შოთაძე: სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულთან ბრძოლა ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია

საქართველოს მთავარი პროკურორი, ირაკლი შოთაძე დღეს, 28 ნოემბერს, დახურულ სხდომაზე საპროკურორო საბჭოს წევრებს საქმიანობის ანგარიშს წარუდგენს. ეს საპროკურორო საბჭოს წინაშე შოთაძის რიგით მეორე ანგარიშია.

სხდომა იუსტიციის სამინისტროში უკვე დაიწყო.

“ანგარიშში იქნება საუბარი პროკურატურის საქმიანობაზე ამ პერიოდის განმავლობაში, ჩვენს სისტემაში განხორციელებულ რეფორმაზე, ჩვენი სისტემის განვითარებისთვის გადადგმულ ნაბიჯებზე, ასევე, ჩვენი თანამშრომლების, პროკურორების თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და განვითარებისთვის გადადგმულ ნაბიჯებზე, პროკურატურის სხვა პრიორიტეტულ მიმართულებებზე.

ძირითადად საუბარი იქნება კოლეგიური ორგანოს, საკონსულტაციო საბჭოს საქმიანობაზე, რომლის ფარგლებში უკვე ერთი წელია, რაც ხდება საქართველოს პროკურატურის თანამშრომლების დისციპლინური ზომების გამოყენების და წახალისების ზომების რეკომენდაციების შემუშავება. ეს საკონსულტაციო ორგანო საკმაოდ ეფექტურად მუშაობს და ერთ-ერთი გარანტიაა, მას შემდეც, რაც მე დავინიშნე ამ თანამდებობაზე, რომ საქართველოს პროკურატურის თანამშრომლების მიმართ დისციპლინური დასჯის ღონისძიებების გატარება არ ხდება ერთპიროვნულად, მხოლოდ ჩემი გადაწყვეტილებით,”- განაცხადა ირაკლი შოთაძემ სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისივე თქმით, საბჭოს სხდომაზე ასევე ისაუბრებს, რა მიდგომები აქვს პროკურატურას კონკრეტული დანაშაულების მიმართ:

“აქ საუბარია როგორც სისხლის სამართლებრივი დევნის განხორციელებაზე, ასევე, აღკვეთის ღონისძიებების სახეების გამოყენებაზე და საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე. კონკრეტულად, საუბარი იქნება იმ პრიორიტეტულ დანაშაულებზე, რომლებზეც ჩვენ ვახორციელებთ მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას. ეს არის ძალადობრივი დანაშაულები, ეს არის კორუფციული დანაშაულები,”- განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

მისივე თქმით, კარგი ტენდენციებია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების მიმართულებით. შოთაძემ განაცხადა, რომ ანგარიშში ამ სტატისტიკის შესახებ დეტალურად არის საუბარი.

შოთაძემ ასევე აღნიშნა, რომ ანგარიში ეხება სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულსაც.

“ჩემს ანგარიშში მოცემულია სწორედ სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის მიმართ ჩვენ მიერ განხორციელებული სისხლის სამართლებრივი დევნა. ეს არის ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი. ჩვენი პროკურორების გადამზადება მოხდა ამ მიმართულებით, რათა სისხლის სამართლებრივი დევნის განხორციელება მსგავს დანაშაულებზე იყოს მაქსიმალურად ეფექტური. გამოცემულია შეაბამისი რეკომენდაცია და ის სტატისტიკური მონაცემები, რომლებიც გვაქვს, მოცემულია ამ ანგარიშში… წინა წლებთან შედარებით ჩვენი ბრძოლა მსგავს დანაშაულთან გაცილებით უფრო ეფექტურია,”- განაცხადა შოთაძემ.

შოთაძის თქმით, ანგარიში საპროკურორო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამოქვეყნდება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი