენტური პრინციპების პატივისცემაში მდგომარეობს, რაშიც მშვიდობიანი დემონსტრაციის, პროტესტის, შეკრების და გამოხატვის თავისუფლების გამოხატვა იგულისხმება, რომელიც მნიშვნელოვანი ნაწილია დემოკრატიული სამყაროსთვის.
“ყველა პოლიტიკური პარტიისგან მივიღეთ ინფორმაცია, რომ მათ აქვთ თავისუფლად იმოგზაურონ ქვეყანაში, ჩაატარონ საარჩევნო შეხვედრები და ამომრჩეველს მიაწოდონ მათი გზავნილები. ჩვენ პარტიებს ვთხოვთ თავი შეიკავონ ძალადობისგან და აიცილონ პროვოკაციები”
თომას მელიამ მეოთხე პრინციპად მედიის ხელმისაწვდომობა დაასახელა. იგი მიესალმება, იმ საარჩევნო რეფორმებს, რომელიც გულისხმობს მედიის ხელმისაწვდომობას თავად პოლიტიკური პარტიებისთვის წინასაარჩევნო პერიოდში. მელია, ასევე, აღნიშნავს, რომ მხარს უჭერს “მასთ ქერის” გაგრძელებას არჩევნების დღეს და შემდგომ პერიოდში, როდესაც არჩევნების შედეგების და დავების განხილვა მოხდება.
ბოლო პრინციპად, ჰილარი კლინტონის მოადგილემ კონსტრუქციული ჩართულობა დაასახელა. მელიას განცხადებით, პარტიებისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, აქვთ სრული მოლოდინი, რომ უსაფრთხოებისა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები იმოქმედებენ სრულყოფილად, რათა არჩევნების დღე და მისი შემდგომი პერიოდი მშვიდობიანად განვითარდეს.
მელიამ შეახსენა ყველა პარტიას, რომ არჩევნების შემდეგ მათ ერთობლივად მოუწევთ მუშაობა ახალ პარლამენტში იმისათვის, რომ საქართველოში ეკონომიკური და დემოკრატიული პროცესების პროგრესი განხორციელდეს:
“ჩვენ ვითანამშრომლებთ ყველა დემოკრატიული გზით არჩეულ ხელისუფლებასთან, რომელიც ქართველი ხალხის არჩევანი იქნება”.